დოჭუ: კლდეზე გაშენებული ულამაზესი სოფელი თუშეთში, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თუშეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი დოჭუ მძიმე მდგომარეობაშია და გადასარჩენია... დოჭუს 2016 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. დოჭუ თუშეთში, ბოჭორნის შემდეგ მდებარეობს. გაშენებულია კლდეზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლა. სახლების უმრავლესობა 120 წელზე მეტი ხნისაა. როგორც მთელ თუშეთში, აქაც არ არის ელექტრობა. რელიეფის გამო, გზაც ბოლომდე ვერ მიდის.
ცოტა ხნის წინ დოჭუს შესახებ პოსტი და ულამაზესი ფოტოები გამოაქვეყნა ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა:
"ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი დოჭუ მძიმე მდგომარეობაშია და გადასარჩენია. სახლების უმრავლესობა 120 წელზე მეტი ხნისაა. როგორც მთელ თუშეთში, აქაც არ არის ელექტრობა. რელიეფის გამო, გზაც ბოლომდე ვერ მიდის. მთელი სოფელი მისახედია და დიდი იმედი მაქვს, დოჭუს გადავარჩენთ" - წერს ჩანადირი.
პოეტის იოსებ ლონგიშვილი ("რა ლამაზია თუშეთისა" და "შატილის ასულოს" ავტორი) შვილი ქრისტინე ლონგიშვილი 12 წელია ემიგრაციაშია იტალიაში, იგი თუშეთს წელს ეწვია და თუშეთიდან გვესაუბრა:
- დოჭუ გომეწრის ხეობის ულამაზესი სოფელია, ან რომელი სოფელი არაა ლამაზი თუშეთში?! არამარტო დოჭუზე ბევრ სოფელზე ითქმის, რომ რესტავრაცია-რეაბილიტაცია სჭირდება... 2018 წლის აგვისტო-სექტემბერში მოხდა თუშეთის 10 სოფლის რესტავრაციისთვის აზომვითი სამუშაოები, თუმცა მას შემდეგ ძვრა არ არის. ჩემთვის განსაკუთრებით გულსატკენია, გომეწრის ხეობის შემდეგ ულამაზესი წოვათის ხეობა რომ სრულიად მიტოვებულია, ულამაზესი წარო და ინდურთა კი რესტავრაციის მოლოდინშია, თუმცა იქამდე მისასვლელად ხიდიც კი არ არსებობს...
ასე რომ ბევრია გასაკეთებელი, თუ სახელმწიფო ხელს შეუწყობდა აღსადგენ სოფლებში კერძო საკუთრების დაკანონებას, ეს იქნებოდა თუშეთის აღსადგენი სოფლების დაჩქარების უდიდესი ხელშეწყობა... დოჭუ ისეთ ციცაბოზე ყოფილა ადრე პატარა ბავშვებს აბამდნენ, რომ არ დაგორებულიყვნენო. აქედან გამომდინარე მართლაც დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო დოჭუსთვის ძველი იერ-სახის დასაბრუნებლად. სოფლისთვის, სადაც გზა არც კი მიდის.... გასაკეთებელი ბევრია, ადგილობრივები კი მზად არიან თუკი დახმარება იქნება აღადგინონ თავიანთი ულამაზესი სოფელი.
- ამბობენ, გომეწრის ხეობა ტურისტული პროექტებით ნაკლებად არის ათვისებულიო...
- რა თქმა უნდა ნაკლებად იქნება, რადგან მისასვლელი გზის არქონა აძნელებს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს კი ტურისტების სიმცირის იწვევს... 12 წლის შემდეგ ავედი თუშეთში. რა თქმა უნდა შეცვლილი ინფრასტრუქტურა დამხვდა, ბევრი სიახლე... უკეთესი გზა, ინტერნეტი, ბევრი ტურისტი, ახალი მშენებლობები... როგორც ზემოთ ვთქვი გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. მე იტალიის მთებშიც მოვხვდი და იმ ინფრასტრუქტურამდე ბევრი გვაკლია, მაგრამ ძვრები აშკარაა...