ვინ არის ქართველი დიპლომატი, რომლის შთამბეჭდავი ნახატები მსოფლიომ აღიარა
შოთა იმერლიშვილმა ამერიკის სახელოვნებო დაჯილდოებაზე (American Art Award) მონაწილეობა 2019 წელს მიიღო და მსოფლიოს 72 ქვეყნის 200 ნამუშევრიდან მისი ნახატი "სტოპ" საუკეთესო კუბისტურ ნამუშევრად დასახელდა... კონკურსს ატარებს ჰოლივუდის მსახიობი და ცნობილი რეჟისორი ტომ ბიერდი, რომლის ფავორიტიც სწორედ ქართველი მხატვრის ნახატი გახდა... მისი ნახატები მსოფლიოში კიდევ ბევრჯერ გახდა გამარჯვებული სხვადასხვა კონკურსებში და განსაკუთრებული ყურადღებაც მიიპყრო..
პროფესიით დიპლომატ შოთა იმერლიშვილს "მშვიდობის მხატვარს" უწოდებენ... იგი ინტერვიუში თავის მიღწევების შესახებ გვიამბობს:
- ბატონო შოთა, რა ასაკში დაიწყეთ ხატვა, ვინ აღმოაჩინა თქვენში ხელოვანი პირველად?
- ხატვა ბავშვობიდან დავიწყე. სამი წლის ვიყავი, როდესაც დედამ ჩემი ნამუშევრები შეამჩნია. ვხატავდი ყველგან და ყველაფერზე, ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა იყო ხატვა, ხატვა კედელზე, იატაკზე, ავეჯზე ,ტანსაცმელზე და ასე შემდეგ... შესაბამისად მთელი სახლი მოხატული იყო, ყველა კუთხე და პატარა ნაწილიც კი.
- 8 წლისას რომ უკვე გარკვეული წარმატება გქონდათ (კავკასიელ ბავშვთა საერთაშორისო გამოფენა)...
- მიუხედავად ჩემი გატაცებისა ხელოვნების მიმართ, არასოდეს მისწავლია რომელიმე სახელოვნებო სკოლაში, აკადემიაში... შესაბამისად პროფესიონალური, სამხატვრო საფეხურები არ გამივლია. ერთადერთი, სადაც სახლის გარდა ვხატავდი, იყო სკოლის ხატვის წრე... ამ სივრცეში ბევრი საინტერესო და კარგი ნამუშევარი იყო გამოფენილი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩემი სამხატვრო მიმდინარეობის, ხედვის ჩამოყალიბებაში. ასევე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ყველა ის რჩევა თუ დარიგება, რასაც ვიღებდი ჩემი ხელოვნების, ხატვის მასწავლებლების ქალბატონი იზა თავაძისა და მაია კაციტაძისგან... მათ შეამჩნიეს ჩემი მისწრაფება, ნიჭი ხატვის მიმართ და ჩემი ნამუშევარი, სამხრეთ კავკასიის ბავშვთა სახელოვნებო კონკურსზე გააგზავნეს, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა 1998 წელს ქალაქ თბილისში. მე გავიმარჯვე, პირველ ადგილზე გავედი, ეს იყო ჩემი პირველი წარმატება, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემი, როგორც მხატვრის ჩამოყალიბებაში.
მას შემდეგ ძალიან ბევრ სახელოვნებო, პრესტიჟულ კონკურსსა და გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. განსაკუთრებულად ამერიკის სახელოვნებო დაჯილდოებას (American Art Award)ს გამოვყოფდი. კონკურსში მივიღე მონაწილეობა 2019 წელს და მსოფლიოს 72 ქვეყნის 200 ნამუშევრიდან ჩემი ნახატი “სტოპ’’, როგორც საუკეთესო კუბისტური ნამუშევარი დასახელდა. აღსანიშნავია რომ ამ კონკურსს ატარებს ჰოლივუდის მსახიობი და ცნობილი რეჟისორი - ტომ ბიერდი, სწორედ მისი ფავორიტი გახდა ჩემი ნახატი.
"სტოპ"
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში გამართული 2022 წლის სახელოვნებო ბაზარი(Swiss Art Expo), რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო, ცნობილ მხატვარს და ხელოვანს აერთიანებს. მნიშვნელოვანი წინსვლა და ჩემი როგორც მხატვრისათვის დიდი ნაბიჯი იყო ეს სივრცე, სადაც ჩემმა ნამუშევარმა "ბალანსმა’’ უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა და დიდი მოწონება დაიმსახურა. მანამდე იყო ჩემი გამოფენა საქართველოს საელჩოში, ქალაქ ბრიუსელში 2019 წლის ნოემბერში, სადაც წარმოდგენილი იყო ჩემი ნამუშევრები შექმნილი ერთ კონცეფციაში, ერთი იდეის გარშემო. განაგრძეთ კითხვა