„მომავლის ქალაქი“ ნევადაში- ამერიკელ მილიონერს უდაბნოში ყველაზე მწვანე ქალაქის აშენება სურს
IT-მეწარმე მარკ ლორის აშშ-ს ნევადას უდაბნოში ე.წ. მომავლის ქალაქის აშენება სურს, რომელშიც 5 მილიონი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება10 მლრდ დოლარია.
ლორის თქმით, ეს „ამერიკის ყველაზე მწვანე ქალაქი" იქნება, სადაც ყველანაირ ნაგავს მიწისქვეშ მოათავსებენ, იმოძრავებენ მხოლოდ უპილოტო ელექტრომობილები, ცაზე კი მხოლოდ ელექტროჯეტები იფრენენ. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქალაქის მთელი ტერიტორია კერძო ფონდის საკუთრება იქნება, ხოლო კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონების იჯარიდან მიღებული შემოსავალი, სოციალურ მომსახურებაზე დაიხარჯება.
„ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დავტესტოთ ახალი საზოგადოებრივი მოდელი. ჩვენ ამას „ეკვიტიზმს“ ანუ გადააზრებულ კაპიტალიზმს ვუწოდებთ“, - ამბობს 50 წლის მარკ ლორი, რომელიც თავის პროექტს ნიუ იორკის, ტოკიოსა და სტოკჰოლმის, ანუ რაციონალურობის, მრავალფეროვნებისა და ეკოლოგიურობის ნაზავს უწოდებს.
მარკ ლორის ქონება 500 მლნ დოლარს აღემატება. მისი კარიერა გამორჩეულია. ლორიმ დააარსა და გაყიდა ოთხი კომპანია, მათ შორის საცალო სტარტაპი Jet.com, რომელიც Walmart-მა 2016 წელს 3,3 მლრდ დოლარად შეიძინა, აგრეთვე, ონლაინ საბავშვო მაღაზია Diapers.com, რომლის მშობელი კომპანია Quidsi 2011 წელს Amazon-მა 545 მლნ დოლარად იყიდა. Walmart-თან გარიგების შემდეგ, ლორი სხვა მსხვილი გარიგებების გამო მედია-სათაურებში ხშირად ხვდებოდა.
„იანკების“ ყოფილ ფეხბურთელ ალექს როდრიგესთან ერთად, მარკ ლორიმ ფირმა VCP (Vision Capital People) დააარსა და ამჟამად 1,5 მლრდ დოლარად მინესოტას საკალათბურთო კლუბს ყიდულობს. თუმცა „მომავლის ქალაქის” იდეა მთლიანად ლორის ეკუთვნის.
დღეს ბევრს აინტერესებს, არის თუ არა მომავლის ქალაქი რეალური პროექტი, რადგან თუ ლორი სერიოზულად საუბრობს, მას პროექტისთვის საჭირო თანხის შოვნა მოუწევს.
„საერთო ჯამში, ეს შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ მილიარდერს შეუძლია ამის გაკეთება”, - ამბობს ურბანული კონსულტანტი რობერტ გიბსი, რომელიც უფრო ტრადიციული ქალაქების დაგეგმარებაზე მუშაობს შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
„ჩემი მიზანია მილიარდების ინვესტიცია და ვიმედოვნებ, რომ ეს მსოფლიოს ერთ -ერთი საუკეთესო ქალაქი იქნება”, - აცხადებს მარკ ლორი.
ის სტეტენ-აილენდზე, მეწარმის ოჯახში დაიბადა. მამამ, პიტერმა ტექნოლოგიური საკონსულტაციო ფირმა Chadmarc Systems დააარსა, ხოლო დედა, კიარა პირადი ტრენერი და ბოდიბილდერი იყო.
საშუალო სკოლაში ლორიმ, მეგობართან ერთად, თავისი პირველი საწარმო, The Mint დააარსა. მათ ბეისბოლის ბარათები საბითუმო მოვაჭრეებისგან იყიდეს და პრემიუმ ფასად გაყიდეს. სწავლამ უკანა პლანზე გადაიწია და როგორც ლორი იხსენებს, გაკვეთილებიდან იპარებოდა, რომ ბარათებით დაკავებულიყო. 1989 წელს ის ბაკნელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც მენეჯმენტი და ეკონომიკა შეისწავლა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ნიუ იორკის ბანკ Bankers Trust-ში დაიწყო მუშაობა, შემდეგ ფინანსების განხრით რამდენიმე სამუშაო ადგილი გამოიცვალა და 1999 წელს თავისი პირველი, რეალური კომპანია The Pit დააარსა. ეს, ერთგვარად, eBay-ის კონკურენტ ფირმას წარმოადგენდა, რომელიც ბარათებით ვაჭრობაში იყო სპეციალიზირებული. 2001 წელს კომპანია საკოლექციო ნივთების ამერიკულმა მწარმოებელმა, Topps-მა 5.7 მლნ დოლარად შეიძინა.
ფულის შოვნის შემდეგ ლორიმ ახალი მიზანი დაისახა: 2005 წელს, მაგისტრატურის თანაკურსელ ვინიტ ბჰარარასთან ერთად, მეწარმემ ბავშვთა საქონლის ონლაინ მაღაზია Diapers.com დააფუძნა, რომლის შემოსავალმაც პირველ წელს 2.5 მლნ დოლარი შეადგინა. კომპანია სწრაფად იზრდებოდა და 2011 წელს ის Amazon-მა შეიძინა. ლორი ჯეფ ბეზოსის კომპანიაში 2 წელი მუშაობდა და შემდეგ მასთან კონკურენცია გადაწყვიტა. 2015 წელს მან და მისმა ბიზნესპარტნიორებმა 140 მლნ დოლარი მიიზიდეს Bain Capital Ventures-დან, Accel Partners-დან და სილიკონ ველის სხვა მსხვილი კომპანიებიდან, რითიც ონლაინ საცალო მოვაჭრე Jet.com დააარსეს.
Jet კონკურენციაში ფასების პოლიტიკით გამოირჩეოდა: მაღაზია მომხმარებლებს აძლევდა ფასდაკლებას, თუ ისინი საქონელს ერთსა და იმავე სადისტრიბუციო ცენტრში ყიდულობდნენ. პირველ წელს კომპანიის შემოსავალმა 1 მლრდ დოლარი შეადგინა და ჩაშვებიდან სულ რაღაც 12 თვის შემდეგ, Walmart-მა ის 3,3 მლრდ დოლარად შეიძინა. ამ გარიგებით ლორიმ 477 მლნ დოლარი მიიღო.
მარკ ლორის კარიერის შემდეგი ეტაპი ინვესტიციები უფროა, ვიდრე კომპანიების ნულიდან შექმნა.
„ორი წლის წინ ორი ბიჭი მოვიდა ჩემს სახლში, დივანზე დასხდნენ და მითხრეს, რომ მათ ახალი თაობის სატრანსპორტო კომპანიის შექმნა სურდათ", - იხსენებს ლორი.