ულამაზესი ადგილები საქართველოში, რომელსაც შემოდგომაზე უნდა ეწვიოთ
შემოდგომა წელიწადის ის ულამაზესი დროა, როდესაც გამხმარი ფოთლებისგან გაფერადებულ ტყეებში გასეირნების, დასვენებისა და ფოტოების გადაღების სურვილი გვიჩნდება. ასეთი ტყეები ჩვენს ქვეყანაში მრავლადაა, სადაც მისასვლელად რთული გზა არ არის და გარემოც მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
შერეულფოთლოვანი ტყეებით, სადაც წითელი, ყვითელი, ყავისფერი, გაცრეცილი და მუქი მწვანე ფოთლების მქონე და წიწვოვანი ხეები მრავლადაა, რაჭა–ლეჩხუმი, შიდა და ქვემო ქართლი გამოირჩევა. მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტის, ბექა ბუხრაშვილის თქმით, რაჭა–ლეჩხუმში განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა შოვი და უწერა, ასევე აქ ბევრი საფეხმავლო ბილიკია, რომელთა გავლისას მრავალფეროვან, ფერად ფლორას იხილავთ.
"მაგალითად, არის ცხრაჯვარიდან წმინდა გიორგიზე გადასასვლელი ბილიკები, საიდანაც ნიკორწმინდასკენ გადადიხართ და რაჭის ქვედა სოფლებისკენ ჩასვლაც შეგიძლიათ, კერძოდ, თხმორში, გოგოლეთში და ა.შ. ეს ადგილები ზუსტად იმ ლანდშაფტს გთავაზობთ, სადაც შერეულია წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები, რომლებიც ულამაზეს სანახაობას ქმნის. ასევე, შაორის წყალსაცავის პირას არის ძალიან სასიამოვნო სანახაობა. აქ არსებული ბილიკებით კი შეგიძლიათ ახვიდეთ ხიხამთაზე, საიდანაც რაჭის ულამაზესი სანახაობა იშლება", – აღნიშნავს ბექა ბუხრაშვილი.
არანაკლები სანახაობა გელოდებათ შიდა და ქვემო ქართლში. "ფერადი ტყეები" შეგიძლიათ გუდარეხისა და ბირთვისის მხარეებში იხილოთ, სადაც საფეხმავლო გზად საკმაოდ მარტივია, – "ძალიან ბევრი გადასასვლელი ბილიკი შეგვხდება მანგლისისკენ, კასპის მუნიციპალიტეტშიც. ასევე , ძირითადად, საავტომობილო გზით მიდიან ცხვარიჭამიაში, სადაც შემოდგომაზე ულამაზესი სანახაობა იშლება. არანაკლებია რკონი, სადანაც კლდეკარისკენ გადასვლაც შეგიძლიათ. ორივე შიდა ქართლის მხარეა და შერეული ტყეები გვხვდება", – აღნიშნავს ბექა ბუხრაშვილი.
მისივე თქმით, რაჭა–ლეჩხუმში, შიდა და ქვემო ქართლში სხვა რეგიონებთან შედარებით ამ სეზონზე ნაკლებად მკაცრი კლიმატია და საქართველოს ლანდშაფტის პირობებში ყველაზე ლამაზი სანახაობის ხილვა შეგიძლიათ.
რაც შეეხება ამ რეგიონებში წარმოდგენილ ფაუნას, ადამიანებთან მიახლოებას ცხოველები ერიდებიან, თუმცა ფოტოების გადაღებისას, შეიძლება წააწყდეთ, მაგალითად, ციყვს.