როგორი იქნება თავის ქალაში ჩასადგმელი ჩიპი? - ილონ მასკის თქმით, იმპლანტაციამ ღორის ტვინში წარმატებით ჩაიარა
კომპანია Space X-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, ამერიკელმა გამომგონებელმა ილონ მასკმა თავის ქალაში ჩასადგმელი ჩიპის ახალი, მოდიფიცირებული ვერსია წარადგინა. ამის შესახებ CNBC წერს.
ჩიპებზე მასკის კუთვნილმა კომპანიამ, "ნეურალინკმა" იმუშავა. როგორც მილიარდერი ამბობს, ცდა ჩაატარეს 3 ღორზე, მათ ჩიპი ჩაუსვეს და შედეგი წარმატებული აღმოჩნდა. ერთ-ერთ ღორს, რომელსაც მასკმა გერტრუდა დაარქვა, ჩიპი ორი კვირის განმავლობაში ჰქონდა გაკეთებული.
"ჩიპი მონეტის ზომისაა და ის თავის ქალაში ისე იქნება განთავსებული, რომ გარედან ვერავინ დაინახავს. მთელი დღის განმავლობაში დამუხტვა არ დასჭირდება", - ამბობს მასკი და დასძენს, რომ ყოველივე სხვადასხვა დაავადებების გამოვლენასა, მკურნალობას უფრო მარტივს გახდის და ჩიპის თავში იმპლანტირების მიზანიც ესაა.
მასკის თქმით, თავის ქალაში იმპლანტირებული ჩიპი გააუმჯობესებს ადამიანს მოძრაობას, მოაგვარებს მხედველობისა და სმენის პრობლემას. ასევე, ადამიანს დიდხანს შეუნარჩუნებს მეხსიერებას და დაეხმარება ეპილეფსიის დაძლევაში.
გარდა ამისა, Tesla-ს ხელმძღვანელმა აღნიშნულ საკითხზე 2020 წლის მაისში, გადაცემაში The Joe Rogan Experience-შიც ისაუბრა და მაშინ თქვა, რომ ეს მოწყობილობა 5 წელიწადში ენებს გამოუსადეგარს გახდის. მეტყველება კომუნიკაციის მოძველებული ფორმა იქნება და მას მხოლოდ "სენტიმენტების გამო" გამოიყენებენ.