„ძალიან მაღალი ფასია საბაგიროს ბილეთებზე - არასეზონურად ინტერესი თითქმის არ არის და თუ ვინმე ჩერდება, მხოლოდ 1 დღით“
„დიდი პოტენციალი არსებობს, რომ ზაფხულშიც დატვირთული იყოს გუდაური. არსებული ტრასების გამოყენება სხვადასხვა სპორტული აქტივობებისთვის ზაფხულშიც შეიძლება,“- ამის შესახებ „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, გუდაურის მიმართ არასეზონურად ინტერესი თითქმის არ არსებობს და თუ ვინმე ერთი დღით ჩერდება, მხოლოდ ყაზბეგის ფაქტორის გამო.
„ზამთრის სეზონი ძალიან კარგი იყო, ამაში კლიმატმაც შეგვიწყო ხელი. ამინდი დაგვეხმარა, რომ უფრო აქტიურად მოგვეზიდა სტუმრები და საკმაოდ კარგად ჩავატარეთ სეზონი, მაგრამ ეს იმიტომ არა, რომ ხელშეწყობა გვქონდა, უბრალოდ დუბაის ბაზარი ძალიან გააქტიურდა ამ პერიოდში, ჩვენც გამოვიყენეთ და შედეგი გამოიღო.
რაც შეეხება ზაფხულს, გუდაურის მიმართ ინტერესი ფაქტობრივად არ არის, აქ მხოლოდ ერთი ღამით შეიძლება გაჩერდეს ის ხალხი, ვინც ყაზბეგში მიდის. ესეც იმიტომ, რომ ამდენი სასტუმრო, რაც გუდაურშია, ყაზბეგში არ არის და ჯგუფურ ტურებზე გუდაურში ჩერდებიან. თორემ, ზაფხულში დატვირთვა თითქმის არ არის.
რა თქმა უნდა, დიდი პოტენციალი არსებობს, რომ ზაფხულშიც დატვირთული იყოს. არსებული ტრასების გამოყენება სხვადასხვა სპორტული აქტივობებისთვის ზაფხულშიც შეიძლება. კვადროციკლები იქნება ეს, ზიპლაინი თუ სხვა. მაგრამ ჩვენ იმასაც ვერ მივაღწიეთ, რომ ზუსტად გავიგოთ, როდის ჩაირთვება საბაგირო, ზაფხულში გუდაურიდან ყაზბეგის მიმართულებით შეიძლება საბაგიროთი გადასვლა, თუმცა, ყოველწლიურად გვიან ხსნიან და არც თარიღი არის ხოლმე წინასწარ ცნობილი. არადა, სრულიად შესაძლებელია, რომ ზაფხულშიც დაიტვირთოს გუდაური,“ - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.
მისი თქმით, გუდაურში ისევ პრობლემად რჩება შიდა გზების, ტროტუარების არ არსებობა, ისევე როგორც საბაგიროს სიძვირე.
„ყველაზე დიდი პრობლემა სეზონის ბოლომდე იყო გზა. ანუ, შიდა გადაადგილების გზები ერთი დიდი ტალახი იყო. არ არსებობს ტროტუარები და არც ფიქრობენ გააკეთონ. საღამოს ადამიანი რომ გამოვიდეს და მეორე პუნქტში წავიდეს, უნდა იაროს „ტრასაზე“ ტრაილერებთან ერთად. რაც აბსოლუტურად არც სასიამოვნოა და არც უსაფრთხო.
გარდა ამისა, ძალიან მაღალი ფასია საბაგიროს ბილეთებზე, რაც აბსოლუტურად გაუმართლებელია. შეღავათების სისტემა მოქმედებს მხოლოდ სტუდენტებზე, სხვა კატეგორიებისთვის არა. ამბობენ, რომ ხარჯები დიდიაო და ა.შ. კი ბატონო, გვესმის, მაგრამ ეს ეხება მომავალი თაობების ჯანსაღ ცხოვრებას, როცა ვასუბსიდირებთ უამრავ სისულელეს, კეთილი ინებე და დაასუბსიდირე ადამიანების ჯანსაღი ცხოვრება. ქვეყანაში, სადაც არ გაგვაჩნია ნორმალური საცურაო აუზები, მოდი რაც გაგვაჩნია, იმას მაინც შევუწყოთ ხელი, რომ ადამიანებმა ისრიალონ მაინც. იქაურ სხვა ფასებში არ ვერევი, ეს კერძო ბიზნესია და მათი გადასაწყვეტია, მაგრამ საბაგირო და ტრასები, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, შეგვიძლია მოვითხოვოთ, რომ იყოს მოქნილი პაკეტები, რათა ადამიანებმა უფრო ხშირად შეძლონ სრიალი, რაც საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული, სწორედ საბაგიროს ბილეთის ფასის გამო“,- აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე.