რამდენად ეფექტურია მზის პანელების დამონტაჟება კორპუსსა და კერძო სახლში და რა არის მისი ფასი საქართველოში?
საქართველოში განახლებადი ენერგიისადმი ინტერესი იზრდება, რასაც მზის პანელებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისა და სხვა მსგავსი სერვისების მქონე კომპანიის, Helios Energy Georgia-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, თორნიკე დარჯანიაც ადასტურებს.
თორნიკე დარჯანიამ კომპანია პარტნიორებთან ერთად დაახლოებით ერთი წლის წინ შექმნა და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში განახლებადი ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობა და ნდობა მაღალი არ არის, მზის პანელები 10 შენობის სახურავზე დაამონტაჟა, მათ შორის ერთი რაჭაში მდებარე ჰოსტელია.
Helios Energy Georgia-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, დამონტაჟებული 10 სადგური ჯამში დაახლოებით 66 კილოვატი სიმძლავრისაა და მათი მფლობელები თითქმის მთლიანად ენერგოდამოუკიდებლები გახდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიან.
"ეს ადამიანები ჩართულები არიან "ნეტო აღრიცხვის ქსელში" და ყოფილა შემთხვევა, როცა ჭარბი, დაახლოებით 500 კილოვატამდე ელექტროენერგია ქსელში ჩაუშვეს, რისი საფასურიც წლის ბოლოს "თელასმა" აბონენტს აუნაზღაურა. ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, იმის იმედს იძლევა, რომ ამ სეგმენტის კიდევ უფრო განვითარება შესაძლებელია. ის პირები, ვისაც ჩვენ მზის პანელები დავუმონტაჟეთ, ენერგოდამოუკიდებლობით კმაყოფილები არიან. ამ ეტაპზე ასეთი მონაცემები გვაქვს, კომპანიას აქვს თავისი ხედვები, მიმართულებები, განახლებადი ენერგია როგორ უნდა განვითარდეს, გვყავს გერმანელი პარტნიორები და ჩვენს გაძლიერებას ისინიც ცდილობენ, ნელ-ნელა მივიწევთ წინ", - განმარტა თორნიკე დარჯანიამ.
რაც შეეხება რაჭის რეგიონში მდებარე ჰოსტელის სახურავზე დამონტაჟებულ პანელებს, შენობას ელექტროენერგიით სრულად აღნიშნული პანელები ამარაგებს, რადგან იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე ელექტროენერგია არ არის.
"რამდენიმე პანელი საგურამოში მდებარე სახლების სახურავებზეც დავამონტაჟეთ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი კორპუსის სახურავზეც გვაქვს, რომელმაც ასევე გაამართლა, რადგან კორპუსის ბოლო სართულზე ცხოვრობს, შესაბამისად, მის ბინას მზე ძალიან აცხუნებს, ამიტომ პანელებს როგორც სახურავის მზისგან დასაცავად, ისე მზის ენერგიის ელექტროენერგიაში გარდაქმნისთვის იყენებს, ეს ძალიან კარგი კომბინაციაა",- აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.
მისივე ინფორმაციით, მზის პანელების ფასი სწრაფი ტემპით მცირდება. კერძოდ, გასულ წელთან შედარებით ფასები 15%-ით არის შემცირებული."ეს სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა, მაგრამ ფაქტია, რომ პანელებთან დაკავშირებული ტექნიკა იაფდება, ტექნოლოგია უმჯობესდება, რადგან მცირე მანძილზე შესაძლებელია გაცილებით მეტი სიმძლავრე დავატიოთ, ვიდრე ადრე იყო შესაძლებელი. თუ ერთი კილოვატი სიმძლავრის სადგურს დაამონტაჟებთ, ჩვენი დაკვირვებით, ის წლის განმავლობაში 1250-დან 1300 კილოვატამდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მთავარი კითხვაა, რა ღირს ერთი კილოვატის დაყენება, დღეს მისი ფასი დაახლოებით 2500 ლარამდეა, რაშიც ყველა სერვისი შედის: პანელები, გარდამქმნელი, მონტაჟი, სამონტაჟო კონსტრუქცია და ა.შ", - განმარტა მან.
თორნიკე დარჯანიას საკუთარი სახლის სახურავზე 4 800 ვატის სიმძლავრის მზის პანელები აქვს დამონტაჟებული. კომპანია Helios Energy Georgia-ს შექმნის იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი განმარტავს, პარტნიორების მიზანია განახლებადი ენერგიის პოპულარიზაცია და დაინტერესებული პირებისთვის მზის პანელებთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება.