NASA იმ ქალაქებს ასახელებს, რომლებიც ყინულის დნობის შედეგად დაიტბორება
ნასას მეცნიერებმა პირველი პროგრამა შექმნეს, რომელსაც მყინვარების დნობის შედეგად დატბორვის სავარაუდო არეალების დადგენა შეუძლია. მკვლევარების მიერ შემუშავებულ პროგრამას პროგნოზის შედეგად იმ ძირითადი ქალაქების დასახელება შეუძლია, რომლებსაც ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრებათ.
პროგრამა დატბორვის სავარაუდო არეალების განსაზღვრისას ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს ითვალისწინებს, როგორიც საკუთარი ღერძის გარშემო დედამიწის ბრუნვის სიჩქარე და გრავიტაციული ზემოქმედებაა.
"ეს ვირტუალური ინსტრუმენტი ყველა მსხვილი ქალაქისთვის ნათელ სურათს ქმნის, თუ როგორ ზეგავლენას იქონიებს მათზე მყინვარების დნობა"- ნათქვამია პროგრამის ავტორების წერილში, რომელიც ჟურნალ Science Advances-შია გამოქვეყნებული.
"სხვადასხვა ქალაქისა და ქვეყნების ხელმძღვანელები ცდილობენ სავარაუდო დატბორვის მასშტაბები შეაფასონ, რათა მომავალი 100 წლისთვის განვითარების გეგმა შეიმუშავონ, მათ სურთ რისკების შეფასების შესაძლებლობა ჰქონდეთ, ზუსტად ისევე, როგორც ამას სადაზღვეო კომპანიები აკეთებენ "- განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ერიკ აივინსმა.
მისივე განმარტებით, ახალი ვირტუალური პროგრამა ქვეყნის ოფიციალურ პირებს საშუალებას აძლევს გაიგონ, კონკრეტულად რომელი მყინვარების დნობა შეუქმნით მათ ყველაზე დიდ საფრთხეს. მაგალითად, ლონდონის შემთხვევაში, ზღვის დონის მატება, ძირითადად, გრენლანდიის ჩრდილო- დასავლეთ რაიონებში მდებარე მყინვარების ფართობის ცვლილებაზეა დამოკიდებული.
ნიუ-იორკს კი საფრთხეს გრენლანდიის ყინულოვანი საფარის ნებისმიერი მონაკვეთის დნობა უქმნის.
მეცნიერების განმარტებით, ახალი ვირტუალური ინსტრუმენტი პირველად იძლევა ვიზუალური წარმოდგენის შექმნის შესაძლებლობას, რომელის წინაშეც დედამიწა რთული გლობალური პროცესების შედეგად დგება.