დელიში 10 მილიონზე მეტი ადამიანი წყლის გარეშეა დარჩენილი
ინდოეთის დედაქალაქში 10 მილიონზე მეტი ადამიანი წყლის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, წყლის მიწოდების შეწყვეტა საპროტესტო აქციებმა გამოიწვია. თუმცა, არმიამ კონტროლი წყლის მთავარ არხზე აღადგინა. დედაქალაქ დელის წყლის კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 3-4 დღე იქნება საჭირო წყლის მიწოდების სრულად აღდგენისთვის.
დელიში საპროტესტო აქციები ჯატების ტომის წარმომადგენლებმა გამართეს, ისინი მათი ტომისთვის უკეთეს პირობებს ითხოვდნენ. სამდღიანი არეულობის შედეგად ინდოეთის დედაქალაქში 16 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. თუმცა, დღეს დემონსტრანტებმა ადგილობრივ მთავრობასთან ნაწილობრივ შეთანხმებას მიაღწიეს, რის შემდეგაც წყლის არხზე სამთავრობო ძალებმა კონტროლი აღადგინეს.