
თავშესაფრის მაძიებელთა ერთ-ერთი ბანაკი ბლოკჩეინების სისტემის დახმარებით მუშაობს. ლტოლვილები სუპერმარკეტებში თავისთვის სასურველი პროდუქციის შეძენისას ნაღდ ფულს არ იყენებენ. ანგარიშსწორებისთვის ისინი კამერაში იყურებიან, სპეციალური სკანერი კი საკვების მსოფლიო პროგრამის (World Food Programme) მათ ანგარიშებს უკავშირდება. საკვების მსოფლიო პროგრამა გაეროს საკვებით დახმრების ფილიალია. World Food Programme-ის ინფორმაციით, ისინი ყოველწლიურად საკვებით, დაახლოებით, მსოფლიოს 76 ქვეყნის საშუალოდ 80 მილიონ ადამიანს ეხმარებიან. აღნიშნული პროგრამა იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც არ შეუძლია თავისთვის და ოჯახისთვის საკმარისი საკვები პროდუქტის წარმოება ან მოპოვება.
ბლოკჩეინის სისტემის დახმარებით, საკვების მსოფლიო პროგრამა დახმარებას პირდაპირ ლტოლვილთა ანგარიშზე რიცხავს. ვინაიდან საბანკო გადარიცხვების საკომისიო მილიონობით დოლარს აღწევს, ბლოკჩეინი კი საკომისიოს 98%-ით ამცირებს, აღნიშნული ორგანიზაცია, სწორედ ბლოკჩეინების სისტემას იყენებს. ბლოკჩეინის ანგარიშის შემთხვევაში საბანკო ანგარიში ან ნაღდი ფული უკვე საჭირო აღარ არის, რადგან თავშესაფრის მაძიებლების მიერ შეძენილი პროდუქციის საფასური პირდაპირ საკვების მსოფლიო პროგრამის ანგარიშიდან იხსნება. სპეციალისტები უკვე ფიქრობენ, რომ ბლოკჩეინი ჰუმანიტარული დახმარების მომავალია.
სპეციალისტები და საქველმოქმედო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ ბლოკჩეინის სისტემა თავშესაფრის მაძიებლებისთვის სამუშაოს შოვნის პროცესშიც შეუძლია დახმარების გაწევა, რადგან ის პერსონალური ინფორმაციის ციფრულ ვერსიას ინახავს და სამსახურის მაძიებელ ლტოლვილს აღარ სჭირდებათ ისეთი დოკუმენტები, როგორიც პასპორტი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ფინანსური ისტორიის ამსახველი საბუთია. უნდა აღნიშნოს, რომ აღნიშნული საბუთები, როგორც წესი, კონფლიქტის მიმდინარეობისას ნადგურდება ან მტრულად განწყობილი ძალების ხელში ხვდება.