საქართველოში ოპერირებას ავიაკომპანია Air France გეგმავს
2019 წლის აპრილიდან საქართველოში ფრენების შესრულებას ფრანგული ავიაკომპანია Air France გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ტავ ჯორჯიას" ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ფრანგულ ავიაკომპანიასა და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია "ტავ ჯორჯიას" შორის უკვე ბოლო ეტაპზეა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ოპერირების დეტალები გასულ კვირას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
დღეისათვის Air France ფრენებს 170-მდე მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. შარლ დე გოლის ოპერატორი ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია.