
ანკარაში განხორციელებული ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა რადიკალურმა სამხედრო დაჯგუფება "ქურთისტანის გათავისუფლების ქორებმა" აიღო.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, შესაბამისი განცხადება დაჯგუფების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ქურთი რადიკალები ამ განცხადებაში თურქეთს ფაშისტურ ქვეყანას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ანკარაში მომხდარი ტერაქტი იყო პასუხი თურქეთის სამხედრო ოპერაციაზე, რომელსაც თურქეთი სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქურთების დასახლებულ რაიონებში ატარებს.
"ქურთისტანის გათავისუფლების ქორები" აცხადებენ, რომ ანკარაში ორგანიზებული ტერაქტი თურქეთის უშიშროების ძალების თანამშრომლების წინაღმდეგ იყო მიმართული.
მათი ცნობით, თუ ანკარა პოლიტიკას არ შეცვლის, დაჯგუფება ახალ თავდასხმებს განახორციელებს.
13 მარტს თურქეთის დედაქალაქში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას 37 ადამიანი ემსხვერპლა.