"საქართველოში მათ ყველაფერი აინტერესებთ"- აჭარა რუსი ტურისტების სამოთხედ იქცა?!
ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 274 006 მოქალაქემ გადმოკვეთა.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკის უპრეცედენტო მაჩვენებელი დაფიქსირდა.
9-თვიან პერიოდში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ, განსაკუთრებით შარშანდელი შუა ზაფხულიდან იმატა და პუტინის მიერ ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პიკს მიაღწია - სექტემბერში საქართველოში რუსეთის 222 274 მოქალაქე შემოვიდა, შემდეგ თვეში ამ მაჩვენებელმა 133 640-მდე იკლო, ნოემბერში კი მათი რაოდენობა 121 454 გახლდათ.
შსს-ს მიერ გამოქვეყნებული საზღვრის კვეთის სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 741 909 რუსი შემოვიდა, 747 679-მა კი ქვეყანა დატოვა. უწყების II კვარტალის მონაცემების მიხედვით, აპრილ-ივნისის პერიოდში, საქართველოში ყველაზე მეტი მოქალაქე რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა - 3 თვეში ქვეყნის საზღვარი 443 624-მა რუსმა გადმოკვეთა, რაც წლიურად 75%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში ქვეყნიდან 427 433 რუსეთის მოქალაქე გავიდა...
რუსეთის საემიგრაციო სამსახურის ცნობით, მსგავსი რაოდენობის ემიგრაცია ქვეყანაში 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ქვეყნიდან რუსეთის მოქალაქეების გადინების მასშტაბი მილიონს აღწევს. მასობრივი მიგრაციისთვის პირველადი მისამართი სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, კონკრეტულად, საქართველო და სომხეთი აღმოჩნდა, რაც რუსეთის მოქალაქეებისთვის ხელსაყრელი არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფინანსური თვალსაზრისითაც აღმოჩნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
მიგრაციის მოტივი, რიგ შემთხვევაში პოლიტიკური დევნა იყო. გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი თავს პოლიტიკური პოზიციის გამო ლტოლვილად მიიჩნევს, ზოგი კი მიზეზად სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ასახელებს. არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ უკრაინის ომმა ქვეყანაში უპერსპექტივობის განცდა გაუჩინა. სანქციების ფონზე დიდი კომპანიები იხურება. პირველ ხანებში თანამშრომლებს კომპენსაციას ჰპირდებოდნენ, ზოგს გადაუხადეს კიდეც, მაგრამ "ახლა ამაზე საუბარი გულუბრყვილობაა" - ამიტომ, გამოსავალი იპოვეს და ვისაც დანაზოგი ჰქონდა ან ონლაინ მუშაობაც შეუძლია, საცხოვრებლად თუ სამუშაოდ სხვა სტაბილურ ქვეყანას ირჩევს. ერთ-ერთი ასეთი საქართველოა, რომელიც ახლოსაა და როგორც კვლევები აჩვენებს - "არამეგობრული დამოკიდებულებაც" ძალიან შემცირებულია.
ნანო ლოგუა, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს, მოსკოვის პრესტიჟულ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს და იქაური მოქალაქეობაც აქვს, ჟურნალთან "გზა" ჰყვება, რომ ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, მის გარშემო ახალგაზრდა მედპერსონალი და პაციენტები შემცირდნენ, ახლა კი მათ უფროსი ასაკის ხალხიც მიჰყვა:
- ყოველდღე რამდენიმე ზარი შემომდიოდა და საქართველოში ცხოვრების, მუშაობის, ანაზღაურების პირობებს მეკითხებოდნენ. თავიდან მხოლოდ თბილისის გარშემო იყო კითხვები, შემდეგ კი - ბათუმზე. ვეუბნებოდი, არ ვიცი, წლებია არ მაქვს ინფორმაცია, მეც მხოლოდ სტუმრად ჩავდივარ, ტურისტულად, მაქსიმუმ ორი თვით-მეთქი. მთხოვდნენ გამერკვია, დამეკვალიანებინა, როგორ, საიდან უნდა დაეწყოთ ქართულ ქალაქებში ბიზნესის წარმოება. ხალხმრავალი ადგილები სჭირდებოდათ, რომელიც მიუხედავად სეზონისა, აქტიური იყო. რეკავდნენ ექიმები, პლასტიკური ქირურგები, სტილისტები, დიზაინერები, არქიტექტორები. უფროსი თაობა შვილებისთვის ინტერესდებოდა, არ უნდოდათ ისინი ომში გაეწვიათ. ერთი პერიოდი ხმა გავრცელდა, თითქოს პუტინი ომში ექიმების გაწვევას აპირებდა, რასაც ქვეყნიდან "სამედიცინო ტალღის" გადინება მოჰყვა... ასაკობრივად მე ჯერ არ მიწევს. აქამდე წავიდოდი აქედან, მაგრამ დედას გადაადგილება თითქმის არ შეუძლია, თან ვფიქრობდი, ჩემი რუსული სამედიცინო გამოცდილება ვის რაში სჭირდება-მეთქი?
ამასობაში, ემიგრანტი რუსებისგან ვიგებ, რომ ბევრმა მათგანმა საქართველოს გავლით ევროპას მიაშურა, მაგრამ უამრავი საქართველოში დარჩა. რამდენიმე დღის წინ დამირეკეს ბათუმიდან, ჩვენი ფართობი გვაქვს, კეთილმოწყობილი ნომრებით, კაფე-ბარით, საუნით, მასაჟის კაბინეტით და თუ დასასვენებლად წამოსვლას გადაწყვეტ, სხვაგან ნუ ეძებო... სახტად დავრჩი. დარწმუნებული ვარ, სხვებსაც ასე ურეკავენ. სოციალური ქსელების დახურულ ჯგუფებში შექმნილი აქვთ თავიანი სასტუმროების, კაფე-ბარების გვერდები. მთხოვეს გამეზიარებინა, რაც შეიძლება მეტმა ნახოს და რუსეთიდან ჩამოსულმა ადამიანმა ამ დაწესებულებების სხვაგან ძებნა არ დაიწყოსო. ტაქსებიც კი თავიანთი ჰყავთ, ანუ ბათუმში ჩასულ რუს ტურისტებს ისევ რუსები ხვდებიან... როგორც ვიგებ, გახსნილი აქვთ თავიანთი სურსათის, ტანსაცმლის, აქსესუარების, საჩუქრების მაღაზიები, სილამაზის სალონები. აყვანილი ჰყავთ რუსულენოვანი მომსახურე პერსონალი, მზარეულები, მიმტანები. არ ვიცი, რას ხედავს იქ ადგილობრივი მოსახლეობა, მაგრამ რაც აქედან ჩანს, ძალიან საშიშია. ნოვოდვორსკაიამ ჯერ კიდევ წლების წინ თქვა, - არ შეუშვათ რუსი თქვენს სახლში, თორემ იქიდან გამოგაგდებთო და მგონი, დაეჯერება, თავისი ხალხის ფსიქოლოგიას საკმაოდ კარგად იცნობდა.
წელს აჭარაში დასვენება რომ ყველაზე ძვირია, ამაზე ბევრი დამსვენებელი საუბრობს. ბათუმელი ნენე დალაქიძე ამბობს, რომ დამწყები ინდმეწარმეა და კონკურენტებთან უთანასწორო პირობებში აღმოჩნდა. მისი თქმით, მას და რამდენიმე ათას ადგილობრივს ბიზნესის წარმოება, ტურისტების მიღება ძირითადად, ბანკის ვალებით უწევთ, შესაბამისად, კონკურენციას უნდა აჰყვნენ. საქმე ის არის, რომ მომხმარებლის უმეტესობა რუსია. ადგილობრივებს იმედი ჰქონდათ, რომ რუსი ტურისტების ხარჯზე მომხმარებელი არ მოაკლდებოდათ, ამიტომაც, როგორც თავად ამბობს, "ბაზარმა თავიდანვე მაღალი ფასები დაარეგულირა", თუმცა, სიტუაცია სრულიად სხვაგვარად განვითარდა:
- აჭარაში, კერძოდ ბათუმში დასვენება იაფი არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა რაც ხდება, ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს; ნომრები, რომელიც შარშან 100 ლარი ღირდა კვებით, წელს 150 ლარიდან იწყება... ეს რუსი ტურისტებისთვის მაინც არ არის ძვირი. თავდაპირველად მართლაც ტევა არ იყო კაფე-ბარებსა და რესტორნებში. ბიზნესის მეპატრონეები, ყველა თუ არა, დიდი ნაწილი მაინც, ნამდვილად გახარებული იყო, - თუ ეს რაოდენობა ზაფხულის სეზონზე შენარჩუნდა, კარგი იქნებაო. რამდენჯერმე მქონია შემთხვევა, თავად შევესწარი ან პირადად მითხრეს უარი, სტუმრებს ველოდებით და ერთი ხაჭაპურისთვის ვერ მოვცდებითო, ანუ რუსებს ელოდებოდნენ, რომლებიც ოჯახებით დადიოდნენ საკვებ ობიექტებში. ჩემს სახლთან ახლოს საცხობია, რომელსაც ღია და დახურული კაფეები აქვს. რამდენჯერმე შევესწარი, ახალგაზრდა წყვილი, მცირეწლოვანი ბავშვებით დილის ჩაიზე ჩამოდიოდა, ნოუთბუქებით ხელში და საღამოს ჩაიმდე რჩებოდნენ. მეპატრონემ რბილი კუთხეები დაამატა, თავი რომ კომფორტულად ეგრძნოთ... ასე მოიქცნენ სხვებიც. რუსები მთელი დღე იქ იყვნენ, ჭამდნენ, შვილებს იქვე აძინებდნენ, ათამაშებდნენ და ონლაინ მუშაობდნენ. ახლობლებმა გააქირავეს ისეთი ბინები, რომელიც ნახევრად გარემონტებული იყო. ერთი გახარებული მიყვებოდა, - ასე მითხრეს, სამზარეულო არც გვჭირდება, საჭმელს ვიძახებთ და არც ოჯახური შეკრებები გვახასიათებსო. იხილეთ სრულად