სად დავისვენოთ აპრილში? - დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის გზამკვლევი
რასთან ასოცირდება ჩვენთვის გაზაფხული?
გამოღვიძებასთან, სიახლეებისა და თავგადასავლების ძიების სურვილთან. მძიმე და დატვირთული ზამთრის შემდეგ, დასვენებისკენ სწრაფვასთან, რაც შეიძლება მეტი სასიამოვნო და წარუშლელი შთაბეჭდილების დაგროვების სურვილთან.... ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა მიზნის მისაღწევად ყველა ჩვენგანს სავარაუდოდ, ერთი და იგივე სიტყვა მოგვივა თავში - მოგზაურობა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ამ, ერთი შეხედვით, დადებითი შინაარსით დატვირთულ სიტყვასაც ახლავს გარკვეული დისკომფორტის გრძნობა. როგორც კი აღფრთოვანების პირველი წამები გაივლის და ჩვენს ბიუჯეტზე ფიქრს ვიწყებთ, ორუცნობიანი ამოცანის წინაშე ვდგებით.
ჩემი მიზანია, საწინააღმდეგოში დაგარწმუნოთ.
გთავაზობთ ქალაქებს, სადაც მომავალ თვეში დასვენებას დიდი დანახარჯაბის გარეშე შეძლებთ. აპრილის თვეში ქუთაისის აეროპორტიდან დაგეგმილია ფრენები ისეთ ქალაქებში, როგორიც ლარნაკა, ბერლინი, სალონიკი, ბუდაპეშტი, მილანი, ვილნიუსი, კატოვიცე და ვარშავაა.
ლარნაკა
თუ გსურთ დროს გაუსწროთ და მზის მცხუნვარება და ზღვის ნოტიოჰაერი ახლავე შეიგრძნოთ, კვიპროსის ეს სანაპირო ქალაქი შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება. აქვე უნდა ითქვას, რომ კვიპროსის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქი, ქვეყანაში სიდიდით მესამეა და თანაც ისეთი ღირსენაშნაობების სამშობლოა, როგორიც წმინდა ლაზარეს ეკლესია და ჰალა სულთან ტეკეს მეჩეთია.
ქუთაისის აეროპორტიდან ლარნაკაში გამგზავრება 1 აპრილს 47,99 ლარი დაგიჯდებათ. თუმცა, აპრილის თვეში ამ ქალაქში ყველაზე იაფად 8 აპრილს გაემგზავრებით - 41,99ლარი, და 22 აპრილს გამოემგზავრებით 47,99 ლარი. ქალაქში ჩასვლისას სანაპიროსთან ახლოს დაბინავებას თუ მოისურვებთ და დღეში 85 ლარსაც გადაიხდით, თქვენ და თქვენი თანამგზავრი უფასო პარკინგით სარგებლობასაც შეძლებთ.
სალონიკი
ზღვისა და მზის მოყვარულებს არჩევანის შეჩერება საბერძნეთის ქალაქ სალონკზეც შეგიძლიათ. ზღვაზე სასიამოვნო დასვენების გარდა, საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქი, ბევრ დასამახსოვრებელ ღირსშესანიშნაობას და მრავალ ფესტივალს შემოგთავაზებთ.
ფასი სავარაუდოდ არ დაგაფრთხობთ, რადგან 4 აპრილს გაფრენის მსურველებს ქუთაისის აეროპორტში 105,99 ლარის გადახდა მოგიწევთ, თუმცა თვის განმავლობაში ყველაზე იაფად 8 აპრილს 91,99 ლარად იმგზავრებთ. უკან დასაბრუნებლად კი ყველაზე ხელსაყრელი ფასი 29 აპრილის ბილეთს აქვს - 68,99 ლარი. კვების გარეშე, ორ ადამიანზე, სასტუმროს ნომრის დაჯავშნა კი დღეში საშუალოდ 90 ლარი დაგიჯდებათ, თუმცა უფრო დაბალფასიანი ალტერნატივების ნახვა გემოვნების შესაბამისადაც შეიძლება.
ბერლინი
თუ გარუჯვას, ქალაქში ხეტიალი გირჩევნიათ და გსურთ პუნქტუალურობის საიდუმლოც ამოიცნოთ, 2 და 3 აპრილს ქუთაისის აეროპორტიდან ბერლინის მიმართულებით ფრენებია დაგეგმილი. ბილეთის შეძენისას მასპინძელ აეროპორტს დააკვირდით, რადგან ფასში სხვაობა არც თუ უმნიშვნელოა, ყველაზე იაფად მემინგენისა და შონეფელდის აეროპორტების მიმართულებით იფრენთ. ბილეთის შეძენას ყველაზე იაფად, 10 აპრილს 105,99 ლარად შონეფელდის მიმართულებით შეძლებთ. სასტუმროს დაჯავშნას კი დღეში 70 ლარის ფარგლებშიც მოახერხებთ.
ბუდაპეშტი
თუ პირველ აპრილს უნგრეთის დედაქალაქის მონახულებას მოისურვებთ 620,99 ლარის გადახდა მოგიწევთ, თუმცა ამან არ შეგაშინოთ, უბრალოდ მგზავრობა 2 კვირით გადადეთ და ბილეთებს 15 აპრილს 150,99 ლარად იყიდით. იმ შემთხვევაში თუ უკან გამომგზავრებას 24 აპრილს გადაწყვეტთ თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი ფასით სარგებლობას შეძლებთ და შთაბეჭდილებებით დატვირთულები სამშობლოში 190,99 ლარად დაბრუნდებით. სასტუმროს ყველაზე დაბალი ფასი ამ ქალაქში 37 ლარი იქნება, სანაცვლოდ, ისეთ ადგილებს ნახავთ, როგორიც ვაროშლიგეტი, ბუდას ციხე-ქალაქი და ლანცჰიდია.
მილანი
მოდის აკვანი - შესანიშნავი ეპითეტია, ბევრი თქვენგანისთვის იტალიის ეს ქალაქი ხომ ძვირფას მაღაზიებთან და დახვეწილ ჩაცმულობასთან ასოცირდება. იმის შემოწმება, ეს მითია თუ რეალობა თავად შეგიძლიათ, ამისთვის საჭიროა ბილეთი იმ დღეს დაჯავშნოთ, როცა ის ყველაზე ხელმისაწვდომია და ქუთაისის აეროპორტიდან 21 აპრილს, მილანში გაემგზავროთ, სადაც ერთი დღით სასტუმროს დაჯავშნას 70 ლარადაც შეძლებთ, ფინჯანი იტალიური ყავის დაგემოვნება კი 1. 44 ევრო დაგიჯდებათ.
ვილნიუსი
ვილნიუსის მონახულება თუ გსურთ, გირჩევთ არ იჩქაროთ და 2 აპრილის ნაცვლად, როდეsაც ქუთაისის აეროპორტში ბილეთის ფასი 190,99 ლარს შეადგენს, ფრენა 19 აპრილს დაგეგმოთ და მგზავრობაში 137,99 ლარი გადაიხადოთ. სამშობლოში ყველაზე იაფადაც 19 აპრილს დაბრუნდებით და 105,99 ლარის გადახდა მოგიწევთ. საცხოვრებელი ფართის სასტუმროში დაქირავებას, თქვენ და თქვენი თანამგზავრი, დღეში საშუალოდ, 50 ლარად შეძლებთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მისი ღირებულება მოთხოვნების ზრდის შესაბამისად იზრდება.
კატოვიცე
პოლონეთის ეს ქალაქი თავიდან სოფლის ტიპის დასახლება იყო, თუმცა, ნახშირის მდიდარი საბადოს აღმოჩენის შემდეგ, მისმა განვითარების ტემპმაც იმატა. თუ გსურთ, რომ ისტორიული მემკვიდრეობისა და მოდერნიზმის სინთეზი იხილოთ, კატოვიცაში ქუთაისის აეროპორტიდან 10 აპრილს გაფრინდით, როდესაც ბილეთის ფასი ყველაზე ნაკლები 68,99 ლარი ეღირება. ადგილზე სასტუმროს დაჯავშნისთვის კიდევ 50 ლარი დაგჭირდებათ, თუმცა იმედი მაქვს ერთი დღით არ დარჩებით ამიტომ, ცოტა მეტი ფული გაიყოლეთ.
ვარშავა
ვარშავაში გაფრენა ყველაზე ხელსაყრელი 11 აპრილს იქნება, რადგან 1 აპრილისგან განსხვავებით, ამ დღეს ბილეთის ფასი 79,99 ლარი იქნება. უკან დაბრუნებისას ფულის დასაზოგად ჯობს 20 აპრილი აირჩიოთ, შუალედში კი ქალაქის ხედებით დატკბეთ, ამის საშუალებას ცხოვრების დაბალი ფასიც მოგცემთ, რაც დღეში 62 ლარს შეადგენს.
სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!