"მინდა, დავამშვიდო სტუდენტები... ეს გადაწყვეტილება საქართველოში გაცემული დიპლომების კვალიფიკაციის აღიარებას და გაცვლითი პროგრამების გაუქმებას არ უკავშირდება" - მარგიშვილი
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა. რეგისტრაციის შეჩერება EQAR-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა ასახული. EQAR-ის ვებგვერდის თანახმად, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აქტივობები ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პრინციპების (ESG) ფარგლებში მოიცავდა: საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ერთობლივი პროგრამების აკრედიტაციას, უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ავტორიზაციას (ან ხელახლა ავტორიზაციას) და ევროპულ მიდგომას ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველსაყოფად.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა მარგიშვილის განცხადებით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში ცენტრისთვის რეგისტრაციის გაუქმება საქართველოში გაცემული დიპლომების კვალიფიკაციის აღიარებას, გაცვლითი პროგრამების გაუქმებას ან საერთაშორისო გრანტების შეჩერებას არ უკავშირდება.მარგიშვილის განმარტებით, რეგისტრაციის შეჩერება უკავშირდება ENQA-ს მიერ ცენტრის დამოუკიდებლობის თაობაზე სტანდარტთან შეუსაბამობის დადგენას.
"მინდა, დავამშვიდო საზოგადოება, სტუდენტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არანაირად არ უკავშირდება საქართველოში გაცემული დიპლომების კვალიფიკაციების აღიარების საკითხი. ცენტრი წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული რეესტრის EQAR-ს წევრ ორგანიზაციას 2019 წლიდან. ასევე, 2019 წელს ცენტრი ასევე გახდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის, ENQA-ს წევრი. 2023 წლეს განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა გაიარა მორიგი შეფასება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. 11 სტანდარტთან მიმართებით ცენტრი შეფასდა როგორც სრულად შესაბამისობაშია მოთხოვნებთან. 2 სტანდარტთან მიმართებით - ეს ეხება ცენტრის დამოუკიდებლობას და ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოების საქმიანობას, საერთაშორისო პარტნიორებმა შეგვაფასეს როგორც ნაწილობრივ შესაფერისი. ამის შემდეგ, ENQA-ს შეფასების კომიტეტმა და EQAR-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთ სტანდარტში, დამოუკიდებლობის ნაწილში, ცენტრი შეფასებულიყო როგორც - „არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან“. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არავითარი გავლენა არ აქვს დიპლომების და კვალიფიკაციის აღიარების საკითხთან.
როგორც 2019 წლამდე იყო საქართველოში გაცემული დიპლომები აღიარებული საერთაშორისო დონეზე, კვლავ იმგვარად იქნება აღიარებული ჩვენი დიპლომები. გუშინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე EQAR-ის გადაწყვეტილება რამენაირად უკავშირდება საერთაშორისო ერთობლივი გაცვლითი პროგრამების გაუქმებას, ბოლონიის პროცესში საქართველოს წევრობის შეჩერებას, კერძო უნივერსიტეტების გაუქმებას, საერთაშორისო გრანტების შეჩერებას - არც ეს არის სწორი ინფორმაცია. ჩამოთვლილთაგან არცერთს არ უკავშირდება ცენტრისთვის EQAR-ში რეგისტრაციის შეჩერება“,- განაცხადა მარგიშვილმა.
ჭავჭავაძის ცენტრის გამგეობის წევრი ქეთი ქურდოვანიძე აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და განათლების სისტემაში მოსალოდნელი ნეგატიური პროცესების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.მისი თქმით, შეჩერდება ევროპული და ამერიკული აკრედიტაციები, სასწავლო პროგრამები, მნიშვნელობას დაკარგავს ქართული დიპლომი და ა.შ.
„რა მოუვა განათლების სისტემას:
1. გაუუქმდება ყველა ევროპულ და ამერიკულ სკოლას უცხოური აკრედიტაცია
2. ყველა საერთაშორისო უნივერსიტეტს გაუუქმდება საერთაშორისო სტატუსი
3. დაირღვევა ჩვენი მონაწილეობა ბოლონიის პროცესში
4. შეჩერდება ყველა უცხოური საგანმანათლებლო პროგრამა
5. შეჩერდება ყველა საგანმანათლებლო საგრანტო პროგრამა
7. შეჩერდება გაცვლითი პროგრამები
9. ფარატინა ქაღალდად იქცევა ქართული უნივერსიტეტების დიპლომი
9. შეწყდება კვლევებისა დაფინანსება
10. გაჩერდება ლუგარის ლაბორატორია
11. დიდ დარტყმას მიიღებს საგამომცემლო სექტორი
12. შეჩერდება უცხოური მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა
13. ჩვენი მეცნიერები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში
14. სამეცნიერო ჟურნალებს გაუუქმდება საერთაშორისო გრიფირება
15. შეჩერდება სასერტიფიკაციო გამოცდები უცხო ენაში
16. ხელმისაწვდომი აღარ იქნება SAT-ის ან GMAT-ის გამოცდები
17. დაიწყება ტვინების გადინების ახალი ტალღა.
18. კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება სამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
19. გაღრმავდება ტექნოლოგიური ჩამორჩენა
20. ისედაც ცენტრალიზებული საგანმანათლებლო სისტემა სრულიად დაკარგავს დივერსიფიცირების ნიშნებსაც კი.
21. ნელ-ნელა გაქრება ყველა კერძო უნივერსიტეტი
22. აღდგება კორუფცია და “ჩაწყობები”ეს მცირე ჩამონათვალი, რაც გველის“, - აღნიშნავს ქეთი ქურდოვანიძე.