ქართველი მსახიობი, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდიასთან "უცნაური ქორწინება" აკავშირებდა
ულამაზესი ქართველი მსახიობი მეგი წულუკიძე, რომელმაც ქართულ კინოში ლამაზი ქართველი ქალების სახეები შექმნა, დღეს ნაკლებად მოიხსენიება... მისი ცხოვრება ეკრანზე და ეკრანს მიღმა მეტად საინტერესო იყო..
ბიოგრაფია
მეგი წულუკიძე თბილისში დაიბადა... სწავლობდა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტში. 1939-1941წწ. ცხოვრობდა ხარკოვში; 1941 წელს დაბრუნდა ბათუმში; 1946 წელს სოხუმის დრამატულ თეატრში იწყებს მოღვაწეობას, 1948-1949წწ. ბათუმის სახელმწიფო ფილარმონიაშია, ხოლო 1953 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობია; 1954 წელს იგი მიიწვიეს კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; მისი პირველი ფილმი იყო "ქართველი ბალეტის ოსტატები"; მან ასევე ითამაშა ფილმებში: "ეთერის სიმღერა", "სხვისი შვილები", "ფატიმა", "მე ვიტყვი სიმართლეს", "დღე უკანასკნელი, დღე პირველი", "აბესალომ და ეთერი", "პალიასტომი", "აქცევა განთიადისას", "ჭიაკოკონა" და სხვები; რეჟისორ სიკო დოლიძის მეუღლე.
მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:
- ულამაზესი მეგი წულუკიძე რამდენიმე ფილმში იყო გადაღებული და მან მართლაც ძალიან ლამაზი ქართველი ქალების სახეები შექმნა... ლამაზი, მეოჯახე ქალების როლებს განასახიერებდა, რომლის შეყვარებაც ქართველ კაცს შეეძლო. ღრმა, ფსიქოლოგიური როლები არ ჰქონია, მაგრამ თავის სილამაზით და სიმართლით ქართულ კინოს ძალიან მოერგო...
იმედა კახიანი:
- მეგი წულუკიძე მართლაც ულამაზესი ქალი გახლდათ და ამავდროულად ძალიან კარგი პიროვნება... სამწუხაროდ მე მასთან ერთად არცერთ ფილმზე არ მუმუშავია, მაგრამ ოფიციალურად კინოსტუდიის თანამშრომლები ვიყავით, შეხვედრა გვიწევდა და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან...
- როგორც მსახიობზე რას იტყოდით?
- კარგი მსახიობი იყო და ამას მოწმობს მის მიერ განსახიერებული როლები, ყველა როლს თავი ძალიან კარგად გაართვა! რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის გარეგნობას, მაგრამ ნიჭიერებაც ჩანდა. სულ კეთილგანწყობილი პერსონაჟებს განასახიერებდა და ცხოვრებაშიც ასეთი იყო. რეჟისორის - სიკო დოლიძის მეუღლე იყო, იგი ხშირად იღებდა თავის ფილმებში და რატომაც არ გადაიღებდა, როდესაც ასეთი დიდებული გარეგნობის და ჭკვიანი ქალიც იყო.