აბუ-დაბიში ლუვრის მუზეუმის ფილიალი გაიხსნა
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში "აბუ-დაბის ლუვრი" გაიხსნა. კუნძულ საადიათზე განთავსებული კომპლექსი ერთმანეთთან ხეივნებითა და ბილიკებით დაკავშირებული 55 შენობისგან შედგება.
ცენტრის აშენება ერთ მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. აბუ-დაბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მუზეუმი მთელი მსოფლიოდან ტურისტებს მიიზიდავს.
მუზეუმის ხელძღვანელობამ მხოლოდ დასახელებაში ლუვრის სახელის 30 წლით გამოყენებისთვის 525 მილიონი გადაიხადა.
პროექტის პარტნიორი საფრანგეთის მუზეუმების გაერთიანებაა, რომელიც იჯარით გასცემს სამუზეუმო ექსპონატებს და ვალდებული იქნება გააგრძელოს ეს 10 წლის განმავლობაში.
სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში დიდი მუზეუმების ფილიალების მოწყობა სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ უმაღლესი დონის ამდენი ექსპონატი დროებით სარგებლობაში ჯერ არცერთ მუზეუმს არ მიუღია.
ახლა ექსპოზიცია ფრანგული მუზეუმებიდან ჩამოტანილი სამასი ექსპონატისგან და ამდენივე ადგილობრივი ექსპონატისგან შედგება.
"აბუ-დაბის ლუვრის" მთავარი განძი ლეონარდო და ვინჩის "მშვენიერი ფერონიერაა", რომელსაც "მონა ლიზას" მოადგილეს უწოდებენ.