
ნენე ახობაძე ჩინეთში მცხოვრები ქართველი გოგონაა, რომელიც სოციალურ ქსელებში ჩინურ კულტურასა და ყოფას აქტიურად აცნობს ქართულ საზოგადოებას. ნენე 2015 წლიდან ჩინეთში სასწავლებლად წავიდა, დღემდე სწავლით და კვლევებით არის დაკავებული და ამავე დროს მოდელობს კიდეც. როგორია ნენეს ჩინური ცხოვრება? - ამის თაობაზე AMBEBI.GE -ს უამბობს:
- პირველად ჩინეთში თსუ-ს გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი და ვსწავლობდი ჩინურ ენასა და კულტურას, ავიღე ჩინური ენის სერთიფიკატი, მერე ისევ დავბრუნდი საქართველოში და თსუ-ში სწავლის პარალელურად, ჩინური ენის თარჯიმნად ვმუშაობდი. შემდეგ ჩინეთის მთავრობის სტიპენდია მოვიპოვე და უკვე მეორედ 2017-2018 სასწავლო წლებში ჩამოვედი ჩინეთში, ჭეძიანგის კონგშანგის უნივერსიტეტში და ვსწავლობდი ბიზნესჩინურს უცხოელ სტუდენტებთან და ასევე არაბულ ენას ჩინელ სტუდენტებთან ერთად. მაგისტრატურის გაგრძელება ჩინეთში მინდოდა, რათა შემესწავლა ჩინეთის ისტორია, ამჯერადაც, მოვიპოვე დაფინანსება და 2019 წლის სექტემბერში ჩამოვედი ჩინეთის წამყვან ჭეძიანგის უნივერსიტეტში.
- რამდენად რთულია ჩინურის სწავლა?
- თუ კარგად გინდა შესწავლა, მაშინ ძალიან რთულდება. თან რამდენიმე სხვადასხვა სირთულესთან გვაქვს საქმე - დამწერლობა, გამოთქმა, გრამატიკა, ფრაზები. ჩინეთის ისტორიის სპეციალობაზე მოხვედრა ძალიან რთული აღმოჩნდა, ენის მაღალ დონეზე ცოდნის და ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის გარდა, აქაურ გაზეთში ჩინურენოვანი სტატია უნდა გქონოდა გამოქვეყნებული, აქაურ ლექტორს უნდა მივეღე კვლევაზე და ა.შ. რისთვისაც ჯერ გასაუბრება უნდა გამევლო, მაგრამ ეს ეტაპიც გავიარე და ბოლოს მაინც მოვხვდი. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი უცხოელი ვარ მთელ სპეციალობაზე, რამაც კიდევ უფრო გაართულა საქმე, იმიტომ, რომ საერთოდ არ "მინდობდნენ", ზუსტად ისე მთხოვდნენ ყველაფერს, როგორც ჩინელ სტუდენტებს, ყოველ ორ თვეში 3-4, მინიმუმ 8 000-9 000 იეროგლიფიანი კვლევა უნდა მეწარმოებინა, თან ლექციებზე მეაქტიურა და მესწავლა, ამას დაემატა ჩემთვის მოულოდნელი ფაქტი, წიგნების და მასალების 80% აღმოჩნდა ტრადიციული ჩინური იეროგლიფებით, ასევე ზოგ კვლევაში ხელნაწერების გარჩევა მიწევდა, რაც, ჩემი აზრით, ქართულშიც კი რთულია.
ასე შემომესწავლა ტრადიციული იეროგლიფებიც, თუმცა წინასწარვე გამაფრთხილეს და პროფესიის შეცვლა მირჩიეს, მაგრამ იმდენად მინდოდა, ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ჭეძიანგის პროვინციისა და ჭეძიანგის საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტის მოწვევით, ვწერთ წიგნს საქართველოს შესახებ, წიგნი 3-4 ნაწილიანი იქნება, მოიცავს საქართველოს ისტორიას, ახლანდელ მდგომარეობას, ეკონომიკურ განვითარებას და საქართველოსთან კავშირში მყოფი ჩინელი ბიზნესმენების შთაბეჭდილებებს.
- როგორც ვიცი, მოდელადაც მუშაობ?
- გარდა სწავლისა და თარჯიმნობა-თარგმნისა, როცა დრო მაქვს, მოდელადაც ვმუშაობ. ჩინეთში ყველა უცხოელს შეუძლია მაგ განხრით იმუშაოს. იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ფილმს და რეკლამას იღებენ. ჩემს ქალაქში შედარებით იშვიათად, უფრო შანხაისა და პეკინში. 2016 წელს, ქალაქში, სადაც ვცხოვრობ - ხანგჭოუში, გაიმართა დიდი ოცეულის სამიტი, რომლის ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში მოვხვდი, იმჟამად უნივერსიტეტმა გამიწია რეკომენდაცია ტელევიზიასთან. თავიდან სახუმარო თემა მეგონა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ამ რეკლამაში მონაწილეობა ბევრ რამეში დამეხმარა და სტიპენდიისთვის გამზადებულ სამოტივაციო წერილშიც კი მირჩიეს ჩაწერა. თურმე დიდი ყურადღება ექცევა.
რამდენჯერმე უნივერსიტეტმა დამასაქმა რეკლამაში, მაგ დროს სტიპენდია არ მქონდა და ცხოვრების ხარჯებს ჩემით ასე ვფარავდი. მერე უკვე ნელ-ნელა ადგილობრივი რეჟისორები და ფოტოგრაფებიც გავიცანი და როცა დრო მაქვს, თუ რამე გადაღებაა, მონაწილეობას ვიღებ, ძირითადად თვეში 1-2-ჯერ, მეტს ვერ ვიცლი, თან ვერთობი, თან ფულს ვშოულობ, თან ფოტო-ვიდეოებს ვაგროვებ, სიბერეში შვილიშვილებისთვის ამბების მოსაყოლად. ძირითადად რეკლამებში ვმონაწილეობ, ასევე ფოტოსესიებში. ფილმებს ჩემს ქალაქში არ იღებენ, თან ფილმებისთვის დიდი დროა საჭირო. ერთხელ მივიღე მონაწილეობა სულ 1 სცენაში, რომელსაც 4 დღე იღებდნენ. შესაბამისად, ამდენი დრო იშვიათად მაქვს. ასევე ვთანამშრომლობ ადგილობრივ მედიასთან, ხანდახან მიწევს ხოლმე მათთვის ჩინურენოვანი ვლოგების ჩაწერა, ინტერვიუების აღება ან, უბრალოდ, გადაცემაში მონაწილეობა.