მორიგი გარღვევა მეცნიერებაში - კიბოთი დაავადებულ ქალებს ბავშვის გაჩენის საშუალება ექნებათ
შოტლანდიის ედინბურგის უნივერსიტეტში მეცნიერებმა ადამიანის მოუმწიფებელი კვერცხუჯრედი ლაბორატორიაში ბოლომდე გაზარდეს.
მეცნიერებმა გოგონების კვერცხუჯრედები აიღეს, და საკვერცხეების მიღმა მათი მომწიფებამდე მიყვანა შეძლეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ათწლეულები დასჭირდა ლაბორატორიაში იმ გარემოსა და პროცესების ხელოვნურად შექმნას, რაც ქალის საკვერცხეებში მიმდინარეობს.
მკვლევარების განმარტებით, აღნიშნული მეთოდი კიბოს მქონე ახალგაზრდა ქალებს მომავალში რეპროდუქციაში დაეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ ქიმიო- და რადიოთერაპიას უკუჩვენებები აქვს და უშვილობის გამოწვევა შეუძლია. ზრდასრულ ქალებს კი ქიმიო- და რადიოთერაპიამდე თავისი კვერცხუჯრედის გაყინვა შეუძლიათ. პრობლემა სწორედ ახალგაზრდების შემთხვევაში იქმნება, რომლებსაც კვერცხუჯრედის გაყინვა არ შეუძლიათ იმის გამო, რომ ისინი საკმარისად მომწიფებული არ არის.
როგორ მუშაობს ახალი მეთოდი?
კიბოთი დაავადებულ გოგოს თავისი კვერცხუჯრედის ნიმუშის შენახვა თერაპიის დაწყებამდე შეუძლია. ზრდასრულ ასაკში გაყინულ კვერცხუჯრედებს გამოზრდიან, გაანაყოფიერებენ და საშვილოსნოში მოათავსებენ.
კვლევა დასრულებისგან ჯერ შორსაა, თუმცა მას უკვე უწოდებენ დიდ გარღვევას მეცნიერებაში. აქვე უნდა ითქვას, რომ არცერთი ხელოვნურად გაზრდილი კვერცხუჯრედი არ გაუნაყოფიერებიათ. შესაბამისად მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეცნიერები ამ ეტაპსაც გაივლიან, შესაძლებელი იქნება ითქვას, რომ მეთოდი ნამდვილად ეფექტურია.