"მშობლების უმრავლესობა ვერ ეხმარება შვილს დავალებების შესრულებაში. ზოგმა სიტყვის დამარცვლა არ იცის და ზოგს ამოცანა მაგალითი ჰგონია" - რატომ სჭირდებათ რეპეტიტორები დაწყებითი კლასების ბავშვებს
რეპეტიტორთან მომზადება სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს აღარვის უკვირს. თუმცა ბოლო დროს ე.წ. „მომზადების“ ასაკი თანდათან შემცირდა. ადრე თუ ძირითადად, უფროსკლასელები დადიოდნენ რეპეტიტორებთან, დღეს დაწყებითი კლასის მოსწავლის „მომზადებაც“ ჩვეულებრივიო მოვლენა გახდა.
რატომ სჭირდებათ ბავშვებს პირველი კლასიდანვე მომზადება, როცა ერთი შეხედვით პროგრამა მარტივია, არც ნიშნებს წერენ და არც ბევრ საგანს სწავლობენ. ამ საკითხზე თავიაბნთი მოსაზრებები მშობლებმა და მასწავლებლებმა სოციალურ ქსელში გამოთქვეს:
„აბიტურიენტობამდე თუ არავინ არ ვემზადებოდით, ახლა რატომ არის საჭირო ბავშვების პირველი კლასიდან მომზადება? როცა დღევანდელი სასწავლო პროგრამა გაცილებით პრიმიტიულია, იმიტომ ხომ არა, რომმშობლების უმეტესობას ეზარება, დაწყებით კლასებში დაეხმარონ შვილებს, მიაჩვიონ რეჟიმს, გამოუმუშავონ დამოუკიდებლად მეცადინეობის უნარ-ჩვევები... სხვა რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს? ახლანდელი ბავშვები გონებრივად ძალიან კარგად არიან განვითარებული და მინიმალური დროისა და ენერგიის დახარჯვის შემთხვევაშიც კი ხედავ, რა ადვილად ითვისებენ ყველაფერს!“
„ვინც მუშაობს, ისინი უფრო პოულობენ დროს შვილების მეცადინეობისთვის და ძალიან ბევრია ისეთი, საერთოდ რომ არ მუშაობს და მაინც რეპეტიტორებს ეძებს შვილებისთვის!“
„დღევანდელ ბავშვთან მუშაობისას დიდი ნებისყოფაა საჭირო, რაც მშობელს არ გააჩნია, პედაგოგები ამ მხრივ შემზადებულნი არიან და ბავშვთა ფსიქოლოგიაც უკეთ ესმით, სწავლების მეთოდიკაზე აღარ ვისაუბრებ. დღეს საშოვარს გადაყოლილი მშობლები გვყავს, ვერც გაამტყუნებ მათ.“
„რეალურად დაწყებითი კლასი ბავშვებისთვის უნდა იყოს "თავისუფლების წართმევის შემგუებლობის" პერიოდი. არ უნდა ეძლეოდეთ დავალებები, ზედმეტი ტვირთის სახით (ასაკიდან გამომდინარე.) ორიენტირებული უნდა იყოს საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, ჯგუფური მუშაობის დადებითი მხარეების პრაქტიკაში დანერგვაზე, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, მადლიერების გამოხატვის უნარის ჩამოყალიბებაზე, ცხოვრების და ურთიერთობებში დადებითი მხარეების დანახვაზე, ისეთი პრაქტიკული ჩვევების დანერგვაზე, რომლებიც პიროვნებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
„ჩემსას პირველ კლასში პირველივე გაკვეთილად დაწყებული, მინიმუმ, ნახევარგვერდიანი ციფრები და დამატებით შემდეგ მაგალითები ჰქონდა დასაწერი. ქართულშიც არანაკლები. ვთვლი, რომ ძალიან სტრესი იყო ბავშვებისთვის ამხელა დავალებები და მასწავლებელს სულ ვთხოვდით შემცირებას მაგრამ დროებითი იყო შემცირებაც. რომ ვუყურებდი ბავშვის რვეულებს, მეცოდებოდა, ხელი ეღლებოდა წერით და იმდენ ხანს ჯდომაც უჭირდა 6 წლის ბავშვს, საშინელება იყო.“