„შაჰ-აბასს ზოგჯერ ვაცხოვნებ. რომ არა ის, ვერც ასეთი ქართველები ვიქნებოდით და არც თქვენ მოხვიდოდით აქ“- საოცარი მოგზაურობა ფერეიდანში, სადაც საქართველო ასე ძალიან უყვართ | Allnews.Ge

„შაჰ-აბასს ზოგჯერ ვაცხოვნებ. რომ არა ის, ვერც ასეთი ქართველები ვიქნებოდით და არც თქვენ მოხვიდოდით აქ“- საოცარი მოგზაურობა ფერეიდანში, სადაც საქართველო ასე ძალიან უყვართ

„ბავშვობიდან ყოველთვის მაინტერესებდა ირანული კულტურა და ამ ქვეყნის მონახულება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ირანში არსებული უძველესი ნაგებობებისა და კულტურული ობიექტების გარდა ყოველთვის ძალიან მინდოდა ფერეიდანში მცხოვრები ქართველების ნახვა, რომლებმაც საუკუნეთა მანძილზე შეძლეს ქართული იდენტობის შენარჩუნება.“- ყვება ხელოვნებათმცოდნე, ნინო ბარნაბიშვილი Allnews-თან საუბრისას.

„ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა გიორგი ფარეშიშვილმა მითხრა, რომ მეგობრებთან ერთად ირანში გამგზავრებასა და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების მონახულებას აპირებდა და აუცილებლად ეწვეოდნენ ფერეიდანსაც. მეც დიდხანს არ მიფიქრია და შემოთავაზებას მალევე დავთანხმდი. ირანში წასვლამდე ყურადღებით გავეცანი მათ ტრადიციებსა და საზოგადოებაში მოქცევის წესებს, რათა მოგზაურობის დროს პრობლემები არ შეგვქმნოდა.“- იხსენებს ნინო ბარნაბიშვილი.

ნინომ და მისმა მეგობრებმა რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის არაერთი ღირსშესანიშნაობა მოინახულეს, მათ შორის იყო ისპაანი, შირაზი, თეირანი, პერსეპოლისი, და სხვა. თუმცა, მათზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც ფერეიდანმა მოახდინა.

1-1631353707.jpg

2-1631353776.jpg

mg-6172-1631354005.jpg

„ფერეიდანში ჩვენი წინამძღოლობა შესანიშნავმა ფერეიდნელმა ჰამიდ რეზა ასლანმა ითავა. „ათასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო“ ამბობენ. აქამდეც ვიცოდი, რომ ფერეიდნელი ქართველები შესანიშნავად საუბრობენ ქართულად, თუმცა ბატონი ჰამიდ რეზა ასლანის სუფთა, წმინდა ქართულით საუბარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გვიხსნიდა როგორ შეინარჩუნეს ამდენი საუკუნის მანძილზე ქართული ტრადიციები.... ის, რაც წინაპართაგან სმენიათ თაობიდან თაობას გადასცემენ და ასე ინარჩუნებენ ქართულ ენასა და ქართველობას. ფერეიდანს მიახლოებულნი შევჩერდით, შევისვენეთ და ფინჯან ჩაისთან ერთად გავაგრძელეთ საქართველოსა და ქართველებზე საუბარი.

img-6569-1631354328.jpg

გზად, ქართველების, სომხებისა და ქურთების დასახლებები ერთმანეთს ენაცვლებოდა. გავიარეთ ქართველთა დასახლება დაშქასანი (ტაშისკარი, დაშქესანი). ჰამიდ რეზა ასლანმა სიამაყით აღნიშნა დაშქასანში მხოლოდ ქართველები ცხოვრობენო. შემდეგ იყო სომეხთა დასახლება და შემდეგ, მთლიანად ქართველებით დასახლებული აღჩა (ახჩა. აღჩე). ახჩაში შესვლისთანავე ჰამიდ რეზა ასლანმა რამდენიმე ქართველი გააჩერა და ჰკითხა ვინაობა. ძალზედ ამაღელვებელია, როდესაც საქართველოდან ასე შორს, ამდენი კილომეტრის მოშორებით ასე თბილად და ტკბილად საუბრობენ საქართველოზე. დასმულ კითხვაზე: სადაური ხარ? პასუხად ვიღებდით: ქართველი.

mg-6336-1-1631354463.jpg

ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფერეიდანში ხშირად შეხვდებით ქართულენოვან წარწერებს. იქნება ეს მაღაზიების აბრები, შესასვლელში ზარის გასწვრივ მოსახლის ვინაობის საცნობად გაკეთებული წარწერები სახელითა და გვარით, ავტომობილები თუ სხვ. ქართულენოვან წარწერებს ფერეიდნელი ქართველები სიხარულით აჩვენებენ აქ ჩამოსულთ და უყვებიან, რომ მრავალი განსაცდელისა თუ სირთულის მიუხედავად ისინი მაინც ახერხებენ სამშობლოდან ასე შორის შეინარჩუნონ ქართული ენა.

p-20170826-135446-1-1631354544.jpg

ფერეიდნის გარდა ქართულენოვანი წარწერები გვხვდება ირანის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ ფერეიდნელთა ავტომობილებზეც მაგ. თეირანში, შირაზში და სხვ. გვხვდება შემდეგი წარწერები: „უფალო შეგვიწყალენ“, „მშვიდობით“ „სამშობლო“, „ღმერთის იმედით“, „მადლობა ღმერთს“, „ჩვენ გავიმარჯვებთ“ და აშ.

p-20170826-115838-1631354731.jpg

p-20170826-172320-01-1631354827.jpeg

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ირანში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველები ერთმანეთს დღემდე შემდეგი ფრაზით ემშვიდობებიან: „ღმერთს ებარებოდეთ“... ასე გვემშვიდობებოდნენ ჩვენც და სიმართლე რომ გითხრათ ძალიან ამაღელვებელი იყო სამშობლოდან ასე შორს ტკბილი ქართულით რომ გვხვდებოდნენ და გვაცილებდნენ..

sopeli-1631355079.jpg

ჩვენთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ფერეიდნელ ოჯახებში სტუმრობა. ბევრი ისეთი სიტყვა გავიგეთ, რომელიც აქამდე არ ვიცოდით.

მაგალითისათვის, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მისულებს მამაკაცმა გვითხრა, რომ მისი „უღელი“ მალე მოვიდოდა, რამაც ჩვენი გაოცება გამოწვია, მამაკაცს გაეღიმა და აგვიხსნა, რომ მეუღლეს ფერეიდნელი ქართველები „უღელს“ უწოდებენ.

ფერეიდნელი ქართველები პატარა გოგონას „ყორის“ ეძახიან, თვალს -„თოლის“ , „ბეური“ კი ბევრს ნიშნავს.

mg-6557-1631355233.jpg

რუისპირი (აფუსში) შევხვდით აბას აშრაფსა და მისი ოჯახის წევრებს. უწინ, მათი წინაპრები სეფიაშვილები ყოფილან. ყველაზე ასაკოვანი წევრი 70 წლის იყო და შესანიშნავად საუბრობდა ქართულ ენაზე. უმცროსი თაობის წარმომადგენლებს, უფროსი თაობის წარმომადგენლები, ბავშვობიდანვე უნერგავენ სამშობლოსა და ქართველი ხალხის სიყვარულს.

რუისპირიდან (აფუსიდან) თორელში (თოლელი, თელავი, დომბექამარი) გავეშურეთ აბულყასემ აჰმადის ოჯახში. ისევე, როგორც ჰამიდ რეზა ასლანის ოჯახში, ყველა თაობის წარმომადგენელი შესანიშნავად საუბრობს ქართულ ენაზე. მისგან გავიგეთ, რომ უწინ ქართველებს ბევრი წიგნი ჰქონიათ, ძნელბედობის ჟამს ეს წიგნები, ფერეიდნელ ქართველებს, ბოლორანში (თორელ-ბოინში), სომეხთა ეკლესიაში გადაუტანიათ.

p-20170826-164215-copy-1631355371.jpg

„დღესდღეობით ეს წიგნები დაკარგულია“- გულისწყრომით აღნიშნავს აბულყასემ აჰმადი. საუბარში მან სევდანარევით ხმით აღნიშნა: „შაჰ-აბასს ზოგჯერ ვაცხოვნებ... იცით რატომ?! ბევრი ცუდი გაგვიკეთა, მაგრამ რომ არა ის ვერც ასეთი ქართველები ვიქნებოდით და არც თქვენ მოხვიდოდით აქ (იღიმის). ახლა?! ახლა კი გვიხარია ერთმანეთის ნახვა, ერთმანეთს უფრო ვაფასებთ“. საუბრიდან გავიგეთ, რომ აბულყასემ აჰმადი აქტიურად მუშაობს ქართულ-სპარსული ლექსიკონის გამოშვებაზე.

ვაშლოვანში (სიბაქი) ქაზემ ასლანიშვილის ოჯახს ვესტუმრეთ. საოცრად შთამბეჭდავი სანახავი იყო ჰამიდ რეზა ასლანისა და ქაზემის მამაპაპისეული სახლ-კარის ხილვა. სწორედ აქ ვნახეთ ძველი კიდობანი. ოჯახში გვიამბეს, რომ კიდობანი, ტრადიციისამებრ, მზითვში მიჰქონდა ქალს.

img-6504-1631355552.jpg

შემდეგ იყო სოფელი ჯაყჯაყი. სოფელში ცხოვრობენ: ხუციშვილების, თავაძეების, იოსელიანების, ბარათაშვილებისა და სხვათა შთამომავლები. ჯაყჯაყში, ყოლამ იოსელიანის ოჯახში ვესტუმრეთ. ქართული ენა, ქართული ტრადიციები, აქაც, შენარჩუნებული აქვთ. ოჯახში ორი მანქანაა და ორივე ქართული წარწერით („სამშობლო“, „ნახვამდის“).

p-20170826-164250-1631355650.jpg

ჰამიდ რეზა ასლანი ჩუღრუთიდანაა წარმოშობით. შემდეგი გაჩერება სწორედ მის ოჯახში გვქონდა.

„მეტობა ქართველია ჩუღრუთში. თითო-თითო ბახთიარი შემოსულა, მაგრამ მეტობა ქართველები ვართ...“- სიამაყით აღნიშნა, როდესაც ჩუღრუთს მივუახლოვდით. მგზავრობით დაღლილები, მცირე ხნით, მის სახლში შევჩერდით. შესანიშნავად გვიმასპინძლა, დაგვაპურა და საღამოჟამს კვლავ გზას გავუდექით ფერეიდნელი ქართველი ექიმის სანახავად მარტყოფში (ფერეიდუნშაჰრი). ბატონ ჰამიდს დოქტორს ეძახიან, ცნობილი ექიმია. მის ოჯახში არაერთ საინტერესო ნივთს ნახავთ, რომელიც აუცილებლად გაგახსენებთ საქართველოს. მისი ვაჟი შესანიშნავად უკრავს ფანდურზე.

img-6574-1631355769.jpg

სამწუხაროდ ფერეიდნის დატოვება მალევე მოგვიწია, თუმცა ჩემთვის იმდენად ემოციური და საინტერესო იყო აქ გატარებული დრო, რომ მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ახლაც თვალწინ მიდგას ფერეიდნელი ქართველების მომღიმარი და სევდიანი სახეები, რომლებსაც სამშობლოდან შორს ასე ძალიან უყვართ საქართველო. ნამდვილად დასაფასებელია, რომ საუკუნეთა მანძილზე მათ შეუძლებელი შეძლეს და შემოინახეს ქართველობა. მათ მეტი ყურადღება და თანადგომა სჭირდებათ“- ნინო ბარნაბიშვილი, ხელოვნებათმცოდნე.

img-6595-1631355861.jpg

ბექა ბერიაშვილი