22 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რა ხრიკებს იყენებენ კომპანიები, რათა ადამიანების თავიანთ პროდუქტებზე დამოკიდებულებას მიაღწიონ | Allnews.Ge

რა ხრიკებს იყენებენ კომპანიები, რათა ადამიანების თავიანთ პროდუქტებზე დამოკიდებულებას მიაღწიონ

"სილიკონ ველის" ინსაიდერებმა BBC-ის გაანდეს, რომ ტექნოლოგიური კომპანიები სხვადასხვა ხრიკსა და ადამიანის ფსიქიკის მოწყვლადობას იყენებენ, რათა თავიანთ პროდუქტებზე დამოკიდებულებას მიაღწიონ. "სილიკონ ველში" მომუშავე სპეციალისტების განმარტებით, Facebook, Snapchat, Twitter და სხვა კომპანიები განზრახ ამუშავებენ ისეთ ინტერფეისსა და ვიზუალს, რომელიც მომხმარებელში მიჩვევას იწვევს, რის შედეგადაც ადამიანი სოციალურ ქსელში დროის დიდი ნაწილის გატარებას იწყებს.

აზა რასკინი, რომელმაც უსასრულო სქროლვის პრინციპი გამოიგონა, განმარტავს, რომ სოციალური ქსელების მთელ გვერდზე თითქოს გაბნეულია ვიზუალური ნარკოტიკი, რომელსაც მომხმარებლები სულ უფრო და უფრო მეტად ეჩვევიან.

Jawbone და Mozilla-ს ყოფილი ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ვიზუალის ყველა დეტალის უკან ათასობით ინჟინერი დგას, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, ამ ელემენტებს მიმზიდველობა შემატონ და დგანან კომპანიები, რომლებიც მომხმარებელთა ჩვევებსა და სხვადასხვა ელემენტზე მათ რეაქციას სწავლობენ. ამ ანალიზზეა დამოკიდებული შემდეგ ყველაფერი, მათ შორის, "მოწონების" ღილაკის ფერიც კი.

Facebook-ის ყოფილი ინჟინერი სენდი პარაკილასი, რომელმაც კომპანია 2012 წელს დატოვა, BBС-სთან საუბარში განმარტავს, რომ სოციალური ქსელის ხელმძღვანელობა სრულად აცნობიერებს, რომ ყველა მათი ქმედება ადამიანებში დამოკიდებულების გამოწვევისკენ არის მიმართული.

მისი თქმით, სოციალური ქსელის ბიზნეს-მოდელი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს აიძულოს, რაც შეიძლება მეტი თავისუფალი დრო გაატაროს საიტზე, აღნიშნულ დროს კი Facebook რეკლამების დამკვეთებზე ყიდის.

პარტნიორული კავშირებისა და პროდუქციის საკითხებში Facebook-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასეთი განცხადება გააკეთა:

"ჩვენ ვმუშაობთ გარეშე პირებთან, რომლებიც ინტერნეტსა და ჩვენს პლათფორმაზე ადამიანების ქცევის ჩვეულ ფორმებს სწავლობენ და ცდილობენ გაარკვიონ, არსებობს თუ არა ელემენტები, რომლებსაც ადამიანებისთვის ზიანი მოაქვს".

Facebook-ის პრეს-მდივანმა Business Insider-ს განუცხადა, რომ კომპანიას საუკეთესო განზრახვა აქვს: "BBC Panorama-ს შექმნისას წარმოშობილი ბრალდებები არაზუსტია. Facebook და Instagram მიზნად ადამიანების მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან დაკავშირებას ისახავს. სოციალურ ქსელს შეუძლია, ნებისმიერ ადამიანთან დაგაკავშიროთ, იმათთანაც კი, ვინც თქვენგან ძალიან შორს არიან. ის ასევე საშუალებას გაძლევთ, იმ საზოგადოებას შეუერთდეთ, რომელიც თქვენს ინტერესებს იზიარებს. სწორედ ეს მიზანი დგას ნებისმიერი დიზაინერული გადაწყვეტილების უკან და არც ერთ სტადიაზე ჩვენი მიზანი არ არის დამოკიდებულების გამოწვევა"- ამბობს Facebook-ის პრეს-მდივანი.

დოკუმენტური ფილმის BBC Panorama-ს ტრანსლაცია ბრიტანეთში ხდება და მასში მოთხრობილია არა მხოლოდ Facebook-ის, არამედ Instagram-ისა და Snapchat-ის შესახებ. Snapchat-ის შემქმნელმა უკვე განაცხადა, რომ მისი კომპანია არ იყენებს ვიზუალურ ხრიკებს. Twitter-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.