
საქართველოში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მზად არის, რუსეთის მოქალაქეებზე ამერიკის ვიზები გასცეს- აღნიშნული ინფორმაცია Allnews.ge-ის ამერიკის საელჩოდან მიაწოდეს.
"აპლიკანტებს არასაიმიგრაციო ვიზაზე განაცხადის შეტანა აშშ-ის საელჩოებში მთელ მსოფლიოში შეუძლიათ. საქართველოში აშშ-ის საელჩოს სამუშაო პროცესის ნაწილია მესამე ქვეყნების მოქალაქეების, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეების განაცხადების მიღება" - ნათქვამია საელჩოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
თბილისში მდებარე აშშ-ის საელჩოში ასევე განმარტეს, რომ მესამე ქვეყნების მოქალაქეების განაცხადების მიღებაზე დაწესებულია შეზღუდული კვოტა და ეს არ ახდენს გავლენას საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი განაცხადების მიღების რაოდენობაზე. სავიზო მოსაკრებელი ყველაზე მოთხოვნადი ვიზის კატეგორიაზე 160 აშშ დოლარს შეადგენს - ეს მოიცავს ტურისტულ, საქმიან, სტუდენტურ და გაცვლითი პროგრამის ვიზებს. მომსახურების ღირებულება კი ყველა აპლიკანტისთვის ერთია.
როგორც Лента.ру-სთან საუბარში ქართული ტურისტული კომპანია Sky Travel-ის ხელმძღვანელი რევაზ უთურგაური აცხადებს, მისი კომპანია უკვე სთავაზობს რუს კლიენტებს ამერიკული ვიზის გასაკეთებლად თბილისში ჩასვლას.
მისი თქმით, ტურისტული სააგენტო უკავშირდება ამერიკის საელჩოს თბილისში, უგზავნის მათ კლიენტის ანკეტას, გასაუბრების თარიღს უთანხმებს და საკონსულო მოსაკრებელს იხდის.
23 აგვისტოდან ვაშინგტონმა რუსეთის მთელ ტერიტორიაზე არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. ეს პროცედურა 1 სექტემბერს განახლდება, მაგრამ მხოლოდ მოსკოვში. ასეთი გადაწყვეტილება აშშ-მ რუსეთის ხელისუფლების სურვილით ახსნა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა შეემცირებინა. ამერიკის საელჩოს თანამშრომლები ურჩევენ მოგზაურებს ვიზის მისაღებად სხვა ქვეყნებში მდებარე საკონსულოებს მიმართონ.