
14 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოსკოვს ეწვევა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„14 ივლისის საღამოს ჯონ კერი მოსკოვში ჩავა, სადაც გამართავს შეხვედრებს რუს მაღალჩინოსნებთან სირიაზე, უკრაინაზე, მთიან ყარაბაღსა და სხვა საკითხებზე სასაუბროდ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ ჯონ კერის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოსკოვს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა. დაგეგმილია ასევე ვიზიტები საფრანგეთში, ლუქსემბურგში, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაში.
ბოლოს ჯონ კერი მოსკოვს მიმდინარე წლის მარტში ეწვია, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.