
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში "ბედნიერების მინისტრის" პოსტი შეიქმნება. ამის შესახებ "ალ-ჯაზირას" ცნობით, ქვეყნის პრემიერმა, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო მინისტრი "ბედნიერების საკითხებში" მოქალაქეების ბედნიერების უზრუნველყოფაზე იმუშავებს. "შეიქმნება ახალი პოზიცია, ბედნიერების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, რომელიც სოციალური სიკეთეებისა და კმაყოფილების კუთხით მთავრობის პოლიტიკაზე იმუშავებს", - დაწერა მან "ტვიტერის" გვერდზე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერი "ტვიტერით" მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს. გასულ კვირას მან დაწერა, რომ სურს 25 წლამდე ასაკის ადამიანი დანიშნოს მინისტრად, რომელიც ახალგაზრდების საკითხებზე იმუშავებს. ამასთან, როგორც შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა აღნიშნა, იგეგმება რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება და ტოლერანტობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნაც.
არაბთა გაერთიანებული საამიროები არის ფედერაცია, რომელიც შვიდი დამოუკიდებლად მართვადი საამიროსგან შედგება.
თუ საამიროებში "ბედნიერების სამინისტრო" შეიქმნება, ის გახდება პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უწყება იფუნქციონირებს.