პირველი ადამიანი Neuralink-ის ჩიპით კომპიუტერის „მაუსს“ ფიქრით მართავს
პირველი ადამიანი Neuralink-ის ჩიპით კომპიუტერის „მაუსს“ ფიქრით მართავს. ილონ მასკის თქმით, ნეიროლინკის ადამიანის ტვინში გადანერგვის პირველმა მცდელობამ წარმატებით ჩაიარა, ხოლო ადამიანი, ვისაც ჩიპი გადაუნერგეს, თავს კარგად გრძნობს.
„საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს. ჩიპი პაციენტთან სრულად შეთავსებადია. ახლა ვმუშაობთ, რომ ფიქრის საშუალებით უფრო მეტ ღილაკზე დაჭერის ალბათობა გავზარდოთ“, - განაცხადა მასკმა.
დაახლოებით ერთი თვის წინ, ილონ მასკმა განახცადა, რომ პირველ მოხალისეს ჩიპი Neuralink წარმატებით ჩაუნერგეს. მაშინ მასკი იმედოვნებდა, რომ მისი სიახლე სტივენ ჰოკინგის მსგავსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს კომუნიკაციის საშუალებას მისცემდა და პაციენტებს საშუალება ექნებოდათ ტელეფონი, კომპიუტერი და თითქმის ნებისმიერი მოწყობილობა, მხოლოდ ფიქრით ემართათ.
ადამიანებზე კლინიკური კვლევების გამოცხადების შემდეგ, Neuralink-მა სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისგან (FDA) მიკროჩიპების იმპლანტაციისთვის მწვანე შუქი მიიღო.