ვინ არიან ქართველი მოსწავლეები, რომლებმაც NASA-ს საგზური მოიპოვეს
სამი გამომგონებელი მოსწავლე 17 წლის თამო მიქელაძე და ნინი ხუნძაყიშვილი და 15 წლის ანი თეთრაშვილი ზაფხულში NASA-ში გაემგზავრება და საოცნებო ადგილს მოინახულებს, ჩაერთვება ერთკვირიან საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც სხვადასხვა სამეცნიერო და ტექნიკურ აქტივობას მოიცავს. პატარა გამომგონებლები ასევე NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში ჰიუსტონის კოსმოსური ცენტრის მუზეუმებს, გალერეებს და ისეთ დახურულ ადგილებს დაათვალიერებენ, სადაც ვიზიტორებსა და ტურისტებს არ უშვებენ.
ყველაფერი "რობოტი ლაბორანტის" შექმნის იდეით დაიწყო, რომელიც განხორციელების შემდეგ კონკურსზე Millennium Challenge Account - Georgia-ზე გაიტანეს და პირველი ადგილიც მიიღეს. როგორც გუნდის ერთ-ერთი წევრი, თამო მიქელაძე ამბობს, გამოგონების განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის გიმნაზია AIA GESS-სს, სადაც მოსწავლეები STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) წრეზე დადიან და მენტორთან, დავით სონღულაშვილთან ერთად სხვადასხვა პროექტზე მუშაობენ.
რა არის "რობოტი ლაბორანტი" და საიდან გაჩნდა მისი შექმნის იდეა?
თამოს და მისი გუნდის წევრებს აწუხებდათ, რომ ბავშვების დიდ ნაწილს სამეცნიერო ლაბორატორიებზე წვდომა არ აქვს, რაც საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლას ართულებს.
"ვიფიქრეთ, რატომ არ შეიძლებოდა გაგვეკეთებინა უკვე რეალური და დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან მართვადი ლაბორატორია. შემდეგ ეს იდეა მენტორთან ერთად დავხვეწეთ და მუშაობა დავიწყეთ. ჩვენი მიზანი იყო, რომ დაინტერესებულ პირებს, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ ან მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ, ცოდნა არამხოლოდ წიგნების და ინტერნეტის მეშვეობით, არამედ, კვლევებით მიეღოთ და გაეაზრებიანთ მოვლენის ფიზიკური შინაარსი და ექსპერიმენტატორის უნარი ჩამოყალიბებოდათ.
ჩვენი გამოგონების ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ მსურველს ეძლევა საშუალება, "რობოტი ლაბორანტის" დახმარებით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დისტანციურად ჩაატაროს რეალური ცდები და ექსპერტიმენტები ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. ასევე მსგავსი ინტელექტუალური მანიპულატორის საშუალებით ჩაატაროს სამუშაოები და ინფორმაცია მიუწვდომელი და მიუდგომელი ადგილებიდან მიიღოს," - განმარტავს თამო მიქელაძე.
17 წლის გამომგონებლის თქმით, მუშაობის პროცესი რთული და შრომატევადი იყო, ამავდოულად საინტერესო:
"ნებისმიერი პროექტის განხორციელება უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული და ჩვენც, რა თქმა უნდა, პრობლემები გვქონდა, თუმცა მათი გადაჭრა და პროექტის დახვეწა ეტაპობრივად შევძელით. ვინაიდან მეცნიერებითა და ინოვაციებით ვართ დაინტერესებულები, "ათწლეულის ინოვაციის კონკურსის" შესახებ დიდი ხნის წინ შევიტყეთ, მონაწილეობის მიღება აქამდეც გვინდოდა, საბოლოოდ კი "რობოტი ლაბორანტი" შევქმენით. გამარჯვების არა, მაგრამ საპრიზო ადგილების იმედი მგონი ყველას ჰქონდა, ვინც ამ კონკურსში მონაწილეობს და ცხადია, ჩვენც ასე ვიყავით. გამარჯვებას რამდენად მოველოდით, არ ვიცი. გუნდური მუშაობისა და გუნდის წევრებთან კარგი ურთიერთობის გარეშე შედეგის მიღწევა შეუძლებელია და პროექტზე მუშაობისას სწორედ ურთიერთთანამშრომლობის პროცესი იყო", - აღნიშნავს თამო.
თამო მიქელაძე Allnews.ge-სთან კონკურსის შედეგების გამოცხადების პროცესსაც იხსენებს:
"ახლაც გვიჭირს დაჯერება რომ მალე NASA-ს ერთ-ერთ უდიდეს სასწავლო ცენტრს მოვინახულებთ, სადაც მოხვედრაზე მგონი ყველა ოცნებობს, ვისაც მეცნიერება უყვარს," - განმარტავს თამო მიქელაძე.
გამომგონებლები პროექტის დახვეწას აპირებენ, რაც მათი თქმით, გარკვეულ დროს მოითხოვს.