24 წლის არჩილ ჭეიშვილი, რომელმაც აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის კომპანია შექმნა
ხელოვნური ინტელექტის როლი მსოფლიოს მასშტაბით წლიდან წლამდე იზრდება. კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტების პროგნოზით, ამ დარგის განვითარება ადამიანურ რესურსს თანდათან ჩაანაცვლებს. კომპანიების ნაწილმა უკვე აქტიურად დაიწყო ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა. ერთ-ერთი ამგვარი კომპანიაა Palatine Analytics-ი, რომლის თანადამფუძნებელი 24 წლის ქართველი, არჩილ ჭეიშვილია. მან ხელოვნური ინტელექტის კომპანია ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის მიმართულების დამთავრების შემდეგ, 2 თანამოაზრესთან ერთად შექმნა.
როგორც Allnews.ge-ს თავად უამბობს, კომპანია აშშ-ში უკვე წარმატებით ფუნქციონირებს, ხოლო მისი ბრუნვა თვეში 25%-ით იზრდება. Palatine Analytics-ი მსხვილ კომპანიებს ადამიანური რესურსის სწორად მართვაში ეხმარება. კერძოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თანამშრომლების განწყობის, პროდუქტიულობის, მოტივაციისა თუ სამომავლო გეგმების ანალიზი ხდება, რის შემდეგ კი არჩილ ჭეიშვილისა და მისი მეგობრების მიერ შემუშავებული პროგრამა აფასებს, რამდენად შესაძლებელია, რომ კონკრეტულმა თანამშრომელმა დაკავებული პოზიცია დატოვოს, რა არის ამისი მიზეზი, შეუძლია თუ არა მას პროფესიულად გაიზარდოს, აინტერესებს თუ არა საკუთარი საქმიანობა. აღნიშნულის შესწავლის შემდეგ კი Palatine Analytics-ი კონსულტაციას უწევს კომპანიებს, როგორ შეინარჩუნონ ღირებული კადრები და როგორ გაზარდონ მათი მოტივაცია და პროდუქტიულობა.
"ჩვენ, კომპანიის დამფუძნებლებს ეს იდეა ჰარვარდის უნივერსიტეტის სასადილოში დაგვებადა. შევამჩნიეთ, რომ ყველა კომპანიაში თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და მათ მიერ სამსახურისადმი ინტერესის დაკარგვის პრობლემა იდგა. შედეგად, ასეთი კადრები კომპანიებს ტოვებდნენ, ახალი თანამშრომლის აყვანა და მისთვის სწავლება კი დროსა და ხარჯებს მოითხოვს, რაც კომპანიებისთვის წამგებიანია. ასევე მე და ჩემი მეგობრები დაინტერესებულები ვიყავით ხელოვნური ინტელექტით, მსჯელობის შედეგად კი ამ ორი საკითხის შერწყმა და Palatine Analytics-ის დაარსება გადაწყდა," - იხსენებს არჩილი.
24 წლის ახალგაზრდას მიერ დაფუძნებული კომპანია უკვე წელიწადნახევარია ფუნქციონირებს.
"ჩვენი სისტემა სამი მთავარი ნაწილისგან შედგება. კომპანიების თანამშრომლები შემოდიან ჩვენს ვებსაიტზე, გაივლიან შეკითხვების გარკვეულ ეტაპებს და მიიღებენ შედეგს, მაგალითად, რა აქვთ დასახვეწი და რა მიზეზით. შემდეგ ხდება ამ მონაცემების ანალიტიკა და ინფორმაციას ვაწვდით კომპანიის მენეჯმენტს, თუ რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს მის დასაქმებულს. ასევე ვაკვირდებით, დროთა განმავლობაში მათი უნარები როგორ იცვლება და ვახდენთ პროგნოზირებას, თუ აღნიშნული თანამშრომლის განწყობების შედეგად მისი მომავალი როგორი იქნება. ეს კომპანიებს ეხმარება, რომ მათი თანამშრომლები რაც შეიძლება სწრაფად განვითარდნენ.
მეორე ნაწილი არის მიზნების მენეჯმენტი ანუ რამდენად სრულდება თანამშრომლების მიერ დასახული მიზნები და რა არის ამის მიზეზი, ხოლო მესამე ნაწილია კითხვარები. ჩვენ თანამშრომლებს ვუსვამთ მარტივ კითხვას, მაგალითად, „დღეს როგორ გრძნობ თავს“ ამ კითხვას თუ პასუხობენ, მაგალითად, ბედნიერად, უბედურად, ნეიტრალურად, ამის საშუალებით მერე ჩვენ შეგვიძლია, რომ იმ ხალხის რაოდენობა შევამციროთ, ვინც შეიძლება კომპანიიდან მოულოდნელად წავიდნენ," - განმარტავს არჩილი.
არჩილ ჭეიშვილის თქმით, Palatine Analytics-ის მუშაობაში ჩართულები არიან ისეთი კადრებიც, რომლებიც Microsoft-ისა და Google-ის ყოფილი თანამშრომლები არიან.
ჭეიშვილი გეგმავს, სერვისი ქართულ კომპანიებსაც შესთავაზოს. მისი თქმით, ქართული კომპანიები უკვე დაინტერესდნენ.თავად არჩილ ჭეიშვილი, რომელიც აქტიურ ბიზნეს საქმიანობაში წარმატებით ჩაერთო, თბილისის 55-ე სკოლის მოსწავლე იყო, რომლის დამთავრების შემდეგაც გადაწყვიტა, უმაღლესი განათლება ეკონომიკის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში, ჰარვარდის უნივერსიტეტში მიეღო.
"ამის მიზეზი იყო სურვილი, რომ დიდი ბიზნესი შემექმნა, რისთვისაც განათლებაა საჭირო. ჰარვარდის უნივერსიტეტმა წელიწადში 65 000$-ით დამაფინანსა. ასეთმა უნივერსიტეტმა შეიძლება 2 მიზეზით მიგიღოს. კერძოდ, რა საკითხითაც ხარ დაინტერესებული, იქ რა შედეგები გაქვს და ტესტირება, რომელშიც აპლიკანტთა 99%-ს უნდა აჯობო", - განმარტავს არჩილ ჭეიშვილი.
ბიზნესით 12 წლის ასაკში დაინტერესდა, 14 წლის ასაკში კი ამ მიმართულებით მცირე გამოცდილებაც მიიღო, რამაც საბოლოოდ თავისი მომავალი ამ სფეროში დაანახა.
"ჩემს ბავშვობაში ძალიან პოპულარული იყო პოკემონებით თამაში. აღმოჩნდა, რომ ჩემს უბანში დაიწვა ის ერთადერთი მაღაზია, რომელიც პოკემონებს ყიდდა, შესაბამისად, მიწოდება შემცირდა. მე გადავედი სხვა უბნის მაღაზიაში, იქ ძალიან ბევრი პოკემონი ვიყიდე და შემდეგ შედარებით მაღალ ფასად გავყიდე. ამ დროს ვისწავლე ორი რამ: მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი და არბიტრაჟი ანუ ერთგან იყიდე და მეორეგან მაღალ ფასად გაყიდე", - აღნიშნა არჩილმა.
მოგვიანებით, როცა ეკონომიკაში შესაბამისი განათლება მიიღო, მან მუშაობა ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში Bridgewater Associates-ში დაიწყო, სადაც ასაკით ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი იყო. საკუთარი კომპანიის დაარსების შემდეგ კი გეგმავს, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ადამიანების ცხოვრება გაუმარტივოს, მათი სამუშაო გარემო გააუმჯობესოს და ტექნოლოგიების მეშვეობით საქმე შეუმსუბუქოს. სამომავლოდ, ამ ყველაფრის განხორციელებაზე საქართველოშიც გეგმავს მუშაობას.