საქართველოში დრონების წარმოებას იწყებენ
"G-დრონი" ახალი სტარტაპია, რომელიც ქართული წარმოების დრონების დამზადებას უზრუნველყოფს. დრონები როგორც მცირე ზომის, ისე დიდი, პროფესიონალური და სამოყვარულო იქნება.
როგორც "G-დრონის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, უჩა აბაშიძე Allnews.ge-სთან განმარტავს, საქართველოში დრონების აწყობის მიმართულებით დიდი გამოცდილება არ არსებობს, უცხოეთში კი ეს უკვე დიდი ხანია ბიზნესად იქცა, შესამაბისად, ჩვენი ქვეყნისთვის აღნიშნული სტარტაპი ინოვაციურია.
"საკუთარი გამოცდილებითა და დაკვირვებით დრონებთან დაკავშირებით საკუთარი ნიშა აღმოვაჩინეთ. გავაკეთეთ კორპუსი, რომლითაც ჩინეთი დაინტერესდა და ახლა ერთ-ერთ ქარხანაში იწარმოება. სწორედ აქედან გამომდინარე გაგვიჩნდა აზრი, რომ საქართველოშიც გვეცადა წარმოება. სანამ მსოფლიოს ამ თვალსაზრისით ჩამოვრჩით ისე, რომ ვეღარ დავეწიოთ, გადავწყვიტეთ, რომ დრონების წარმოება ჩვენს ქვეყანაშიც დაგვეწყო", - აღნიშნავს ის.
დრონებს როგორც გასართობი, სათამაშო და სამოყვარულო, ისე პროფესიონალური დანიშნულება ექნება, მათი ნაწილის გამოყენება როგორც დახურული სივრცის პირობებში, ისე შეჯიბრებზე იქნება შესაძლებელი, - "როგორც ავტომობილების, ისე დრონების შემთხვევაში არსებობს შეჯიბრი სისწრაფეზე და დრონმა გასამარჯვებლად თაღში უნდა გაიაროს. სწორედ ამიტომ დრონით ბევრი ადამიანი ინტერესდება, ამ პროცესში კი ისინი დრონის აწყობასა და ელექტრონიკას თავადაც სწავლობენ. ასევე გვექნება დრონები, რომელთა აფრენაც სახლშიც იქნება შესაძლებელი, რათა ბავშვები გაერთონ" - დასძენს უჩა აბაშიძე.
ქართული წარმოების დრონების ნაწილების შექმნა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ჩინეთში განხორციელდება, თუმცა მათი საბოლოო ვარიანტი საქართველოში დამზადდება.
"არსებობს ელექტრონული ნაწილები, სქემები და მიკროსქემები, რომლებსაც საქართველოში კი არა, იმ ფასად ვერსად ვერ აწარმოებენ, რა ფასადაც ჩინეთში იწარმოება, ამიტომ მათ მთელი მსოფლიო ჩინეთიდან ყიდულობს. ისეთ ნაწილებს როგორიც არის კორპუსი, კამერის სამაგრები და მსგავსი დეტალები ჩვენთან დამზადდება. დასაწყისისთვის კი საქართველოს მოთხოვნების შესაბამისი წარმოება გვექნება".
რაც შეეხება ფასებს, როგორც უჩა აბაშიძე აღნიშნავს, ქართული დრონების შეძენა მსურველთათვის გაცილებით უფრო ხელსაყრელი იქნება, ვიდრე მისი ნაწილების გამოწერა და თავად აწყობა ან უკვე სრული ვარიანტის ყიდვა.
სტარტაპერები წარმოებას თებერვლიდან იწყებენ, პროდუქციაც გაყიდვაში სწორედ ამავე პერიოდიდან ჩაეშვება.
როგორც უჩა აბაშიძე აღნიშნავს, "G-დრონის" ჯგუფი მაღაზიისა და საკვირაო სკოლის გახნასაც გეგმავს, სადაც დრონის მართვის სწავლება იქნება შესაძლებელი.