
დღეს ნაგასაკის ატომური დაბომბვიდან 71 წელი შესრულდა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქალაქში სამთავრობო პირები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ.
სპეციალური ცერემონია ნაგასაკის დაბომბვის მემორიალთან გაიმართა, სადაც იაპონიის პრემიერ- მინისტრი სიტყვით გამოვიდა. როგორც შინზო აბემ აღნიშნა, იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა არ მოხდეს ბირთვული იარაღის გავრცელება მსოფლიოში.
იაპონიის ორ ქალაქში, ჰიროსიმასა და ნაგასაკში, 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს, ატომური ბომბი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებული სამეფოს თანხმობით ჩამოაგდო.
იაპონიის კაპიტულაციაში ამ დაბომბვის როლი და საერთოდ მეორე მსოფლიო ომის დროს ბირთვული იარაღის გამოყენების მართლზომიერება იყო და არის კამათის საგანი.
აშშ-ში გავრცელებული შეხედულების თანახმად ბირთვული იარაღის გამოყენებამ ომის დასრულება დააჩქარა. იაპონიაში კი მიიჩნევენ რომ დაბომბვა საჭირო არ იყო და შეგნებულად ასეთი საშინელი ძალის მიყენება მშვიდობიან მოსახლეობაზე უზნეობაა.
1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიამ გამოაცხადა კაპიტულაცია მოკავშირეთა წინაშე და ამით ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.
შედეგად ნაგასაკში 80 000-მდე, ხოლო ჰიროსიმაში 146 000-მდე ადამიანი დაიღუპა.