საზღვარგარეთ თუ საქართველოს ფარგლებში - სად აპირებს საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა შვებულების გატარებას
სად აპირებს საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა შვებულების გატარებას და რამდენი ლარის დახარჯვას აპირებენ ისინი შვებულებისთვის? ამის შესახებ Allnews.ge-მ ვებგვერდზე გამოკითხვა ჩაატარა. როგორც გამოკითხვის შედეგად გაირკვა, ჩვენი მკითხველების 50,3 პროცენტი (1 111 ადამიანი) დასასვენებლად წასვლას წელს ვერ ახერხებს. 24,3 პროცენტი (536 ადამიანი) საქართველოს კურორტებზე აპირებს შვებულების გატარებას, 14,7 პროცენტი (324 ადამიანი) საკუთარ აგარაკზე, ხოლო 10,7 პროცენტი (236 ადამიანი) საზღვარგარეთ დასასვენებლად წასვლას გეგმავს.
რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენის დახარჯვას აპირებენ Allnews.ge-ს გამოკითხვაში მონაწილე პირები შვებულებისთვის, აღმოჩნდა, რომ 500 ლარამდე დახარჯვას გეგმავს 15,9 პროცენტი (333 ადამიანი), 500-1000 ლარის ფარგლებში აპირებს დახარჯვას 17,9 პროცენტი (374 ადამიანი), ხოლო 17,7 პროცენტი (370 ადამიანი) 1000 ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს შვებულებისთვის.
გამოკითხვაში მონაწილე 48,5 პროცენტი (1 016 ადამიანი) კი უფულობის გამო ვერ გეგმავს შვებულებას.
გამოკითხვა 4 დღის განმავლობაში Allnews.ge-ს ვებგვერდზე მიმდინარეობდა.