როგორ მზადდება იახნი, ბაქლავა, ბურმე, ბორანო და აჭარული სამზარეულოს სხვა კერძები
რძის პროდუქტები, ცხიმით გაჯერებული, ნოყიერი კერძები, თევზისგან მომზადებული კერძები და კიდევ არაერთ გემრიელ, თუ უცხო ნუგბარს შეხვდებით აჭარაში. მრავალფეროვნება ამ კუთხის სამზარეულოს მკვეთრად დამახასიათებელი შტრიხია. ტკბილ-ცხარეს შერევით იშვიათი გემოები იქნება და მშვენიერი სინთეზი გამოდის. აშკარაა, რომ ეს კუთხე აღმოსავლური სამზარეულოს გავლენას მეტად განიცდის.
ამ თემაზე გასტრონომიული ტურიზმის მრჩეველი, კონსულტანტი ქეთი კვიჭიძე გვესაუბრება.
- აჭარა იმით არის საინტერესო, რომ გვხდება ბარის, ზღვის და მთის კულინარია. აქ აღსანიშნავი ქობულეთური სამზარეულოა, რომელსაც თავისი ნიშა აქვს. გვხვდება განსხვავებული და ძველი კერძები, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი. აჭარის განსაკუთრებულობა გამოიხატება რძის პროდუქტების მრავალფეროვნებაშიც. არ უნდა გამოგვრჩეს ლაზური სამზარეულოც...
როდესაც ართვინში გახლდით ლაზებთან, სანამ ჩავიდოდი ასეთი განცდა მქონდა მეგრული სამზარეულო უნდა დაგვხვედროდა, რადგანაც მანამდე ინფორმაცია ასე მოგვაწოდეს. აბსოლუტურად განსხვავებული სამზარეულო ვიხილე, რომელიც საერთოდ არ ჰგავს მეგრულს. თევზის პროდუქტები იქ სხვა ვიზუალით და გემოვნური თვისებებითაც იქცევს ყურადღებას. აღნიშვნის ღირსია, თხელი ფილოს ცომი. მოკლედ, თუ ქობულეთს არ ჩავთვლით, კოლხური გავლენები იქ ნაკლებად არის.
- ქობულეთში სამეგრელოს და გურიის სინთეზი ხდება?
- კი, ასეა და ქობულეთის სამზარეულოს მთავარი კერძი იახნია, რომელსაც უმეტესად სადღესასწაულოდ ამზადებენ. ის ხარჩოს ტიპის კერძია, ოღონდ, თავისი შტრიხებით გამოირჩევა. ბარხატას, იგივე ყვითელ ყვავილს, ჩვენ რომ ზაფრანას ვეძახით გააშრობენ, ხელით დაფსვნიან, ნიგოზთან ერთად აურევენ, შავ პილპილს და ხმელ ქინძს დაუმატებენ და იქამდე ზელენ, სანამ ნიგზის ზეთს არ გამოადნენ, მოშუშულ ხახვთან ერთად.
- საქონლის ხორცით მზადდება?
- საქონლის მკერდის ხორცს საშუალო ზომის ნაჭრებად ჭრიან და ხარშავენ. უნდა დაემატოს შავი პილპილი, ყვითელი ყვავილი (საკმაო რაოდენობით) და მარილი. ბოლოს დაჭყლეტილ ნიორს ამატებენ და მას ღომთან ერთად მიირთმევენ, სარიტუალო კერძია. ასევე საინტერესო კერძი, რაც ქობულეთში გვხდება, საღამაკარენაა. ადგილობრივები მას საღამაკარენაი - ასე ეძახიან. ჩვენ კი მას აჩმად ვიცნობთ. ლაზანიას ტიპის საჭმლია, მსგავსი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ბევრგან გვხდება. ცომის სტრუქტურაც და ტექნიკაც ფაქტობრივად, ერთი და იგივეა.
ამზადებენ ასევე „მკუხე პომიდვრის იახნის“ (ასე ეძახიან), მზადდება ნიგვზით, სხვადასხვა სუნელით, ნივრით, მოშუშული ხახვით. ქობულეთში ასევე გავრცელებულია ბრინჯის კერძები. ბრინჯის კერძები მოხსენიებულია ძველ კარაბადინებშიც. კოლხეთის დაბლობზე საუკუნეების წინ ბრინჯის მოსავალი მოჰყავდათ. უნდა ვივარაუდოთ, რომ სანამ კოლხეთის დაბლობზე ჭაობი იყო, წყალი ჭარბობდა, მოსავალი კარგად მოდიოდა. ქობულეთში შემორჩენილია უძველესი ბრინჯის საცეხვებიც. ბრინჯიანი კერძებიდან იგივე მაჯუნიც უნდა ვახსენოთ - გურულად „სუპხარჩო“ და ასევე „დედლური“, ანუ ბრინჯიანი ქათამი. ხარჩოს ტიპისაა, ნიგვზით მზადდება, უბრალოდ, ბრინჯი ემატება. იხილეთ სრულად