სად და რა ფასად დავისვენებთ საქართველოს ზამთრის კურორტებზე
ზამთრის საკურორტო სეზონი მალე გაიხსნება, რაც თხილამურებით სრიალისა თუ უბრალოდ თოვლისა და ბუნების ხედების მოყვარულებს სასიამოვნოდ დასვენების შესაძლებლობას მისცემს.
იმ შემთხვევაში, თუ თხილამურებით სრიალი თქვენი ჰობი არ არის და ექსტრემალური სპორტი სულაც არ გიტაცებთ, საქართველოში ბევრი ისეთი ზამთრის კურორტია, რომელიც დროის სასიამოვნოდ გასატარებლად სხვა შესაძლებლობებს გთავაზობთ. აღნიშნული ლოკაციების შესახებ კი მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ხვიჩა ტურძილაძე მოგვითხრობს.
ხვიჩა ტურძილაძის თქმით, საქართველოში, არის ადგილები, რომლებიც ნაკლებად პოპულარულია და მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის მიზანიც მათი საზოგადოებისთვის გაცნობაა.
"აღვნიშნავდი არა სათხილამურო კურორტებს, არამედ ბუნებისმოყვარულებისთვის დასასვენებელ ადგილებს, როგორიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკია.
ძალიან ცოტამ იცის, რომ აქ არსებობს ზამთრის ბილიკები, რომლებიც ზამთარში, თოვლში გადაადგილებისთვის არის მოწყობილი.
დაახლოებით, 20 კმ-იანი მონაკვეთის გავლის შემდეგ, თავშესაფარი გვხვდება, სადაც დასვენებაა შესაძლებელი. ასევე ძალიან კარგი ბილიკებია ლაგოდეხში, სადაც არაჩვეულებრივად დასვენებაა შესაძლებელი. ზამთრის დასაწყისში სასიამოვნოა დროის იმ კურორტებზე გატარება, რომლებიც აჭარის მაღალმთიანეთსა და გურიის მთიანეთში გვხვდება. სამწუხაროდ, ისინი ასევე მივიწყებულია," - აღნიშნავს ის.
მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი ხაზს უსვამს სვანეთის კურორტებს და განმარტავს, რომ სათხილამურო ტრასების გარდა, აქ არაჩვეულებრივი პანორამებია, რომლებიც ვიზიტორებს იზიდავს.
"გამოვარჩევდი ყაზბეგის რეგიონს, რომელიც, ჩემი აზრით, პოპულარული უნდა იყოს, რადგან მას საკურორტო ზონის შესაქმნელად დიდი რესურსი აქვს.
ყაზბეგში, დარიალის ხეობაში მდებარე გველეთი, ტურისტული პოტენციალით ნამდვილად გამოირჩევა.
აქ ძალიან ლამაზი ხედები, მთები, მინერალური წყლები და სუფთა ჰაერია. თუმცა, სასრიალო ბილიკები და მსგავსი ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის," - აღნიშნავს ის.
ხვიჩა ტურძილაძე ასევე რაჭაში მდებარე კურორტების, შოვის, უწერასა და ონის მაღალმთიანი სოფლების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნული რეგიონი ზამთარში ერთ-ერთი გამორჩეულია.
"რაჭაში ტურიზმი რამდენიმე წლის წინ თითქმის არ არსებობდა და ახლა დავიწყეთ ამის მოწესრიგება," - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ მაღლმთიანი აჭარის მიმდებარე ტეროტირიაზე კურორტი გომარდული თხილამურებით სრიალისა და ბუნების მოყვარულებს ნამდვილად მოეწონება.
იმ შემთხვევაში, თუ დედაქალაქიდან შორ მანძილზე გამგზავრებას ვერ ახერხებთ, მაშინ ბეთანია, რომელიც თბილისთან ახლოს მდებარეობს, ნამდვილად კარგი არჩევანია.
"ბეთანია და თვითონ ვერეს ხეობის ეკოსისტემის ათვისება თბილისსა და ზოგდად ქვეყნის ეკონომიკას დადებითად წაადგება," - დასძენს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.
გარდა ჩამოთვლილი ნაკლებად პოპულარული ზამთრის კურორტებისა, ცხადია ბაკურიანისა და გუდაურის პოზიტიურ მხარეებზეც უნდა ვისაუბროთ. აღსანიშნავია, სვანეთში შექმნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც დამსვენებლებისთვის მიმზიდველია.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის პიარ-მენეჯერის, თამთა იაშაღაშვილის თქმით, წელს, მთის კურორტებზე ცხრა საბაგირო აშენდა.
"გუდაურში - სამი, მიტარბში სამი და სვანეთშიც სამი. სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ვხვდებით. მოიმატა სათხილამურო ტრასების რაოდენობამაც, 57 კილომეტრიდან მათი რაოდენობა 70 კილომეტრამდეა გაზრდილი," - განმარტავს ის.
აღსანიშნავია, რომ კურორტი მიტარბი ვიზიტორებს 30 წლიანი პაუზის შემდეგ წელს პირველად მიიღებს.
კურორტზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე შექმნილია.
საქართველოს ზამთრის ახალი კურორტი შეემატა
დაახლოებით, რა თანხის გადახდა მოგიწევთ სასტუმროს ნომერში, თუ ბაკურიანსა და გუდაურში დასვენებას გადაწყვეტთ? ამ საკითხზე Allnews.ge ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს, მაია კოპალიანს ესაუბრა.
"ამ კურორტებზე დასვენება ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს შეუძლია.
სასტუმროების ფასები 40$-დან იწყება და 270$-მდე ადის.
საახალწლო პერიოდში და ახალი წლის ღამეს კი ფასები 470-480$-მდე მერყეობს, გააჩნია, რომელ სასტუმროს მიმართავთ," - განმარტავს ის და დასძენს, რომ ზამთრის კურორტებზე დამსვენებელთა რაოდენობა წინა წლებში უფრო მეტი იყო.
საქართველოს ზამთრის კურორტებზე დასვენების სეზონი დეკემბრის შუა რიცხებში გაიხსნება და მარტის დასაწყისამდე გაგრძელდება.
მარიამ მენაბდიშვილი