გაიცანით 25 წლის მოგზაური, რომელიც უკვე 27 ქვეყანაშია ნამყოფი
რთულია, ისეთი ადამიანი მოძებნო, ვისაც ქვეყნიდან გასვლა და სხვადასხვა ადგილის ნახვა არ იზიდავს. ქვეყნებში მოგზაურობა, ზოგჯერ, დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
25 წლის მოგზაური დავით გოროზია, რომელიც უკვე 27 ქვეყანაშია ნამყოფი Allnews.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მოგზაურობის დასაწყებად მთავარია სურვილი, რადგან საოცნებო მოგზაურობაში წასვლა მცირე ბიუჯეტითაც შესაძლებელი.
როგორც გოროზია აღნიშნავს, დიდი ტურნეს მოწყობის ოცნება გასულ ზაფხულს აისრულა და 72 დღეში 20 ქვეყანის 35 ქალაქში მარტომ იმოგზაურა. მას ამისათვის, დაახლოებით, 3 800 ევრო დაეხარჯა.
ეს ქვეყნებია - საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, სლოვაკეთი, ხორვატია, სლოვენია, შვეიცარია, ლიხტენშტეინი, საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია.
"ეს მოგზაურობა საბერძნეთით დავიწყე. ყველაფერი წინასწარ მქონდა განსაზღვრული. მარტო ვმოგზაურობდი, თუმცა სხვადასხვა ქალაქში, ზოგჯერ, ქართველებთან ვრჩებოდი. ამჟამად 27 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ახლა მივდივარ - ისრაელში, იორდანიაში, პალესტინასა და ეგვიპტეში. ივნისში მაქვს დაგეგმილი - ლიტვა, ბელარუსი, ლატვია, ესტონეთი და რუსეთი. აგვისტოში კი - მალტა, მონაკო და ლუქსემბურგი უნდა მოვინახულო. " - აღნიშნა დავით გოროზიამ.
გოროზიას თქმით, მოგზაურობა ბავშობიდან უყვარს და ყველაზე დიდ სიამოვნებას სწორედ ამ პროცესში განიცდის. მისივე თქმით, მოგზაურბის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, ყველას შეუძლია ბევრ ქვეყანაში მოგზაურობა. პირველად დამოუკიდებლად 13 წლის ასაკში საქართველოს ფარგლებში იმოგზაურა და თითქმის მთელი საქართველო მოინახულა. საზღვარგარეთ კი 15 წლის ასაკში გაემგზავრა და ტაო-კლარჯეთ მოინახულა, შემდეგ იყო უკრაინა, მაშინ უკვე 17 წლის იყო, ხოლო ევროპაში პირველად 18 წლის ასაკში ჩავიდა. ეს ქვეყანა საბერძნეთი იყო, 5-ჯერ უარის მიღების შემდეგ, მეექვსე ცდაზე ვიზა მიიღო. მას შემდეგ სულ მოგზაურობს და ცდილობს, დიდ ქალაქებთან ერთად პატარა ქალაქებიც მოინახულოს.
"მიზანი მქონდა, რომ ქვეყნის დედაქალაქები მენახა, მაგრამ ყველა ერთმანეთს ჰგავს. ახლა ვცდილობ, უფრო ღირსშესანიშნაობები ვნახო. მაქსიმალურად ვცდილობ, მცირედი ბიუჯეტით ვიმოგზაურო. ძვირადღირებულ სასტუმროებს უპირატესობას არ ვანიჭებ. ვცდილობ, ყველაფერი ვნახო. არქიტექტურის ნახვა თუ გინდა, პარიზში უნდა წახვიდე, ნორვეგიაში კი სტავანგერში არის კლდე, საიდანაც შესანიშნავი ხედია." - აღიშნა მან.
დამწყებ მოგზაურებს ურჩევს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც მიდიან ქალაქის ტრანსპორტი შეისწავლონ, რადგან გადაადგილება უფრო მარტივი და იაფია. გოროზიას თქმით, მოგზაურობაში ყველაზე მნიშვნელოვანი, მაინც დადებითი განწყობის შენარჩუნებაა.
"მოგზაურობისას ყოველთვის კარგზე ვფიქრობ. როცა ცოტა თანხა მაქვს არ ვფიქრობ, რომ რაიმე ცუდი მოხდება და დამატებითი თანხა დამჭირდება. საქართველო ისეთი ქვეყანაა, იმის ფუფუნება არ გვაქვს რომ 5 -ვარსკვლავიან სასტუმროებში დავისვენოთ. ამიტომ, უმჯობესია, უპირატეესობა მიანოჭონ იმას თუ რამდენ ადგილს ნახავენ და არა სასტუმროსა და კარგ საჭმელს. კარგი საჭმელი, შესაძლოა, სოფელში ბებიაჩემმაც გამიკეთოს.
როცა მოგაზურობ ბუნებას უნდა შეხედო, კულტურასა და არქიტექტურას გაეცნო, ეს უკვე ინდივიდუალურია, ვისაც რა იზიდავს. მე, პირველ რიგში, მაინტერესებს მუზეუმები და ჩემი მისწრაფება მეღვინეობისადმი. თუ ისეთ ქვეყანაში ვარ, სადაც მეღვინეობა განვითარებულია მაგალითად, იტალიაში, პორტუგალიაში, საფრანგეთსა და მსგავს ქვეყნებში, ყოველთვის დავდივარ ვენახებში, მარნებში, რომ გავერკვიო. როდესაც ვმოგზაურობ, ვცდილობ, ერთი წასვლით რამდენიმე ქვეყანა ვნახო. ერთ ქალაქში ჩასვლა არ მიყვარს." - აღნიშნა მოგზაურმა
მისი ფავორიტი ქვეყანა შვეიცარიაა, რადგან ფიქრობს, რომ ის სწორედ ტურისტებისთვისაა შექმნილი.
"ასეთი დასკვნა გამოვიტანე, შვეიცარიაში მთავრობა ხალხისთვისაა და ხალხი მთავრობისთვის. ყველაფერი იდეალურადაა. ღამე სკამზე ჩამეძინა, ბნელ ადგილას და როცა გამეღვიძა ყველაფერი, ფულიც კი ადგილზე დამხვდა.
ასეთი რამ ბარსელონაში არ მოხდება, იქ ფეხსაცმელსაც გაგხდიან. კრიმინალი ნაკლებია შვეიცარიაში, ნორვეგიაში, შვედეთში. მიუხედავად კრიმინალის დაბალი დონისა, შვეიცარია ძვირი ქვეყანაა, სასტუმროში 110 ევრო მაინც გინდა. თუმცა კარვით მოგზაურობისთვის იდეალური ადგილია.
ბულგარეთი არის ქვეყანა, სადაც არანაირი კულტურა არ გააჩნიათ. ასეთი ხალხის მნახველი არ ვარ. ბეჭედი ჩარტყმული ჰქონდათ, მაგრამ ბორტიდან ჩამომხსნეს. ქართველებს უვიზო მიმოსვლა არ გაქვთო. არც ბრატისლავაში მოგზაურობისას მიმიღია სიამოვნება. - აღნიშნა გოროზიამ.
ევროპაში 12 ქვეყანა დარჩა სანახავი და შემდეგ აზიაში გეგმავს ტურების მოწყობას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მოგზაურობს და უკვე 30-მდე ქვეყანა აქვს ნანახი, საოცნებო ადგილები მაინც დარჩა. ავსტრალიის ნახვა სურს და სიდნეიში ახალი წლის შეხვედრა, საოცნებო ქვეყნების ნუსხაში პერუ, ბრაზილია და სხვა მეზობელი ქვეყნებიც მოხვდნენ.