სერიალ Black Mirror-ის 5 პროგნოზი, რომელიც უკვე ახდა
აშშ-ს პროდიუსერთა გილდიამ გასული წლის საუკეთესო მინი-სერიალად "შავი სარკის" მეოთხე სეზონი დაასახელა. დეკემბრის ბოლოში გამოსული სოციალური ანტიუტოპია უყვება მაყურებლებს ისტორიებს მომავალზე, სადაც ადამიანები ტექნოლოგიებზე და გაჯეტებზე სრულად არიან დამოკიდებულები.
წარმოგიდგენთ სერიალის რამდენიმე ეპიზოდს, სადაც საუბარია ისეთ ტექნოლოგიებზე, რომლებიც უკვე არსებობს, ვითარდება და მალე ძალიან ფართოდ გავრცელდება ჩვენს ცხოვრებაში.
სეზონი 2. ეპიზოდი 1. "მალე დავბრუნდები" (Be Right Back)
ახალგაზრდა ქალი მართა განიცდის მეუღლის, ეშის გარდაცვალებას. ის გადაწყვეტს ისარგელობს ონლაინ-სერვისით, რომელიც გარდაცვლილი მეუღლის განვითარებული ბოტის სახით "გაცოცხლებას" სთავაზობს. ადამიანის შესახებ არსებულ მთელ ინფორმაციას ბოტი მისი სოციალური ქსელებიდან სწავლობს. ის ზუსტად იმეორებს გარდაცვლილი ადამიანის ურთიერთობის მანერას, საყვარელ სიტყვებს და გამონათქვამებს.
რა გვაქვს ამ ეტაპზე?
სამხრეთკორეულმა სტარტაპმა შექმნა აპლიკაცია With me, რომელშიც გარდაცვლილ მეგობართან ან ნათესავთან „სელფის“ გადაღებაა შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა, რომ ამ ადამიანებმა გარდაცვალებამდე 3D-სკანერზე გადაიღონ ფოტო და შექმნან საკუთარი ციფრული კლონი.
სეზონი 3. ეპიზოდი 1. "მოულოდნელი დაცემა" (Nosedive)
ერთ-ერთი ოფისის რიგითი თანამშრომელი ლეისი ცდილობს გახდეს პოპულარული საზოგადოებაში, სადაც ადამიანის მთელი ცხოვრება დამოკიდებულია რეიტინგზე, რომელსაც გარშემო მყოფი ადამიანები ადგენენ (სოციალურ ქსელებში გავრცელებული "მოწონების" ანალოგია). მაღალი რეიტინგის მქონე ადამიანები უპირატესობით სარგებლობენ. დაბალი რეიტინგის გამო ადამიანი შეიძლება არ შეუშვან რესტორანში ან უარი უთხრან ბინის ქირაობაზე. ლეისი რეიტინგის ერთ მეასედს კარგავს და ამის გამო მას თვითმფრინავზე არ აუშვებენ...
რა გვაქვს ამ ეტაპზე?
ჩინეთში უკვე მუშაობს "სოციალური კრედიტის სისტემა", რომელშიც ქვეყნის თითოეულ მაცხოვრებელს ექნება "კეთილსაიმედოობის" პირადი რეიტინგი. ეს სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სრულად 2020 წელს უნდა დაინერგოს.
გეგმის მიხედვით, კარგი საკრედიტო ისტორიისთვის, კანონთან პრობლემების არქონისა და ქველმოქმედებაში მონაწილეობის გამო ადამიანებს დამატებითი ქულები დაერიცხებათ, კომუნალური დავალიანებების, კრედიტების გადახდის დაგვიანების და ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის კი - ჩამოაკლდებათ. "კეთილსაიმედოობის" პირადი რეიტინგი გადაწყვეტს ყველაფერს: სამსახურში მიღებით დაწყებული და საქონლის ფასებით დამთავრებული.
სისტემა ითვალისწინებს სანქციებს. დაბალი რეიტინგის მქონე ადამიანი ვერ იმუშავებს სახელმწიფო სტრუქტურებში, მას არ ექნება სოციალური შეღავათები, მას განსაკუთრებული ყურადღებით შეამოწმებენ საბაჟოზე.
ჯერჯერობით ეს სისტემა სატესტო რეჟიმში ჩინეთის რამდენიმე ქალაქში მუშაობს.
სეზონი 3. ეპიზოდი 2. "სათამაშო ტესტი" (Playtest)
ამერიკელი ტურისტი კუპერი ჩადის ლონდონში, სადაც კარგავს ფულს და ავიაბილეთისთვის საჭირო ფულის მოსაგროვებლად გადაწყვეტს ახალი კომპიუტერული თამაშის გატესტვაში მიიღოს მონაწილეობა.
ის იკეთებს სპეციალურ სათვალეს და მონსტრებით სავსე შემზარავ სახლში ხვდება. აღსანიშნავია, რომ ეს მონსტრები რომელიმე ცნობილი საშინელებათა ფილმის გმირები კი არა, მისი პირადი ნაცნობები არიან. დგება მომენტი, როდესაც ვირტუალური რეალობა იმდენად რეალური ხდება, რომ კუპერი ტკივილს გრძნობს.
რა გვაქვს ამ ეტაპზე?
ვირტუალური და დამატებითი რეალობის სათვალეები და აპლიკაციები ბაზარზე ძალიან პოპულარულია. ის როგორც გართობის სფეროში (თამაშები), ისევე უძრავი ქონებისა და დიზაინს სფეროებში გამოიყენება. მაგალითად, კლიენტს შეუძლია ნახოს, თუ როგორი იქნება საბოლოო ჯამში აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი ან ბინა, რემონტის შემდეგ.
ვირტუალური რეალობაა, როდესაც თქვენ სათვალეს იკეთებთ და აღმოჩნდებით სხვა ადგილას: უდაბნოში, მთაში ან ზღვაზე. დამატებითი რეალობის შემთხვევაში კი თქვენ საკუთარ ოთახში რჩებით, მაგრამ სმარტფონის ეკრანზე ხედავთ არარსებულ ნივთს ან არსებას. ასეთი რეალობის ყველაზე პოპულარული მაგალითია თამაში-აპლიკაცია PokemonGo.
სეზონი 3. ეპიზოდი 6. "ერის სიძულვილი" (Hated in the Nation)
კრიმინალისტების ჯგუფი იძიებს რამდენიმე ადამიანის გარდაცვალებას, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებს: გარდაცვალებამდე ისინი სოციალურ ქსელებში მასობრივი დევნის მსხვერპლები გახდნენ.
პირველი მსხვერპლია ჟურნალისტი ჯო პაუერსი, რომელმაც ერის სიძულვილი ინვალიდ-აქტივისტზე კრიტიკული სტატიის გამო დაიმსახურა. სტატიის გამოსვლის შემდეგ მას საკუთარ სახლში, ყელგადაჭრილს იპოვიან. ექსპერტიზა ჯო პაუერსის ტვინში პატარა ხელოვნურ ფუტკარს აღმოაჩენს. ირკვევა, რომ მილიონობით "ფუტკარი" მთავრობის დავალებითაა შექმნილი. ისინი მინი-კამერებით არიან აღჭურვილები და მოქალაქეებზე თვალთვალისთვის გამოიყენება. მაგრამ პროგრამაზე კონტროლი იკარგება და "ფუტკრები" კლავენ იმას, ვინც საიტ "შედეგების თამაშზე" მომხმარებელთა ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.
რა გვაქვს ამ ეტაპზე?
აქ, პირველ რიგში, საუბარია არა იმდენად ტექნოლოგიებზე, რამდენადაც საზოადოებრივ პროცესებზე. ქსელური ფლეშმობები და კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული კამპანიები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. მკვლელ "ფუტკრებს" ჯერჯერობით არავინ იყენებს, მაგრამ რეპუტაციის შელახვა ამ კამპანიებს უკვე შეუძლია. ხშირ შემთხვევაში ფლეშმობების მიზანი "ცუდი ადამიანების" მხილებაა, მაგალითად, როგორც ეს ამერიკელი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების შემთხვევაში მოხდა. მაგრამ საზოგადოება არაა დაზღვეული იმისგან, რომ მსგავსი კამპანია განხორციელდეს "კარგი" ადამიანების წინააღმდეგაც, თუ ეს ვინმეს ინტერესებში იქნება.
სეზონი 4. ეპიზოდი 2. "მთავარანგელოზი" (Arkangel)
დედა ცდილობს, აკონტროლოს საკუთარი შვილი. ამისათვის იგი გოგონას უნერგავს ექსპერიმენტულ ჩიპს, რომელიც საშუალებას აძლევს, ცალკე პლანშეტიდან თვალი ადევნოს მის ქმედებებს და შეუზღუდოს იმ ინფორმაციაზე წვდომა, რომელიც, მისი აზრით, გოგონაში სტრესს გამოიწვევს. მაგრამ "აკრძალულ" ინფორმაციას გოგონას მეგობრები და კლასელები აწვდიან.
რა გვაქვს ამ ეტაპზე?
შვილების კონტროლის სისტემების ბაზარი ძალიან აქტიურად ვითარდება. ყველაფერი ძალიან მარტივი მოწყობილობებიდან - გეოლოკაციით აღჭურვილი სამაჯურებიდან დაიწყო.
მათ მოჰყვა უფრო განვითარებული მოწყობილობები - სამაჯურები, ჭკვიანი საათები, რომლებსაც სამედიცინო მაჩვენებლების, მაგალითად პულსის, დახარჯული კილოკალორიებისა და ნაბიჯების რაოდენობის დათვლა შეუძლიათ.
რამდენიმე წლის წინ მოსკოვის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს მასობრივად "ჭკვიანი საათები" დაურიგდათ. მშობლებს შეეძლოთ ნებისმიერ მომენტში გასულიყვნენ კონტაქტზე და მოესმინათ, ხომ არ ჩაგრავენ მათ შვილს მასწავლებლები ან სხვა ბავშვები.
ყოველდღიურად მშობლებს შვილების კონტროლის შესაძლებლობები ეზრდებათ. მაგალითად, მოსკოვის სკოლების მოსწავლეების მშობლებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთარი შვილების ელექტრონული ბარათები, რომელთა საშუალებითაც ბავშვები სასადილოებში საკვებს ყიდულობენ. ასე, მშობლებს შეუძლიათ აკრძალონ ბარათით გაზიანი წყლის, ბუტერბროდებისა და შოკოლადის ყიდვა.