3D პრინტერით შექმნილი ავტომობილი, რომელიც მალე ფართო საზოგადოებისთვის იქნება ხელმისაწვდომი
ავტომობილები უკვე დიდი ხანია აღარ ასრულებს მხოლოდ გადაადგილების ფუნქციას, ახლა ის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოცდის პოლიგონი გახდა. დღეს ავტომობილები საწვავის დანიშნულებით ელექტროენერგიას იყენებენ, ავტოპილეტის დახმარებით გადაადგილდებიან და მათი დანიშნულების ადგილზე გამოძახება სმარტფონის პროგრამის საშუალებითაა შესაძლებელი. მალე კი მათ 3D პრინტერის დახმარებით გააკეთებენ.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ორმა კომპანიამ მცირე ზომის ელექტრომობილის LSEV-ის გამოშვება დააანონსა, რომლის თითქმის ყველა ხილული დეტალი, შასის, სკამებისა და შუშების გარდა, 3D პრინტერის მეშვეობით იქნება გაკეთებული. მცირე ზომის ეს მანქანა Smart Car-ს ჰგავს, თუმცა ზომაში კიდევ უფრო პატარაა.
LSEV-ს 3D პრინტერის საჭირო მასალების მწარმოებელი შანხაის კომპანიის Polymaker-ისა და ელექტრომობილების მწარმოებელი იტალიური სტარტაპის XEV-ის მიერ იქმნება. როგორც ცნობილია, ავტომობილს 80 კმ/სთ სიჩქარის განვითარება და სრულად დატენვის შემთხვევაში, 150 კილომეტრის გავლა შეუძლია. შედარებით ნაკლები სიჩქარის განვითარების უნარი იმაზე მეტყველებს, რომ LSEV განსაკუთრებით კარგი შიდასაქალაქო გადაადგილებისთვის იქნება.
იტალიის ფოსტამ 5000 LSEV-ის ელექტრომობილი უკვე შეუკვეთა.
აღსანიშნავია, რომ LSEV-ი პირველი ავტომობილი არ არის, რომელიც 3D პრინტერის დახმარებით იქმნება, მას ამერიკულმა კომპანიებმა Local Motors-მა და Divergent-მა უკვე დაასწრეს, თუმცა ის პირველი იქნება, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება ფართო საზოაგდოებისთვის. LSEV-ის წარმოება 2018 წლის ბოლოსთვის დაიწყება, ევროპულ ბაზარზე კი ის 2019 წლის შუა რიცხვებში გამოჩნდება და მისი ღირებულება 10 000 დოლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ ავტომობილის ნაწილების წარმოება და აწყობა 3 დღეში ხდება.