იყალთოს რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო; იწყება ალავერდის ტაძრის დაზიანებული გუმბათის რესტავრაცია - რა დეტალებს ავრცელებს მთავრობა
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაცია. მასშტაბური სამუშაოებისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსი ირაკლი კობახიძესთან ერთად საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვან ეკლესიასა და აკადემიის შენობას.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იყალთოს საეკლესიო არქიტექტურულ კომპლექსში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა. პრემიერმა ეკლესია და იყალთოს აკადემიის ტერიტორია დაათვალიერა; ასევე მოისმინა დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვან ეკლესიასა და აკადემიის შენობას - რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
რესტავრაციისას ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიის სახურავიდან მოიხსნება კრამიტის საფარი, გასუფთავდება კედლები, დაზიანებული ადგილები შეივსება, გამაგრდება საძირკველი, ტაძრის პერიმეტრზე მოეწყობა სანიაღვრე არხი; დაიწყება აკადემიის კედლების კონსერვაცია, გაკეთდება საყრდენი კედელი.
ძეგლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 3 073 219 ლარი“, - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული საეკლესიო კომპლექსის გარდა, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის საკათედრო ტაძრის აღდგენის სამუშაოებიც.
ამ დროისთვის ალავერდის ეპარქიისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შეთანხმებით მიმდინარეობს ტაძრის გუმბათის ირგვლივ ხარაჩოს აგება, რის შემდეგაც სპეციალისტები გუმბათის რესტავრაციას დაიწყებენ.
“სტიქიით გამოწვეული ზიანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფმა შეაფასა. ძლიერი ქარის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ალავერდის საკათედრო ტაძარი საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყველაზე მაღალი ეკლესიაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში, ალავერდის ტაძრის მიმდებარედ წარმოქმნილმა ქარბორბალამ ალავერდის მონასტრის გუმბათი დააზიანა. უამინდობის შედეგად განადგურდა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაც. თვითმხილველების თქმით თქმით ქარბორბალა ალავერდის ტაძრის მიმდებარედ რამდენიმე წუთი გრძელდებოდა რის შედეგადაც დაზიანდა ტაძრის გუმბათი და სხვა ინფრასტრუქტურა, ასევე გამვლელის ავტომანქანები.