
ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ვხვდებით ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იტალიის ამა თუ იმ ქალაქში სახლები 1 დოლარად იყიდება და ეს არ არის ყალბი ინფორმაცია. ზოგიერთ იტალიურ ქალაქში ბოლო წლებში თავი იჩინა დეპოპულაციამ, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლება, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, სახლებს ერთ დოლარად ყიდის.
კალიფორნიელმა ქალმა, რუბია დანიელსმა გადაწყვიტა, რომ ეს შანსი გამოეყენებინა და სამი სახლი იყიდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 2019 წლის გაზაფხულზე ამ ხელსაყრელი გარიგებით სიცილიაში, მუსომელიში სახლები შეიძინა - თავისთვის და შვილებისთვის.
მოგვიანებით რუბიამ მეგობრებიც ჩაიყვანა იტალიაში და მათაც აყიდინა რამდენიმე სახლი სიცილიაში. გეგმავს იცხოვროს ქალაქში, რომელიც პალერმოდან ორი საათის გზაზე მდებარეობს.
მართალია დანიელსი თავისი შენაძენით აღფრთოვანებულია, მაგრამ ამავდროულად, აფრთხილებს სხვა სახლების პოტენციურ მყიდველებს, რომ როცა ერთ დოლარად სახლს ყიდულობენ, არ უნდა ელოდონ, რომ იქ საოცარი შენობა დახვდებათ. რუბიას თქმით, სახლებს შეკეთება სჭირდება და საკმაოდ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.
ქალი ამბობს, რომ იტალიაში აქამდე არასდროს ყოფილა, თუმცა კარგად ფლობს იტალიურ ენას და როდესაც წაიკითხა სტატია, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მუსომელიში სახლები ერთ დოლარად იყიდებოდა, გადაწყვიტა ეს შანსი გამოეყენებინა.
რუბია იხსენებს, რომ მან ჯერ კარგად მოიძია დეტალური ინფორმაცია და შემდეგ იტალიაში გაემგზავრა, გადაწყვეტილება მალევე არ მიუღია, რამდენიმე დღე ქალაქში გაატარა, შემდეგ სახლები დაათვალიერა და შესაბამისი დოკუმენტები მოამზადა.