შესაძლებელია თუ არა "კოსმოსური ლიფტის" შექმნა - იაპონელი მეცნიერები პირველი ცდისთვის ემზადებიან | Allnews.Ge

შესაძლებელია თუ არა "კოსმოსური ლიფტის" შექმნა - იაპონელი მეცნიერები პირველი ცდისთვის ემზადებიან

იაპონიის სინძუოკის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი და ასევე სხვა ორგანიზაციების მკვლევარები პირველი ექსპერიმენტის ჩასატარებლად ემზადებიან, რომელიც "კოსმოსური ლიფტის" შექმნის იდეას უკავშირდება. "კოსმოსური ლიფტი" იქნება მოწყობილობა, რომელმაც თეორიულად დედამიწისა და კოსმოსური სადგურის ერთმანეთთან დაკავშირება სპეციალური კაბელის მეშვეობით უნდა შეძლოს, რაც პერსპექტივში დედამიწასთან ახლოს მდებარე ორბიტებზე სასარგებლო ტვირთისა და ადამიანების გადაადგილებას გაამარტივებს.

მსგავსი ექსპერიმენტი კოსმოსში პირველად ჩატარდება. იქამდე სანამ მეცნიერები სრულყოფილი "კოსმოსური ლიფტის" შექმნას შეუდგებიან, მათ ბევრი ინჟინერული და მეცნიერული საკითხის გადაწყვეტა მოუწევთ, რაც სპეციალური გამძლე კაბელების შექმნას უკავშირდება, რომლის დახმარებითაც "კოსმოსური ლიფტი" ორბიტაზე უნდა ავიდეს. ექსპერიმენტი უახლოეს პერიოდში უნდა ჩატარდეს.

ექსპერიმენტის მსვლელობისას "კოსმოსური ლიფტის" გადაადგილებაზე დაკვირვება კამერების მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რომლებიც თანამგზავრებზე იქნება დამაგრებული.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ცდის წარმატების შემთხვევაშიც კი იაპონელები ვერ მიუახლოვდებიან "კოსმოსური ლიფტის" შექმნის პროექტის რეალიზაციის საბოლოო წერტილს. რაკეტა გადამტანის Н-2В-ს გაშვება, რომლის ბორტზეც ორი თანამგზავრი იქნება, 11 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.

თანამედროვე მეცნიერთა შეხედულებით, მაგსვი ლიფტი დედამიწიდან კოსმოსურ სადგურზე ადამიანებისა და საჭირო ტვირთის გადაადგილებას 200 კილომეტრი საათის სიჩქარით უზრუნველყოფს. წინასწარი დათვლების თანახმად, სრულყოფილი კოსმოსური ლიფტის კაბელის საერთო სიგრძე 96 ათასი კილომეტრი უნდა იყოს. მეცნიერთა გამოთვლებით, აღნიშნული პროექტი ქვეყანას, სავარაუდოდ, 10 ტრიოლინი იენი დაუჯდება, რაც, დაახლოებით, 90 მილიარდი დოლარია.

"თეორიულად კოსმოსური ლიფტის შექმნა სავსებით რეალურია. მსგავსი მოწყობილობის საშუალებით კოსმოსური მოგზაურობა სულ უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი"- განაცხადა მომავალ ექსპერიმენტში მონაწილე ერთ-ერთმა მეცნიერმა, იოჯი ისიკავამ.

მეცნიერთა თქმით, კოსმოსური ლიფტის იდეის რეალიზაციაში ყველაზე მთავარი სირთულე შესაბამისი მტკიცე კაბელის შექმნაში მდგომარეობს, რომლის მეშვეობითაც ეს ლიფტი უნდა გადაადგილდეს. აღნიშნულ კაბელს მაღალენეგეტუიკული კოსმოსური სხივებისგან კარგი დამცავი უნდა ჰქონდეს. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მკვლევარები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ არის ელექტროენერგიის მიწოდება დედამიწიდან უახლოეს ორბიტაზე. გარდა ამისა, საჭირო გახდება კოსმოსური ნაგვის პრობლემის მოგვარებაც და გასათვალისწინებელი იქნება მიკრომეტეორებთან შეტაკების ალბათობა.