სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება - რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში?
2024 წლის 25 აპრილს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით.რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლებითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.
რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შემდეგი შინაარსის შესწორებებს:
- ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;
- ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
- მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ - სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
- მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგი იყო - 25, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა.
სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე კანონის გავლენას.