"ჭაბუკიანის ხანძრის" ისტორია - 70-იანი წლების ბურუსით მოცული დანაშაული
მსოფლიო გენიად აღიარებული ვახტანგ ჭაბუკიანის შთამომავალი თამარ რუხაძე სოციალურ ქსელში მადლობის წერილს აქვეყნებს რეჟისორ ნარგიზა გარდაფხაძის მიმართ, ფილმის ("ჭაბუკიანის ხანძარი") შექმნისთვის...
"მრავალი წლის განმავლობაში ტაბუდადებულ თემასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის კვლევა და გაშუქება გმირობის ტოლფასია! არანაკლებ მნიშვნელოვანია ჭაბუკიანის, როგორც ხელოვანის და პიროვნების ჭეშმარიტი სახის წარმოჩენა ახალგაზრდა თაობისთვის" - ამბობს იგი.
ფილმი ეხება 70-იანი წლების გახმაურებულ საქმეს - ოპერაში გაჩენილ ხანძარსა და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. ნარგიზა გარდაფხაძე ვრცელ ინტერვიუზე დაგვთანხმდა და დღემდე უცნობი მასალები მოგვაწოდა:
- ქალბატონო ნარგიზა, როდის და რატომ გადაწყვიტეთ ფილმი მიგეძღვნათ საუკუნის ურთულესი ამბისთვის?
- ჩემი დაინტერესება ლეგენდარული მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ვახტანგ ჭაბუკიანის ცხოვრებისა და შემოქმედების მიმართ დიდია. მეორეს მხრივ, კონსერვატორიაში სტუდენტობის პერიოდიდან მე მახსოვდა, რომ 1973 წელს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხანძრის შემდეგ, მოარული ხმებით, ვახტანგ ჭაბუკიანი ამ დანაშაულის დამკვეთად მოიაზრებოდა. შემდეგ უკვე ისე მოხდა, რომ მე შემთხვევით აღმოვჩნდი ამ ხანძრის სასამართლო პროცესის ერთ-ერთ სხდომაზე და თავად გავხდი მოწმე ზოგიერთი დრამატული დეტალისა. ამიტომ, როდესაც მე ვახტანგ ჭაბუკიანზე ბიოგრაფიული ფილმის გადაღება მომინდა, გადავწყვიტე გამერკვია, თუ რატომ ედებოდა მას ბრალი ამ ვანდალურ აქტში. მხოლოდ ამ კვლევების პროცესმა მთლიანად ფილმზე მუშაობის დროის ნახევარი წაიღო და ჯამში - იდეიდან დაწყებული, ფილმის დასრულებამდე - ჩემი ცხოვრების ხუთი წელი შეადგინა. შემდეგ უკვე პირველი არხის ტელეფილმების მხატვრული ხელმძღვანელი, მწერალი კოტე ჯანდიერი დაინტერესდა ჩემი იდეით და რაც მთავარია, პირველი არხის ხელმძღვანელობამაც დაუჭირა მას მხარი, რაც საბოლოოდ ფილმის გადაღებით დასრულდა.
დამწვარი ოპერა
- ოპერის დაწვასთან დაკავშირებით რამდენად ვრცელი მასალაა არქივში და რა დგინდება ახალი ამ მასალების მიხედვით?
- ოპერის ხანძრის საგამოძიებო და სასამართლო სხდომების მასალები წარმოადგენს 12 ტომად გაერთიანებულ 3,5-წლიან საბჭოთა მართლმსაჯულების ისტორიის ერთ ეპიზოდს. მთელი ამ ტომეულების შესწავლის შემდეგ პასუხი თქვენს კითხვაზე, თუ რა დგინდება, მე მაქვს ერთი - სამწუხაროდ არაფერი! ჩემი კვლევების 2,5 წლის განმავლობაში მე ვიმოგზაურე საოცრად დრამატული გამოძიების ლაბირინთებში. ეს საგამოძიებო საქმე შედგება სხვადასხვა მასალებისგან. ესენია: ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულთა აღიარებითი ჩვენებები, რომლებიც გზადაგზა იცვლებოდა.
მე უნდა მიმხვდარიყავი, როდის ამბობდნენ ისინი სიმართლეს და როდის წერდნენ ტყუილს საკუთარ თავზე. ეს საქმე აგრეთვე შეიცავს სასამართლო სხდომების სტენოგრამებს. მათ შორის იგივე ბრალდებულების, რომლებიც სამსჯავროს წინაშე, ერთი მეორის მიყოლებით უარყოფდნენ ადრე აღიარებულ დანაშაულს. როგორც იმ დროს გამომძიებელი სტაჟიორი, ბ-ნი ჯემალ გახოკიძე ფილმში გვეუბნება, ამას ისინი ადვოკატების რჩევით აკეთებდნენ, რაც მიღებული პრაქტიკა ყოფილა. მხოლოდ რაღაც გრძნობით ან ინტუიციით თუ მიხვდება მკვლევარი, თუ როგორ იყო საქმე სინამდვილეში. ჩემი ინტუიცია არ მინდა სხვას მოვახვიო, რადგანაც როცა საქმე გაქვს დანაშაულთან, დამნაშავის შთამომავალთან და აგრეთვე ამ დანაშაულის მოპირდაპირე მხარეს მდგომ ძალოვანი სტრუქტურების ცოცხალ წარმომადგენლებთან, ეს არ იქნება სწორი.
მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბ-ნ ჯემალ გახოკიძეს, აგრეთვე ბ-ნი გურამ გვეტაძის ხსოვნას, ორივე დამთანხმდა ამ დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობაზე და რომ არა ისინი, ჩემი ფილმი საინტერესო არ გამოვიდოდა! მასში დარჩებოდა მხოლოდ ერთი მხარე, ანუ ბრალდებულების, რაც ნაწარმოებს ძალიან სწორხაზოვანს გახდიდა. ამ ორი პიროვნების თუნდაც მზაობა ფილმში მონაწილეობისათვის, ჩემთვის მიანიშნებს იმაზე, რომ პირადად მათ, არავითარი ბრალი არ მიუძღოდათ ბრალდებულების მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში. იხილეთ სრულად