Huawei-მ გაყიდვებით Apple-ს გაუსწრო
ჩინურმა კომპანია Huawei-მ მიმდინარე წლის გასულ კვარტალში დაახლოებით 54 მილიონი სმარტფონი გაყიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის შედეგებს 40%-ით აღემატება. აღნიშნულ ინფორმაციას კვლევითი კომპანიები IDC, Canalys და IHS Markit ავრცელებენ.
54 მილიონი სმარტფონის გაყიდვა გახდა საკმარისი არა მხოლოდ იმისთვის, რომ Apple-ისთვის გადაეჭარბებინა, არამედ იმისთვისაც, რომ ბაზრის ლიდერ Samsung-თან არსებული სხვაობა შეემცირებინა.
Samsung-მა 70 მილიონზე მეტი სმარტფონი გაყიდა, რაც დაახლოებით, 10%-ით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდის გაყიდვებთან შედარებით.
"Huawei-ის განუხრელი ზრდა შთამბეჭდავია, მარტივად რომ ვთქვათ, ისევე როგორც მისი უნარი, შევიდეს იმ ბაზრებზე, სადაც ამ ბრენდს დიდწილად არ იცნობდნენ", - აღნიშნა IDC-ის ანალიტიკოსმა რიან რეითმა.
ამგვარად, Huawei-მ მეორე ადგილზე გადაინაცვლა მიუხედავად იმისა, რომ მისი ოპერირება მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში შეზღუდულია. ჩინურმა კომპანიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო, ძირითადად იმ ოფიციალურ დონეზე არსებული ეჭვის გამო, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ აღნიშნული მოწყობილობა შეიძლება ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენოს.
Huawei-მ არაერთხელ უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ მისი პროდუქცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უსაფრთხოებას. მილიონობით დაბალბიუჯეტიანი ტელეფონის გაყიდვამ საკმაოდ კარგად იმუშავა უკიდურეს აღმოსავლეთში, სადაც სმარტფონების გაყიდვა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაორმაგდა. მან ასევე მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა ევროპაშიც, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. აღნიშნულ წარმატებას კომპანია მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის მიუხედავად აღწევს, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ და კანადამ ჩინური სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის გამოყენებისას არსებული პოტენციური ეროვნული უსაფრთხოების საკითხები წამოჭრა.
Huawei ერთ-ერთია იმ რამდენიმე კომპანიას შორის, რომელიც 5G-ისთვის საჭირო უნარების განვითარებას ცდილობს. თუ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები უარს ირტყვიან ან აკრძალავენ Huawei-ს სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის გამოყენებას, ეს მნიშვნელოვანი დაბრკოლება იქნება კომპანიისთვის, რომ გახდეს მსოფლიო ლიდერი 5G ტექნოლოგიაში.