10 რამ, რაც საუდის არაბეთში იკრძალება
საუდის არაბეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2018 წლის მარტში ქვეყანაში 30 წლიანი აკრძალვის შემდეგ, კინოთეატრები კვლავ გაიხსნება.
საუდის არაბეთში კინოთეატრები 1970-იანი წლების ბოლომდე ფუნქციონირებდა, მაგრამ შემდეგ, კონსერვატიულად განწყობილი სასულიერო პირების ზეწოლის გამო დაიხურა.
ბევრი დრო არ არის გასული მას შემდეგ, რაც მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო პირმა, მუფთი შეიხ აბდულ ალ- შეიხმა განაცხადა, რომ კინოთეატრები ადამიანთა გარყვნას ემსახურება და ქვეყანაში არსებულ მორალურ ღირებულებებს ლახავს. თუმცა, როგორც ცნობილია, ამჟამად საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების გატარებას გეგმავს, რომელიც საუდის არაბეთის მოდერნიზებას ისახავს მიზნად.
გაიცანით საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც ქვეყნის მოდერნიზებას ცდილობს
ამის მიუხედავად, ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედებს მრავალი აკრძალვა, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა სფეროს და სრულიად განსხვავებულ სოციალურ ფენებს ეხება.
1. ქალების უფლებები
საუდის არაბეთში ყველაზე ცნობილი და მრავალფეროვანი შეზღუდვები ქალებს ეხება. მსგავსი შეზღუდვა ძალიან ბევრია. კერძოდ:
• ქალს მამრობითი სქესის მეურვე უნდა ჰყავდეს - ძირითად შემთხვევაში ეს ქმარია, გასათხოვარ ქალებს კი მეურვეობას მამა, ძმა, ბიძა, ბაბუა და ვაჟიშვილიც კი უწევენ. მეურვის ნებართვის გარეშე ქალს მუშაობის დაწყება, ქვეყნიდან გამგზავრება, პირადი საბანკო ანგარიშის გახსნა და სახლიდან გასვლაც კი არ შეუძლია.
ტახტის მემკვიდრის რეფორმები ქალებისთვის დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვის შერბილებას გულისხმობს, მაგალითად 2017 წლის მაისში გამოცემული ბრძანების მიხედვით, ქალებს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად და საავადმყოფოში დასაწოლად მეურვის ნებართვა აღარ სჭირდებათ, 2018 წლიდან კი მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს მანქანის ტარების უფლებაც ექნებათ.
• სახლიდან გასვლის ან ნათესაური კავშირის არმქონე მამაკაცების სტუმრობის შემთხვევაში ქალს გრძელი ჩასაცმელი უნდა ეცვას, რომელიც არა მხოლოდ სხეულს, თმასაც კი დაუფარავს.
ქალების ტანსაცმელი ისლამში:
ჰიჯაბი -ჩასაცმელი, რომელიც ქალის სხეულს თავიდან ფეხებამდე ფარავს, თუმცა სახე ჩანს.
ფარანჯა - ზედატანი გრძელი მკლავებით. მისი ტარების შემთხვევაში, ქალს სახე სრულად აქვს დაფარული, თვალების ადგილას კი ბადე აქვს.
ჩადრი - გრძელი მსუბუქი ჩასაცმელი, რომელიც მთელს ტანს ფარავს.
ნიქაბი - თავსაბურავი, რომელსაც მხოლოდ თვალების ადგილი აქვს ღია.
ბურკა - ფარანჯას ნაირასახეობა, რომელიც პაკისტანსა და ავღანეთშია გავრცელებული. ფარავს მთელს სხეულს, თვალების ადგილას, ხშირ შემთხვევაში, ბადე აქვს.
• საუდის არაბეთში ქალებს ეკრძალებათ არანათესაური კავშირის მქონე მამაკაცთან კომუნიკაცია, მათ შორის მამრობითი სქესის მაღაზიის გამყიდველთანაც. ქალებს ეკრძალებათ მაღაზიაში ტანსაცმლის მოსინჯვა, იმ შემთხვევის გამოკლებით, როდესაც პერსონალი მთლიანად მდედრობითი სქესისგან შედგება.
• ქალებს არ შეუძლიათ სასაფლაოზე წასვლა მეურვის გარეშე, ასევე ვერ დაესწრებიან სპორტულ ღონისძიებებს და ეკრძალებათ ისეთი მოდის ჟურნალების კითხვა, რომლებმაც ცენზურა ვერ გაიარეს.
2. ცეკვა
2017 წლის აგვისტოში ქალაქ ჯიდაში მოზარდი დააკავეს, რომელიც გზის გადაკვეთისას მაკარენას ცეკვავდა. იმავე თვეს პოლიციამ დააკავა ცნობილი არაბი მომღერალი და ტელეწამყვანი აბდალ შაჰანი, მას შემდეგ, რაც მან პირდაპირ ეთერში ცეკვის ერთი ილეთის დემონსტრირება მოახდინა. თავისთავად ცხადია, რომ ამ ქვეყანაში ნებისმიერი სახის ცეკვა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან მკაცრად ისჯება.
3. ვალენტინობა
ვალენტინობის დღეს საუდის არაბეთში წითელი ფერის ვარდებისა და ზოგადად ნებისმიერი სახის წითელი ფერის ნივთების გაყიდვა იკრძალება, განსაკუთრებით კი მათი, რომლებიც გულის ფორმით არის გაკეთებული. საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ამ დღის აღნიშვნა მკვეთრად ეწინააღმდეგება ისლამის ტრადიციებს და ადამიანის ცოდვაში ჩაგდება შეუძლია.
4. პოკემონები
საუდის არაბეთის ღვთისმეტყველების საბჭომ პოკემონები 2001 წელს აკრძალა. ფატვა კიდევ ერთხელ 2016 წელს დამტკიცდა, როდესაც მსოფლიოში თამაში Pokemon Go გავრცელდა. პირველ რიგში, ღვთისმეტყველები ირწმუნებიან, რომ ეს თამაში ძალიან ჰგავს აზარტულ თამაშს, რაც შარიათის კანონების მიხედვით აკრძალულია. გარდა ამისა, მათი თქმით, ამ თამაშის პერსონაჟები ევოლუციის დარვინის თეორიას ეფუძნებიან, რაც ასევე ეწინააღმდეგება ისლამის პრინციპებს. ამასთანავე, მათი თქმით, თამაშში მასონური სიმბოლიკა გამოიყენება.
5. ჰარი პოტერი
საუდის არაბეთის ხელისუფლება განსაკუთრებით სერიოზულად ეკიდება მაგიისა და ჯადოქრობის ნებისმიერ გამოვლინებას. შესაბამისად, ყველა წიგნი და ფილმი ჰარი პოტერის თავგადასავლების შესახებ სამეფოში აკრძალულია. ჯადოქრობა და მაგია საუდის არაბეთში სიკვდილით ისჯება. ქვეყნის პოლიციაში არის სპეციალური ქვედანაყოფი, რომელიც ჯადოქრობის გამოვლენის წინააღმდეგ იბრძვის.
6. ეკლესიები და ნებისმიერი ტაძრები
საუდის არაბეთში ქრისტიანები დაიშვებიან, თუმცა, მათ საჯარო ადგილას ლოცვა და ღვთისმსახურება ეკრძალებათ. ეკლესიების მშენებლობა ასევე აკრძალულია. ქრისტიანებს საკუთარი სახლის ფარგლებს მიღმა ლოცვა ეკრძალებათ. აღნიშნული წესები ყველა სხვა სარწმუნოების აღმსარებლებზეც ვრცელდება. უახლოეს წარსულში იუდეველებს საუდის არაბეთში შესვლაც კი ეკრძალებოდათ. ისრაელის მოქალაქეობის მქონე ებრაელებს ქვეყანაში შევლა ამ დრომდე აკრძალული აქვთ.
7. ფოტოების გადაღება
ფოტოების გადაღება, როგორც ასეთი აკრძალული არ არის, თუმცა დაუშვებელია იმ შენობებისა და სასახლეების გადაღება, რომლებიც სამეფო ოჯახს ეკუთვნის. ქუჩაში მამაკაცების გადასაღებად მათი პერსონალური ნებართვაა საჭირო, ქალების ქუჩაში გადაღება კი არ შეიძლება არც ერთ შემთხვევაში.
8. ე.წ ბარბექიუ
საკუთარ ეზოში მწვადების შეწვა და სხვა სახის წვეულებების მოწყობა არ იკრძალება, თუმცა სახლის ფარგლებს მიღმა პოლიციის სპეციალური ნებართვის გარეშე ამ მიზნით შეკრება დაუშვებელია.
9. სახელები
საუდის არაბეთში ოფიციალურად არსებობს აკრძალული სახელების ჩამონათვალი. თუ საუდის არაბეთში ცხოვრობთ და ახალშობილისთვის სახელი მალიქა ან ბენიამინი გაქვთ შერჩეული, აჯობებს გადაიფიქროთ. ზოგიერთი სახელი აკრძალულ სიაში რელიგიური თვალსაზრისით მოხვდა, თუმცა ზოგიერთი სახელი ჩამონათვალში ცალსახად პოლიტიკური მიზეზით არის, მაგალითად, ბენიამინი ხომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ჰქვია.
10. ალკოჰოლი და ღორის ხორცი
ალკოჰოლი და ღორის ხორცი სამეფოში სრულად არის აკრძალული, მათი ქვეყანაში შეტანა ან ადგილზე წარმოება იკრძალება, ასევე იკრძალება იმ პროდუქციის მოხმარება, რომელიც რომელიმე მათგანის მცირე წილსაც თუ შეიცავს.
ქვეყანაში ასევე აკრძალული იყო სოციალური ქსელები, მათ შორის Facebook და Whatsapp.
მომზადებულია "ბიბისის" მიხედვით