რა მსგავსებაა თუშეთის ომალოსა და საბერძნეთის დაბა ომალოს შორის
საქართველოში ყველამ იცის, რომ თუშეთში არის ულამაზესი და ისტორიული სოფელი ომალო, რომელიც ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს. თუმცა, ძალიან ცოტამ იცის დაბა ომალო, რომელიც საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მდებარეობს. მკვლევარი კახაბერ ჭიღლაძე საქართველოს ომალოსა და საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მდებარე – ომალოზე გვესაუბრება, თუ რა საერთოა მათ შორის, გარდა სახელწოდებისა.
"კრეტაზე, დაბა ომალოში ასვლისას პირველი, რაც თვალში მომხვდა, იყო დიდი მთა, რომელიც უჩვეულო, მოცისფრო ფერისაა. ტურისტებს პირველად ამ მთას აჩვენებენ, რომელსაც "ღიღილო" ჰქვია. ეს ბერძნული სახელწოდება არაფრით არ არის, რადგან "ღ" ბერძნებს არ აქვთ და ორი ასოთი წერენ.
აშკარად აქაური წოდებაა. ჩვენთან ყვავილია ცისფერი, რომელსაც ღიღილო ჰქვია. როდესაც საცხოვრებლად საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მოვხვდი, იქ მითხრეს, რომ აქ სოფელი ომალო გვაქვსო და რასაკვირველია, ძალიან დავინტერესდი.
რომელი ომალოა უფრო ადრე დაარსებული?
რა თქმა უნდა ჩვენი... მტკვარ-არაქსის კულტურა ბევრად უსწრებს მინოსისას, მით უმეტეს, თუშების კულტურა კიდევ უფრო ადრიდან იღებს სათავეს. თუშები ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ და როსტოვში არის აღმოჩენილი 5 000 წლის წინანდელი ადამიანის ნეშტები. იქიდან ერთ-ერთი 25 წლის ქალია. როსტოვის მუზეუმში მისი ნეშტი გამოიკვლიეს და ანთროპოლოგიური კვლევით დადგინდა მისი ქართული წარმომავლობა, ამიტომაც თავის ქალასგან ბიუსტი გააკეთეს და თამარი დაარქვეს, სამწუხაროდ, ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე საქართველოში არაფერს ამბობენ და ნაკლებად არის ცნობილი... როგორც ჩანს, ჩვენები როსტოვში ბარად ჩადიოდნენ. ეს ახალგაზრდა ქალი მეთაფლე აღმოჩნდა. იქ იყვნენ ასევე მესაქონლეები და ჰქონდათ ბრინჯაოს ნაკეთობები, რაც ნიშნავს რომ მეტალურგიას ეწეოდნენ...
კრეტას ომალოზე რას გვეტყოდით?
კრეტაზე რომ მითხრეს ომალოს შესახებ, ძალიან დავინტერესდი და დაუყონებლივ წავედი. მინოსური და კოლხური კულტურა ძალიან ახლოს რომ იყო ერთმანეთთან, ეს ისედაც დიდი ხანია ცხადია და მტკიცებულებებს აღარ მოითხოვს. მეფე მინოსს აიეტის და პასიფაე ჰყავდა ცოლად, მისი შვილია განთქმული არიადნა, მედეაც პირველად მასთან მიიყვანა იასონმა. კრეტაზე ძალიან ბევრი ქართული ტოპონიმი გვხვდება, "ომალო", "ორის მთები", "ლასიეთი" და ა.შ... ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი ქართველი ქალბატონით არ განისაზღვრებოდა ეს კავშირი, არამედ ჩვენ ერთი ეთნოსის წარმომადგენლები, მონათესავე ტომები ვართ.
ომალოში დამპატიჟეს რესტორანში, სადაც ნამდვილი ხაჭაპური გავსინჯე... ქართველებს რომ ხაჭაპური გვაქვს, ზუსტად იგივე, ოღონდ ყველის ნაცვლად შიგთავსი ხაჭო იყო, მაშინ დავაგემოვნე პირველად ნამდვილი ხაჭაპური-ხაჭოპური... ძალიან გემრიელი იყო, ზევიდან თაფლიც ჰქონდა მოსხმული, თაფლი ქონდრის იყო, რომელიც ძალიან განთქმულია კრეტაზე. თუშეთში ქონდარი ძალიან პოპულარულია და პირველ ადგილზე დგას, ჩაისაც კი ქონდრისგან ამზადებენ... ანუ მცენარეებიც კი წაღებული აქვთ კრეტაზე, აბა როგორ შეიძლებოდა ორი ათასი კილომეტრით დაშორებულ დასახლებებს ამდენი საერთო ჰქონდეთ?! ძალიან ბევრი რამით ჰგვანან კავკასიელებს და მოსახლეობა თავადაც არ თვლის თავს ბერძნებად.
ავტორი: მანანა გაბრიჭიძე