02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

პუტინს, შესაძლოა, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ბრალი წაუყენონ | Allnews.Ge

პუტინს, შესაძლოა, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ბრალი წაუყენონ

სკოტლანდ-იარდი და დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური MI6 სირიაში რუსული სამხედრო ავიაციის მიერ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის ფაქტებს იძიებენ, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლდეს. ამის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, ბრიტანელი გამომძიებლები ახლა ლიბანში, ბეირუთში მდებარე დიდი ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებიან, საიდანაც მეზობელ სირიაში მყოფი რუსი სამხედროების ქმედებებზე მონიტორინგს ახორციელებენ. ბრიტანული სპეცსამსახურები ამზადებენ საიდუმლო დოსიეს თავდასხმების კონკრეტული შემთხვევების შესახებ, რასაც შესაძლოა, მოჰყვეს პუტინისთვის ბრალდების წაყენება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც შეიქმნება საერთაშორისო ტრიბუნალი. Daily Mail-ის ცნობით, აშშ-ის კონგრესის ერთ-ერთმა გავლენიანმა კომიტეტმა ასეთი ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა.

გამოცემა იხსენებს, რომ გასულ თვეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა გააფრთხილა მოსკოვი, რომ სამედიცინო დაწესებულებების დაბომბვა შეიძლება ჩაითვალოს სამხედრო დანაშაულად. ცოტა ხნის წინ კი, საგარეო უწყებიდან ცნობილი გახდა, რომ ლონდონი სირიაში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება.

 

სირიის პროვინცია ალეპოს ჩრდილოეთში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ე.წ. სირიის თავისუფალ არმიას უჭერს მხარს, ოქტომბრის დასაწყისიდან სარაკეტო დაბომბვები 8 საავადმყოფოზე განხორციელდა. რუსულ და სირიულ ავიაციას ქვეყნის სხვა ნაწილებში მდებარე საავადმყოფოების დაბომბვაშიც სდებენ ბრალს.

 15 თებერვალს სირიის დასავლეთში მდებარე ქალაქ მაარეტ ალ-ნუმანში ორი სამედიცინო დაწესებულების დაბომბვას 25 ადამიანი ემსხვერპლა. პირველი იერიშის შემდეგ ექიმებმა დაჭრილები სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელზეც ერთ საათში ავიაციამ სამი რაკეტა ჩამოაგდო.

საერთაშორისო სამართლის თანახმად, კონფლიქტის ზონაში მდებარე ყველა სამედიცინო დაწესებულება საერთაშორისო დაცვის ქვეშაა. რუსეთი უარყოფს, რომ მისი ავიაცია ამ ობიექტებს ბომბავს და აცხადებს, რომ მფრინავების სამიზნე მხოლოდ ტერორისტები არიან.

თუმცა, როგორც Daily Mail-თან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დევიდ ოუენი აცხადებს, მოსკოვის მტკიცება იმის შესახებ, რომ მისი ბრძოლა მხოლოდ "ისლამური სახელმწიფოს" წინაააღმდეგაა მიმართული, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამასთან სირიის ჩრდილოეთში მომუშავე ექიმი, 50 წლის აბდულ აზიზი ყვება, რომ საავადმყოფოები და სამედიცინო პერსონალი რუსული სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

სირიელი ექიმი გასული წლის დეკემბერში, სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ აზაზის საავადმყოფოში იმყოფებოდა, როცა რუსულმა ავიაციამ შენობაზე იერიში მიიტანა. შედეგად დაიღუპა 3 ექიმი და 5 პაციენტი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

"ეს საშინელება იყო, ხალხი ყვიროდა, ტიროდა, საავადმყოფო კვამლში იყო გახვეული, ვერაფერს ვხედავდით. ჩვენ სარდაფში ჩავედით, ვლოცულობდით, რომ თვითმფრინავი მალე წასულიყო. ციოდა, ბნელოდა, ვიხრჩობოდით. როცა ყველაფერი დაასრულდა, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. გადავრჩი, მაგრამ შვება ვერ ვიგრძენი, რადგან ჩემი კოლეგები და პაციენტები დაიღუპნენ", - ამბობს სირიელი ექიმი.

საერთაშორისო უფლებადამცველმა და ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა არაერთი განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალები სირიელი მეამბოხეების კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარე სამოქალაქო ობიექტებს ბომბავენ, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 27 თებერვლიდან სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, რუსული თვითმფრინავები სირიულ საავადმყოფოებზე ავიადარტყმებს კვლავ განაგრძობს.