გადასახადების მხრივ სინგაპური ნამდვილი სამოთხეა - რატომ არის ცხოვრება კარგი ამ ქალაქში?
სინგაპური მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია, სადაც ძირითად ჩინელები, მალაიზიელები, ინდოელები და ევროაზიატები ცხოვრობენ.
იგი მსოფლიო რეიტინგების მიხედვით, საუკეთესო ქალაქად არის აღიარებული როგორც მუშაობისთვის, ისე ცხოვრებისთვის.
გასულ წელს, ბრიტანულმა გამოცემა ეკონომისტმა სინგაპური მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად აღიარა. აქ საცხოვრებელი მინიმუმის დონე რეკორდული ტემპებით იზრდება, განსაკუთრებით, მეზობელ ინდონეზიასა და მალაიზიასთან შედარებით.
2014 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სინგაპურში მცხოვრები 5,6 მილიონი ადამიანიდან 1,32 მილიონი შრომითი მიგრანტია.
სხვადასხვა წყაროს თანახმად, ქვეყანაში ექსპატების რაოდენობა 600 000 აღწევს და ეს მაჩვენებელი მხოლოდ სპეციალისტებსა და ხელძღვანელ პოსტებზე დანიშნულ მუშაკებს ასახავს, რომლებსაც უფრო მაღალი კვალიფიკაცია აქვთ, უფრო მაღალ ხელფასს იღებენ და ხშირად სინგაპურში მხოლოდ სამუშაო ვიზით ჩადიან.
მაღალი ფასების მიუხედავად, სინგაპური ძალზე მიმზიდველია უცხოელი სპეციალისტებისთვის, განსაკუთრებით მარკეტინგის, ფინანსებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.
სინგაპურში მუშაობენ ისეთი მსხვილი კორპორაციების ფილიალები, როგორიცაა Microsoft, American Express, Bain & Co, Gunvor Group, Capital Land, DBS Bank, BBDO, McCann-Erickson და Edelman.
ასევე მოქმედებს მსოფლიო წამყვანი მედიასაშუალებების ცენტრები, მათ შორის BBC, ESPN, Discovery, Asian Food Channel, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას აშუქებენ.
სინგაპურშია ასევე, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობკომპანიები, მათ შორის Shell Eastern Trading.
ამასთან ერთად, ქვეყანამ დიდი ინვესტიციები ჩადო მეცნიერების განვითარებაში. აქ მოქმედებს ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. გარდა ამისა, სამეცნიერო კვლევებისთვის ქვეყანაში მთელი რაიონებია გამოყოფილი.
სინგაპურში ხელფასები საკმაოდ მაღალია.
2014 წელს, ბანკ HSBC-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სინგაპურში ექსპატების 45%-ის წლიური შემოსავალი 250 000-ზე მეტი სინგაპურული დოლარია.
ყველაზე მაღალი ფასები სინგაპურში სწორედ იმ პროდუქციაზე და მომსახურეობაზეა დაწესებული, რომელიც მაღალი მოთხოვნით სარგებლობს ექსპატებში: ესენია საცხოვრებელი ბინები, სწავლა საერთაშორისო სკოლებში, სამედიცინო მომსახურება და სხვა.
სინგაპურში ავტომობილების ფასი რეკორდულად მაღალია.
მაგალითად, სედანი BMW 320i 223 800 სინგაპურული დოლარი ღირს, ხოლო ავტომობილის მართვის 10-წლიანი ნებართვა დაახლოებით 60 000 სინგაპურული დოლარია.
სინგაპურში მაცხოვრებელთა უმრავლესობა ინგლისურ ენას კარგად ფლობს. სამუშაო ვიზის ქონის შემთხვევაში, აქ ადამიანებთან ურთიერთობა და ცხოვრების აწყობა არ გაგიჭირდებათ.
სინგაპური განსაკუთრებით მიმზიდველია იმის გამოც, რომ გადასახადების მხრივ აქ ნამდვილი სამოთხეა.
თუ სინგაპურში 183 დღეზე ნაკლებს ატარებთ, მაშინ არაფრის გადახდა არ გიწევთ, ხოლო თუ მეტი ხნით დარჩით, გადასახადების მაქსიმალური განაკვეთი 20%-ს შეადგენს.
სინგაპური, ტრადიციულად მიესალმება, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიზნით, უცხოელი სპეციალისტების მიზიდვას.
სამუშაო ვიზების გარდა, შრომითი მიგრანტებისთვის ქვეყანაში ჩასვლის ნებართვის მოქნილი სისტემა არსებობს. სამუშაო ვიზის მისაღებად, თქვენი ხლეფასი 3 300 სინგაპურულ დოლარს უნდა აღემატებოდეს.
სინგაპურის ყველაზე დიდი ნაკლი ალბათ კლიმატია.
ქვეყანა ეკვატორულ ზონაში მდებარეობს, ამიტომ აქ გავრცელებულია ტროპიკული კლიმატი ცხელი, ნოტიო, მუსონური სეზონებით.