
სირიის ქალაქ ალეპოში ინტენსიურმა ბრძოლამ 50 000 ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია. ამის შესახებ "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი" იტყობინება. ორგანიზაციის განცხადებით, სირიაში ჰუმანიტარული ვითარება ძალიან სწრაფად უარესდება, ქალაქ ალეპოს მოსახლეობას წყალი აღარ მიეწოდება. როგორც "წითელი ჯვრის" განცხადებაშია აღნიშნული, ალეპოსთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია, რის გამოც ჰუმანიტარული დახმარების ქალაქამდე ჩატანა ვერ ხერხდება.
ამას გარდა, 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ათობით სამოქალაქო პირი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ალეპოში რამდენიმე კვირის წინ ინტენსიური დაპირისპირება დაიწყო. სირიის სამთავრობო ძალები ცდილობენ ამბოხებულების მიერ დაკავებული უბნები გაათავისუფლონ, მათ რუსეთის საჰაერო ძალები ეხმარებათ.
პარალელურად, მძიმე ვითარებაშია თურქეთის საზღვართან მყოფი სირიელი ლტოლვილები. დაახლოებით 30 000 იძულებით გადაადგილებული პირი საზღვართან თურქეთის გადაწყვეტილებას ელოდება. თუმცა, ანკარა მათ ქვეყანაში შეშვებას ჯერ არ აპირებს.
"ტემპერატურა ძალიან დაბალია, ლტოლვილებს საკვების და წყლის მარაგი არ აქვს. იძულებით გადაადგილებულ პირებს არ აქვთ თავშესაფარი. ისინი გადარჩენას ცდილობენ", - განაცხადეს "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" სირიის წარმომადგენლობაში.
თურქეთმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უკვე მიიღო 2,5 მილიონი სირიელი ლტოლვილი და აცხადებს, რომ კიდევ მიიღებს, თუმცა, გარკვეული შეზღუდვებით.