რამდენად ეკონომიურია მზის პანელები და რა ღირს მათი დამონტაჟება საქართველოში
თორნიკე დარჯანიამ 300ვტ სიმძლავრის მზის პანელები საკუთარი საცხოვრებელი სახლის სახურავზე თავად დაამონტაჟა. პანელებს 20ვტ-იანი ნათურის შემთხვევაში, 15 მათგანის, ხოლო 60 ვტ-იანის შემთხვევაში, 5 მათგანის განათება შეუძლია, შესაბამისად, ელექტროენერგიის გადასახადის დაზოგვა ხდება.
მზის პანელის ასაწყობად, თორნიკე დარჯანიას დაახლოებით, 1 საათი დასჭირდა. მისი თქმით, მზის პანელის აწყობა-დამონტაჟების ღირებულებამ, დაახლოებით, 150$ შეადგინა, თუმცა, გამზადებული პანელი რომ გამოეწერა, დაახლოებით 500$-ს გადაიხდიდა.
"მზის პანელის ფუქნციონირებისთვის რამდენიმე ტიპის სისტემა არსებობს.
დენი, გამომუშავების შემდეგ, უნდა მოიხმარო, აკუმლატორში დააგროვო ან გასცე. როდესაც ელექტროენერგია არ გესაჭიროება და გამორთული გაქვს, მზის პანელები ელექტროენერგიას მაინც გამოიმუშავებს, ამ დროს დენი იკარგება, მისი აკუმლატორში დაგროვება კი ფინანსებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, როდესაც ელექტროენერგიას გამოიმუშავებ, მაგრამ არ მოიხმარ, შეგიძლია ის "ნეტო აღრიცხვის ქსელში" ჩაუშვა და საჭიროების შემთხვევაში ის უკან დაგიბრუნდება.
მაგალითად, თუ მე ქსელს 1 500ვტ ელექტროენერგიას მივცემ, მზე რომ ჩავა და პანელები ფუნქციონირებას შეწყვეტს, მე დენს საერთო ქსელიდან მოვიხმარ და 1 500 ვტ უკან დამიბრუნდება, ისე რომ ელექტროენერგიის გადასახადზე არ აისახება,"-აღნიშნავს თორნიკე დარჯანია.
"ნეტო აღრიცხვის ქსელში" ჩართვის შემთხვევაში, "სემეკის" მიერ შემუშავებული ანგარიშსწორების მიხედვით, ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება საანგარიშო წლის ბოლო თვეს კონკრეტული გამანაწილებელი კომპანიის მიერ დადგენილ სამომხმარებლო ტარფში გათვალისწინებული შესყიდული ელექტროენერგიის ფასით მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ მიწოდებული ენერგია, ქსელიდან მოხმარებულზე მეტია, მიწოდებული ჭარბი ენერგია მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში აისახება, ხოლო თუ პირიქით მოხდა, მომხმარებელი გამანაწილებელ კომპანიასთან ანგარიშსწორებას სხვაობის შედეგად მიღებული ენერგიის რაოდენობაზე ახდენს.
აღნიშნული დადგენილება 8 თვის წინ ამოქმედდა, შესაბამისად, თუ ელექტროენერგიას თავად გამოიმუშავებთ, შეგიძლიათ, გაყიდოთ კიდეც.
მზის პანელების არამხოლოდ ნათურების ასანთებად, არამედ წყლის გასაცხელებლად გამოყენებაც შეგიძლიათ.
ინჟინერ-ტექნიკოსის, მალხაზ კურკუმულის თქმით, სისტემა ნელ-ნელა პოპულარული ხდება, მისი უპირატესობა კი თანხის დაზოგვაა. წყლის გასაცხელებლად ელექტროენერგიას ან ბუნებრივ აირს საერთოდ არ გამოიყენებთ, საცხოვრებლის გასათბობად კი ბუნებრივი აირის გადასახადის 35% დაგეზოგებათ.
"პანელები ზღვის დონიდან რაც უფრო მაღლა დამონტაჟდება, უფრო ეფექტურია, რადგან ჰაერი მეტად გამჭვირვალეა.
-40 გრადუსი ყინვაც რომ იყოს, მზე ენერგიას მაინც გვაძლევს. პრობლემა ისაა, რომ ადრე კორეული მზის პანელები შემოდიოდა, ახლა ჩინური შემოდის და მათ შორის ხარისხშია სხვაობა, ამიტომ სპეციალისტს უნდა მიმართოთ,"-განმარტავს მალხაზ კურკუმული.
როგორც გაირკვა, წყლის გასაცხელებლად კერძო სახლში მზის პანელები დაყენება 500 ლარი ღირს, ხოლო გათბობის სისტემისთვის, 100 კვ.მ ფართზე 6 500 ლარია საჭირო.
"კორპუსებს რაც შეეხება, არის მოდელები, რომლებიც აივანზე ან კორპუსის თავზე მონტაჟდება,"-აღნიშნავს სპეციალისტი.
ენერგეტიკოს ლია ელიავას თქმით, მზის პანელების გამოყენება თანდათან იზრდება და საკითხით კერძო მეწარმეებიც ინტერესდებიან.
"მთავრობამ მზის პანელების დამონტაჟებას, ტექნიკური რეგლამენტი უნდა შეუდგინოს და უსაფრთხოების ნორმების დასაცავად ღონისძიებები გაატაროს,"-აცხადებს ის და დასძენს, რომ განახლებად ენერგიას ევროპის ბევრი ქვეყანა იყენებს და ამის პოტენციალი საქართველოსაც აქვს.
აღსანიშნავია, რომ გარდა ფიზიკური პირებისა, ნეტო აღრიცხვის პროგრამაში რამდენიმე მუნიციპალიტეტი და 7 საწარმო უკვე ჩაერთო, 8 საწარმო კი ქსელთან მიერთების პროცედურებს გადის.