რომელმა ერმა შექმნა ჩოხა და საიდან გავრცელდა ჩოხა-ახალუხი საქართველოში
"ქართული ეთნოსი კავკასიის გეოგრაფიულ რეგიონში წარმოიქმნა. აქ შექმნა მრავალფეროვანი და ორიგინალური ეთნიკური კულტურა. მახლობელი აღმოსავლეთის კულტურულ-ცივილიზაციური სივრცის განუყოფელი ნაწილიც იყო, საიდანაც იღებდა და შემოქმედებითად გარდაქმნიდა კულტურულ მიღწევებს, ქართული კულტურის მთელი რიგი ელემენტები კავკასიის სხვა ხალხებში ვრცელდებოდა. მათ შორისაა მატერიალური კულტურის ისეთი სახე როგორიცაა მამაკაცის სამოსი, რომელიც საქართველოში ჩოხა-ახალუხის და მის ფარგლებს გარეთ ჩერქეზკის სახელითაა ცნობილი," - აღნიშნავს როლანდ თოფჩიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რომელთან ერთადაც, ამჯერად ქართული ეროვნული სამოსის, ჩოხის შესახებ ვისაუბრებთ.
ჩოხა ქართველთა ეროვნული სამოსია, რომელსაც ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მიხედვით გარკვეული სახესხვაობებიც აქვს. ცნობილი, რომ მამაკაცის ქართულ სამოსს - ჩოხა-ახალუხს, ქართველთა გარდა, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებიც მოიხმარდნენ. ასე რომ, ჩოხა საერთო კავკასიური სამოსიცაა. ის სამეცნიერო ლიტერატურაში "ჩერქეზკის" სახელითაა ცნობილი, რაც იმის ასოციაციას იწვევს, რომ თითქოს ადიღეელებმა შექმნეს და მათი მატერიალური კულტურის ეს ელემენტი კავკასიის სხვა ხალხებში, და, მათ შორის, ქართველებშიც ადიღეელებისგან გავრცელდა.
რომელი ეთნოსის მიერაა შექმნილი ჩოხა, საიდან გავრცელდა მამაკაცის სამოსი - ჩოხა-ახალუხი საქართველოში და საიდან შეითვისეს კავკასიის სხვა ხალხებმა ის, ამაზე ბატონი როლანდი ასე პასუხობს:
"ქართველი მამაკაცის სამოსი ოდითდანვე რომ კაბა/ჩოხა იყო, ამას თედო სახოკიას მიერ ჩაწერილი ეს ხალხური ლექსიც ადასტურებს: "ათასი კაბა ყმა მყავდა./ყველნი ოქროს ღილითა; /ვაჭმევდი დედალ ხოხობსა, /ვასმევდი ბროილს ჭიქითა. ვინცა შემება, შევები /ალალითა და ჯიქითა, /აწი თქვენ იცით, მეფენო, /ვინც დარჩით ამის იქითა"... აქ საუბარია იმაზე, რომ თამარ მეფეს კაბით შემოსილი ათასი ყმა ჰყავდა. ქართველები, მამაკაცებიც და ქალებიც, კაბით (რა თქმა უნდა, განსხვავებულით) იმოსებოდნენ, რომლის სიგრძე მამაკაცებში მუხლების ქვემოთ ყოფილა.
მამაკაცის კაბას/ჩოხას (სამეგრელოში "ღართი" ეწოდებოდა) ღილი არ გააჩნდა, შემდეგ კი წინიდან გაიხსნა და ღილებით იკვრებოდა. კაბის შიგნით უფრო მოკლე საგულე/ახალუხი სცმიათ. მოკლედ კი, ასე შეიძლება დახასიათდეს: ჩოხა კაბის სახის სამოსელია, რომლის საერთო ნიშანია გამოყვანილი წელი, განიერი ბოლო, მრავალკალთიანობა, ჩახსნილი წინა მხარე და ნაოჭებიანი კალთა. მკერდის მიდამოებში სოლისებური ღიობი ჰქონდა, რათა ახალუხი გამოჩენილიყო, კალთებზე შეჭრილი იყო რამდენიმე ჩაქი, სახელოები მაჯისაკენ განივრდებოდა და ხშირად აწეულს ატარებდნენ.
სულხან-საბა ორბელიანი ჩოხას "მატყლის სამოსელს" უწოდებს. საგულე რომ იგივე ახალუხია, ესეც საბას ლექსიკონიდან კარგად ჩანს: "საგულე კაბის შიგნით საცვამი". ლექსიკოგრაფს კაბა ერთი სიტყვით აქვს განმარტებული და სამოსელს უწოდებს.
დროთა განმავლობაში, შარვლის შემოსვლის შემდეგ, ტერმინი "კაბა" მხოლოდ ქალის სამოსელს ეწოდა, ხოლო კაცის სამოსელზე ტერმინი "ჩოხა" გავრცელდა, რომელიც თავიდან (ვახუშტი ბაგრატიონის დროსაც) როგორც შალის ქსოვილის, ისე სამოსელის აღმნიშვნელი იყო. შუა საუკუნეებში ხშირად ბერის სამოსელსაც ჩოხა ეწოდებოდა ხევსურულ დიალექტში ჩოხა კაცის ზედა ტანსაცმელსაც ეწოდებოდა ქალის/დიაცის სამოსსაც: "შენ გინდა ქალის ჩოხაი, კარგი მანდილი თავზედა". ჩოხა-ახალუხში აგრეთვე შედიოდა: პერანგი, ქვედა საცვალი, ქუდი, სარტყელი და ქამარ-ხანჯალი. ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მიხედვით, ჩოხა-ახალუხს განსხვავებებიც ახასიათებდა. განსაკუთრებით თავისებური იყო ხევსურული კოსტიუმი ("ტალავარი") და გურული, აჭარული და ლაზური "ჩაქურა" (გურიაში ჩაქურას "კვერტუასაც" უწოდებდნენ ).
ჩაქურა ქართული სამოსის განვითარებულ ვარიანტს წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჩოხა-ახალუხის განვითარებულ ვერსიასთან და შარვლის გამოკვეთილად დამკვიდრებასთან. ჩაქურას ზედატანი წელში გადაჭრილი ჩოხაა და წელს ზემოთ ჩასაცმელი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან სამხრეთ შავიზღვისპირეთში მუჰაჯირად წასული ქართველები ჩაქურას ზედატანს დღესაც ჩოხას უწოდებენ, ხოლო კოსტუმის ქვედა ნაწილს, "შარვალს" - "ლაზურაის". ისევე როგორც აჭარელები, ძველი კლარჯელებიც ჩოხის შიგნით ჩასაცმელს ზუბუნას სახელით მოიხსენიებენ. ფანელას შიგნით კი სელისგან მოქსოვილი პერანგი ემოსათ. ჩოხის იმ სახემ, რომელიც ეთნოგრაფიული ყოფითაა ცნობილი, როგორც ჩანს, განვითარების საკმაოდ გრძელი გზა გაიარა და მისი საბოლოო ფორმირება გვიან შუა საუკუნეებში მოხდა. ჩოხა-ახალუხს კი საბოლოო სახე ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებამ შესძინა. ჩოხაზე მიკერებულმა სამასრეებმა/საქილეებმა მისი სილამაზე და მოხდენილობა დახვეწა, ჩოხის ჩამცმელს კი მოხდენილობასთან ერთად, მეტი ვაჟკაცურობა შესძინა. მასრა-ქილებიანი ჩოხა კი ზოგადკავკასიური ტანსაცმლის ტიპია. შენიშნავენ, რომ მისი აქტიური გამოყენება საქართველოში XVIII საუკუნიდან იწყება".
ბატონი როლანდის თქმით, საქართველოში ჩვეულებრივ გამოსასვლელ ჩოხებთან ერთად ჰქონდათ საყოველდღიურო, სამუშაო ჩოხებიც. საყოველდღიურო, სამუშაო ჩოხას ჯიბეებს უკეთებდნენ. ასეთი ჩოხით, თავმომწონე კაცი გარეთ არ გავიდოდა, სირცხვილი ყოფილა. მარტო ახალუხით სტუმართან გამოჩენაც არ შეიძლებოდა. მასთან მასპინძელი აუცილებლად ჩოხა-ახალუხით და ქამარ-ხანჯლით დამშვენებული წარსდგებოდა.
- სად წარმოიქმნა ე.წ. საერთო კავკასიური მამაკაცის სამოსი, რომელიც ლიტერატურაში "ჩერქეზკის" სახელითაა ცნობილი: ჩრდილოეთ კავკასიაში - ჩერქეზეთში თუ საქართველოში? და რამ განაპირობა ამ სამოსის ასე სწრაფად გავრცელება?
- "ჩერქეზკა" გავრცელებული იყო ყაბარდოელებში, ჩერქეზებსა და ადიღეელებში. შენიშნულია, რომ ადიღეელთა ქვედა ფენის წარმომადგენლები, ისევე როგორც ქართველები, "ჩერქეზკით" მხოლოდ სადღესასწაულოდ იმოსებოდნენ. ამავე დროს, ზედაფენის წარმომადგენელთა სამოსი ფერითაც განსხვავდებოდა - ძირითადად თეთრი იყო. პოპულარული იყო აღნიშნული სამოსი ყარაჩაელთა და ოსთა შორისაც.
ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების სამოსი მონოგრაფიულად შეისწავლა ე. სტუდენეცკაიამ, რომელიც ჩვენთვის საინტერესო საკითხს ეხება: ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებშიც ჩოხა-ახალუხის/ჩერქეზკის ზედა ნაწილი ტანზე მჭიდროდ იყო მომჯდარი და წელს ქვემოთ სილუეტი თანდათანობით ფართოვდება. "ჩერქეზკას" საყელოს გარეშე კერავდნენ. ის მკერდის არეში გულამოჭრილი იყო, რომლის ორივე მხარეზე სამასრეები ჰქონდა მიკერებული. ეს ხაზს უსვამს, რომ XVIII საუკუნეში ჩერქეზული სამოსი ძალიან განსხვავდებოდა უკვე აღწერილი ჩოხისგან. იმდროინდელი სურათების მიხედვით ე.წ. "ჩერქეზკა" უფრო თავისუფლად გამოიყურებოდა და ზოგჯერ ტომარისებური ტანსაცმლის სახის იყო. მისი სიგრძე მუხლებამდე ან თეძოს ნახევრამდე ჩადიოდა. მკერდი ძალიან ამოჭრილი არ ჰქონდა, როგორც გვიანდელ, XIX საუკუნის "ჩერქეზკებს". მკერდზე მიკერებული სამასრეები თავდაპირველად არ გააჩნდა, ის გვიან, ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელების შემდეგ გაჩნდა. თავდაპირველად მასრებს ტყავის ჩანთებით ატარებდნენ, რომელიც მხარზე ან ქამარზე ჰქონდათ მიმაგრებული.
სტუდენეცკაია აღნიშნავს, რომ მის მიერ აღწერილ სამოსს მხოლოდ პირობითად უწოდებს "ჩერქეზკას". რომ ოსეთის სოფელ დარგავსის და ბალყარეთის მიწისზედა აკლდამებში ნაპოვნ "ჩერქეზკებს" სამასრეები არ ჰქონდა. ასეთი სამოსი, რომელსაც სამუშაოდ მიიჩნევენ და განასხვავებდნენ სადღესასწაულოსგან, გვხვდებოდა XX საუკუნის დასაწყისამდე.
ამგვარად, საერთო კავკასიური სამოსი, რომელიც საქართველოში ჩოხა-ახალუხისა და ჩრდილოეთ კავკასიაში "ჩერქესკის" სახელითაა ცნობილი, თავისი კლასიკური ფორმით ადიღე-ჩერქეზ-ყაბარდოელებსა და სხვა კავკასიელ მთიელებში გვიან ჩამოყალიბდა, სამოსს კი "ჩერქეზკა" იმიტომ ეწოდება, რომ ეს ე.წ. საერთო კავკასიური სამოსი პირველად რუსებმა ჩერქეზების ტანზე ნახეს.
- როგორც ამბობენ, ჩოხა-ახალუხი/"ჩერქეზკა" მამაკაცის ქართული სამოსის/კაბის/ჩოხის განვითარების შედეგად რომაა ჩამოყალიბებული, ეს შუასაუკუნეების ქართული საეკლესიო ფრესკებიდანაც ჩანსო. ამ საკითხსაც შევეხოთ. - დიახ, ასე და ფრესკებზე ამ სამოსით ტაძრის ქტიტორები არიან გამოხატული. ისინი საერო პირები იყვნენ და თანაც ზედა ფენის წარმომადგენლები. ცნობილია, რომ საქართველოში ჩოხა-ახალუხი თავდაპირველად ფეოდალური ზედა ფენის სამოსი იყო. სამართლიანადაა შენიშნული, რომ წელში გამოყვანილი მოკლე კაბა ქართველ უფლისწულთა და დიდებულთა ტრადიციულ, სადღესასწაულო სამხედრო შესამოსელს წარმოადგენდა. მამაკაცი ასეთი წელში გამოყვანილი მოკლე კაბით, რომელიც წვივებამდე წვდება, გამოხატულია სვანეთში, იენაშის ეკლესიის კედელზე. ის XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება.
- ე.ი. XVII საუკუნის პირველ ნახევარში ქართველ მამაკაცებს ძირითადად მუხლებამდე კაბა ეცვათ. - კი და მათი უმეტესობა წელში გამოყვანილია და ზედა ნაწილი ღილკილოებით არის შეკრული. ასე რომ, XVII საუკუნეში ჩოხა-ახალუხი თავისი სამასრეებით ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული. ყველა მოსაზრების შეჯერებით დასტურდება, რომ საერთო კავკასიური ჩოხა/"ჩერქესკა" საქართველოში და ქართველი ხალხის მიერაა შექმნილი. ქართველთაგან კი ის, კულტურულ-ისტორიული კონტაქტების შედეგად, გავრცელდა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში.
მამაკაცის ქართულმა კაბამ/ჩოხამ საბოლოო სახე მიიღო მას შემდეგ, რაც საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღი ფართოდ გავრცელდა და მას სამასრეები მიეკერა. მამაკაცის ქართული სამოსის - ჩოხა-ახალუხის - საბოლოო ფორმირება უშუალოდ ლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის - თოფის ფართოდ გავრცელებამ განაპირობა. საქართველოში XV-XVI საუკუნეებში გავრცელდა. XVI საუკუნის მეორე ნახევარში შიდა ქართლის ციხე-სიმაგრეებს სათოფურები აქვს. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ქართველთა ლაშქრის 38% თოფებით იყო შეიარაღებული. ანალოგიური ვითარება გვქონდა XVII საუკუნის მეორე ნახევრის ქართლში. "XVII-XVIII საუკუნეებიდან მოყოლებული კაჟიანი თოფი საქართველოშიც მზადდებოდა".
ჩნდება კითხვა - რატომ გავრცელდა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში სწრაფად ჩოხა-ახალუხი და რატომ გახდა პოპულარული, რომლის რუსულმა სახელწოდებამ ("ჩერქეზკა") მკვლევარნი შეცდომაში შეიყვანა და ჩერქეზული/ადიღეური კულტურის შემადგენელ ნაწილად გამოაცხადეს? იმის გამო, რომ ჩოხა-ახალუხი, თავისი სამასრეებით, მებრძოლისათვის მოსახერხებელი სამოსი იყო. ხოლო ჩრდილოეთ კავკასიელი მამაკაცები კი ძირითადად დაკავებულნი იყვნენ თარეშებით, ახლო თუ შორეულ მეზობლებზე თავდასხმებით; მათი მთავარი საქმიანობა მეომრობა იყო. ადიღეელთათვის (ზედაფენის მეთაურობით) ლაშქრობა და ომი ძირითად საქმიანობა გახლდათ. ჩოხა-ახალუხის უტილიტარული ფუნქცია იმ დროისთვის უდავო იყო, რამაც საქართველოდან მისი ჩრდილოეთ კავკასიაში და ჩრდილოეთკავკასიელთაგან კაზაკთა შორის გავრცელება განაპირობა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში შეიცვალა ცეცხლსასროლი იარაღი და სამასრემ პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგა, თუმცა ის ჩოხა-ახალუხს მაინც შერჩა როგორც მორთულობის ატრიბუტად და მამაკაცობის, ვაჟკაცობის სიმბოლოდ.
ლალი ფაცია
ambebi.ge