საფრანგეთში ხვალიდან სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული
საფრანგეთში ხვალიდან სამდღიანი ეროვნული გლოვაა გამოცხადებული. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
"რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს ეროვნული გლოვა 16,17 და 18 ივლისს, ნიცაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ტერორისტების მიზანი შიშისა და პანიკის დათესვაა.
"მაგრამ საფრანგეთი ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი დემოკრატიაა, რომელიც დესტაბილიზაციის უფლებას არავის მისცემს", - განაცხადა მანუელ ვალსმა.
ბოლო მონაცემებით, გუშინ ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 ბავშვია.